​იუსტიციის მინისტრი ერევანში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის რიგით მესამე ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს

თარიღი: 09 დეკემბერი 2019
სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის რიგით მესამე ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას ესწრება ვიცეპრემიერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მასთან ერთად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სამინისტროს რამდენიმე დეპარტამენტისა და სსიპ-ების ხელმძღვანელები იმყოფებიან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. თეა წულუკიანმა სომხეთის იუსტიციის მინისტრ რუსტამ ბადასიანს მადლობა გადაუხადა ღონისძიების მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია, სომეხ კოლეგებს წარმატებული ქართული რეფორმების გამოცდილება გაუზიაროს და მათგანაც მოისმინოს წარმატებებისა და საერთო გამოწვევების შესახებ.
„სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმი ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება იუსტიციის სფეროში და რა მნიშვნელობა აქვს ყოვლისმომცველ დიალოგს სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სფეროში სომხეთისა და საქართველოს სამართლებრივი თანაშრომლობისა და ურთიერთდახმარების პროცესში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სწრაფი ტრანსფორმაცია საარჩევნო დემოკრატიიდან ინსტიტუციურ დემოკრატიამდე, რომელიც ინსტიტუციების ეფექტიანობაზეა დამყარებული. მან ქართული რეფორმების წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში სამართლის უზენაესობის, კორუფციის, დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ბიზნესის ხელშეწყობის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს. საქართველო მზადაა, თავისი გამოცდილება გაუზიაროს ყველა ქვეყანას, რომელიც ამ სურვილს გამოთქვამს.

ფორუმის პირველ სასესიო პანელზე მხარეებმა სასამართლო რეფორმასა და დავების ალტერნატიული მოგვარების თანამედროვე სამართლებრივ მექანიზმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ღია მმართველობასა და სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებზე. სომხური მხარის განსაკუთრებული ინტერესის საგანი საქართველოში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით დანერგილი სერვისები იყო.

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი პირველად 2015 წელს ჩატარდა. ღონისძიების ყოველწლიურად გამართვის თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოში სომხეთის იუსტიციის მინისტრის სტუმრობის დროს იქნა მიღებული. 2015 წლიდან მოყოლებული, ფორუმს საქართველო და სომხეთი მორიგეობით მასპინძლობს.