საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთისაგან კომპენსაცია მოითხოვა

თარიღი: 03 ივლისი 2015
2015 წლის 2 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა.

მითითებული დოკუმენტი ეფუძნება 2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც ქართველების უფლებების დარღვევების არაერთი ფაქტი დადგინდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ  2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რის შედეგადაც რუსეთიდან გამოაძევეს 4,634 ქართველი, რითაც მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მე-4 მუხლი. სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ 2,380 ქართველი იყო უკანონოდ დაკავებული რუსეთში და გამოძევებული ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5(1),(4) მუხლების დარღვევით, ხოლო დაკავებულებიდან სამი ქართველი დაიღუპა პატიმრობისას. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის არ იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-3, მე-5 (1), (4) მუხლებთან და მეოთხე  ოქმის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში.

აღნიშნული დარღვევების დადგენით რუსეთს წარმოეშვა სამართლებრივი ვალდებულება, საქართველოს გადაუხადოს კომპენსაცია ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევისთვის.

კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს დაევალათ წერილობითი მოსაზრებების წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

2014 წლის 3 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და, როგორც შუამავალს, სთხოვა დახმარება რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან სტრასბურგის სასამართლოს შენობაში მოლაპარაკებების წარმოებაში. პასუხად, საქართველოს მთავრობას ეცნობა, რომ  მოლაპარაკებების პროცესში სასამართლოს ჩართულობა მიზანშეწონილი იქნებოდა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მხარეები სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ პოზიციებს კომპენსაციის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რუსეთის იუსტიციის სამინისტროდან სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით არავითარი დოკუმენტაცია ან პოზიცია არ შემოსულა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლოს ინსტრუქციის შესაბამისად და რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შეუძლებლობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა წერილობითი მოსაზრებები კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე.

განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან 70,320,000 ევროს ითხოვს. ეს ოდენობა ეფუძნება მსგავს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს და განსაზღვრავს შემდგომ პროცედურასა და მხარეების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს. სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით უნდა მიიღოს საქართველომ რუსეთის პოზიციაც, რომელიც მას სასამართლოსთვის უნდა წარედგინა, ასევე, 12 თვის ვადაში.