პრევენციის ეროვნული მექანიზმის 10 წლისთავი − გოჩა ლორთქიფანიძე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

თარიღი: 16 ოქტომბერი 2019

 
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე პრევენციის ეროვნული მექანიზმების დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
 
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ეფექტური ნაბიჯები, პენიტენციური სისტემის რეფორმის ახალი ტალღა − ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც მინისტრის მოადგილემ კონფერენციაზე ისაუბრა.  
 
როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეფექტიანი მიდგომების შემუშავებაა. მისივე თქმით, ამ მხრივ ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია, რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოების ანგარიშებიც  მოწმობს.   
 
მინისტრის მოადგილემ უწყებების გაერთიანების შემდეგ პენიტენციური სისტემის რეფორმის ახალი ტალღის შესახებაც ისაუბრა.
 
„ჩვენ მიზნად დავისახეთ პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში ისეთი რეფორმის გატარება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სასჯელის აღსრულების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და მიმართული იქნება თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვისაკენ, ასევე, თანამშრომლებისა და, ზოგადად, სისტემების ორგანიზაციული გაძლიერებისკენ“, − აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.
 
მინისტრის მოადგილის თქმით,  ის სტანდარტი, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავითარებს პენიტენციურ სისტემაში, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
 
გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებებს შორის თანამშრომლობის მაღალ ხარისხზეც ისაუბრა. მისი განცხადებით,  იუსტიციის სამინისტრო, როგორც წამებასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელი უწყება, ყოველთვის  განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს და მათ სამოქმედო გეგმების შემუშავებისას ითვალისწინებს.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.