იუსტიციის სამინისტრომ აჭარის რეგიონში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექციები გამართა

თარიღი: 09 დეკემბერი 2019

 
იუსტიციის სამინისტროში მოქმედი ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ ანტიკორუფციული საბჭოს პარტნიორი უწყებების მონაწილეობითა და „USAID GGI“-ს  მხარდაჭერით აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საჯარო ლექციები გამართა. საუბრის   თემა იყო: „კორუფცია, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“.
იუსტიციის სამინისტროს, საჯარო სამსახურის ბიუროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ანტიკორუფციული პოლიტიკის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე, საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე. საჯარო ლექციების თემა იყო, ასევე,  კორუფციის პრევენცია სახელმწიფო შესყიდვებში.
ანტიკორუფციულმა საბჭომ ამ დღის აღსანიშნავად სტუდენტებთან შეხვედრაც გამართა.
9 დეკემბერი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოველ წელს სხვადასხვა სახის ღონისძიებას მართავს. გასულ წლებში ამ დღეს  გაიმართა ანტიკორუფციული საბჭოს სხდომის მოდელირება სტუდენტების მიერ და საჯარო ლექციები.
 
აღსანიშნავის, რომ 2019 წლის კორუფციის აღქმის საერთაშორისო ინდექსში კორუფციის დაბალი დონით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა. ინდექსის განმსაზღვრელი კრიტერიუმებს შორისაა:
 
  • ბიზნესის ურთიერთობა მთავრობასთან − კრიტერიუმი მოიცავს რეგულაციების სიმარტივესა და ქრთამის მოთხოვნის მოლოდინის არარსებობას კერძო სექტორში; 
  •   ანტიკორუფციული კანონები და აღსრულება;
  •   მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების გამჭვირვალობა.
ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობის კრიტერიუმში აქვს.