იუსტიციის სახლი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და შეზღუდვებს აწესებს

თარიღი: 14 მარტი 2020
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და შეზღუდვებს აწესებს.  კერძოდ, 14 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში შაბათს და კვირას არ იმუშავებს იუსტიცის სახლის არცერთი ფილიალი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში,  შაბათს და კვირას სერვისების დაჩქარებული წესით მიღება შეუძლებელი იქნება.  

ამასთან,  ორშაბათიდან, 16 მარტიდან, თბილისის იუსტიციის სახლში  მოქალაქეებს მზა დოკუმენტის გატანის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ ჯასთ დრაივის სარკმელებიდან (იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა ფლიგელზე, ავტოსადგომის მხარეს). მოქალაქეთა ნავიგაციის გამარტივების მიზნით მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სანავიგაციო მანიშნებლები.  

ასევე, 16 მარტიდან  მუშაობას ერთი კვირით შეაჩერებს  გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი.    

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში დროებით გაუქმდება ბავშვთა სივრცეები, მუშაობას შეწყვეტს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებში მდებარე ჯასთ კაფეები.

მუშაობა დროებით შეჩერდება იუსტიციის სახლის ფილიალებში განთავსებული C ჰეპატიტის სკრინინგის სივრცეებში. 

პირველ აპრილამდე დისტანციურ რეჟიმზე იმუშავებს იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული ნაწილი, ე.წ. ბექ ოფისიც. საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის 108 თანამშრომლიდან დისტანციურად იმუშავებს 55 პირი.  იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დაკისრებული სამუშაოს სახლიდან განხორციელება, იუსტიციის სახლის IT თანამშრომლების, ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის და სმართ ლოჯიქის მიერ მოხდა შიდა დაცული ქსელის (VPN) აწყობა. ეს ხელს შეუწყობს თანამშრომელთა კოორდინირებულ მუშაობას და იუსტიციის სახლის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას.  რაც შეეხება წინა ხაზის თანამშრომლებს, მათი სამუშაო განრიგი შეიცვლება და სამუშაო საათები შემცირდება.

აქვე მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

#StopCoV