იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

თარიღი: 29 ნოემბერი 2019

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. ღონისძიებაზე, რომელიც აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებას მიეძღვნა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, აგრეთვე, განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგები განიხილეს. კონფერენცია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზებით და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით გაიმართა.
 

იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოგვიანებით კი, მათ წინაშე მოხსენებით წარდგა. თეა წულუკიანის თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან სწრაფი ნაბიჯები გადადგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროს განვითარებისათვის და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს გვერდით ყოველთვის იყვნენ ევროპელი პარტნიორები. თეა წულუკიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს, და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ბატონ ღასან ხალილს.
 

„ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ხოლო მათ უფლებებს − განსაკუთრებული დაცვა. ბავშვის უფლების დაცვა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს მაშინ, როდესაც ბავშვი ხვდება მართლმსაჯულების სისტემაში. საქართველომ უკანასკნელ წლებში შეძლო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფერო გარდაექმნა თანამედროვე ევროპული ტიპის სისტემად, სადაც მთავარი და ძირითადი პრიორიტეტი ბავშვის საუკეთესო ინტერესებია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
 

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა 2015 წელს შექმნილ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციურ კოდექსზე, რომლის მიზანია, ციხის და სადამსჯელო მექანიზმების სანაცვლოდ, არასრულწლოვანს შესთავაზოს ქცევის შეცვლასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული მიდგომები; აგრეთვე, განრიდებასა და მედიაციის პროგრამებზე, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აძლევს საშუალებას, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს ალტერნატიული ფორმით და განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის გარეშე.
 

თეა წულუკიანმა ისაუბრა ამ სფეროში დღეს მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებზეც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები სახეზეა და მათ აღნიშნავენ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ, მაინც არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც სახელმწიფო მუშაობს. განსაკუთრებით, ეს ეხება არასრულწლოვნების სასჯელის აღსრულების პირობებს. იუსტიციის მინისტრის თქმით, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სხვადასხვა რისკისა და განსხვავებული სამომავლო გეგმების მქონე ბავშვები ერთად არ უნდა იხდიდნენ სასჯელს. ამიტომ დაწყებულია მუშაობა, რათა შეიქმნას მცირე საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულება, სადაც ერთი და იმავე რისკისა და მისწრაფების მქონე ათიოდე ბავშვი განთავსდება და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდის. ასეთი მიდგომა ინოვაციურია ევროპის მოწინავე ქვეყნებისთვისაც კი. მსგავსი ტიპის ციხე მხოლოდ ჰააგაში ფუნქციონირებს და მხოლოდ საპილოტო რეჟიმში. იუსტიციის სამინისტრო უკვე სწავლობს ნიდერლანდების გამოცდილებას ამ მიმართულებით.

იუსტიციის მინისტრმა ბავშვთა დანაშაულის პრევენციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესებაა. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეფერირების ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
 

„14 წლამდე მოზარდები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, მოხვდებიან არა მართლმსაჯულების სისტემაში, არამედ ისეთ სივრცეში, სადაც მათ ექნებათ საშუალება, მიიღონ საჭირო სერვისები, და დანაშაულზე პასუხი იქნება არა დასჯა, არამედ რეაბილიტაცია, მათი განვითარების ხელშეწყობა და ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღებაში ხელშეწყობა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
 

ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ გამორჩეული პროფესიონალები დააჯილდოვეს. ჯილდოები გადაეცათ პროკურორებს, სოციალურ მუშაკებსა და მედიატორებს.
 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი; საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე; გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი და ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი. ღონისძიების მონაწილეებს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავზე და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ სიტყვით მიმართეს ქალბატონმა მინისტრმა, ბატონმა ღასან ხალილმა და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა რენატე ვინტერმა.