იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

თარიღი: 24 დეკემბერი 2019

2019 წლის 24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამას მოწმობს ისიც, რომ 2019 წლის ანგარიშით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები კვლავ პოზიტიურად შეაფასა. აშშ-ის ანგარიშის მიხედვით შეფასებული 198 ქვეყნიდან საქართველო იმ 33 სახელმწიფოს შორის მოხვდა, რომლებმაც ადგილი დაიკავეს პირველ კალათაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის მხოლოდ საქართველო მოხვდა რეიტინგული სკალის უმაღლეს საფეხურზე.

საერთაშორისო ორგანიზაცია „Walk Free Foundation“-ის, რომელიც ყოველწლიურად მონობის გლობალურ ინდექსს (Global Slavery Index) ზომავს, 2019 წლის ანგარიშის („გაზომვა, ქმედება, თავისუფლება“ (Measurement, Action, Freedom)) მიხედვით, საქართველომ 183 ქვეყანას შორის მე-18 ადგილი დაიკავა.
 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო, როგორც დაბალი მშპ-ის მქონე ქვეყანა, გამოირჩევა ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ეფექტიანი ქმედებებით და რეგიონში პირველ ადგილს იკავებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, „ეს წარმატება წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგს, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით“.

საბჭოს წევრებმა სხდომაზე შეაჯამეს საუწყებათაშორისო საბჭოს ფარგლებში გატარებული ღონისძიებები და ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწის მიზნით განსახორციელებელ სამომავლო აქტივობებზე შეთანხმდნენ.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.