იუსტიციის მინისტრმა ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

თარიღი: 12 ივნისი 2020
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 78-ე საზოგადოებრივი ცენტრი დაბა ხარაგაულში გახსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ხარაგაულის და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთექვსმეტე იქნება. ცენტრები ფუნქციონირებენ საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულსა და საჩხერეში.

საზოგადოებრივი ცენტრი ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების – ჯაფაროულის, ბაზალეთის, ფარცხნალის, ისლარის,  საღანძილის, ზარანის, დიდვაკის, ღარიხევის, წიფისა და სხვათა – 24 000-ზე მეტ  მცხოვრებს მოემსახურება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ხარაგაულში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ.

შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი.
ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ხარაგაულის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 5 ივნისს საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ხობში გაიხსნა, ხოლო უახლოეს ხანში ანალოგიური საზოგადოებრივი ცენტრები ქალაქ ჭიათურასა და ქალაქ ვანში გაიხსნება.
საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.