ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 13 დეკემბერი 2019
13 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროში ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტების,   ასევე,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ანტიკორუფციული სამდივნოს მიერ შემუშავებული კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის პირველადი ვერსია განიხილეს. ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელებული შეფასების შედეგები საფუძვლად დაედება ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის  შემუშავებას.

კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია განკუთვნილია საჯარო დაწესებულებებისთვის. მეთოდოლოგიის საფუძველზე განისაზღვრება საჯარო უწყებაში შესაძლო კორუფციული რისკფაქტორები და რისკები. კორუფციული რისკების შეფასება წარმატებით  გამოიყენება ინდივიდუალური თუ ორგანიზაციული რისკებისა და რისკფაქტორების გამოსავლენად და  შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს იმ სფეროების იდენტიფიცირება, სადაც ეფექტური რესურსების მიმართვა ეფექტური იქნება რისკების მართვის კუთხით.

მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას − კორუფციული რისკების შეფასების სტანდარტებს, როგორიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის საბჭოს (CoE) გამოცდილება და სხვადასხვა სახელმწიფოს პრაქტიკა (რუმინეთი, ალბანეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები და სლოვენია).

დოკუმენტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვის შემდგომ მეთოდოლოგია დასამტკიცებლად ანტიკორუფციულ საბჭოს წარედგინება.