საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი შეიქმნება

თარიღი: 20 ოქტომბერი 2014
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხზე იმსჯელეს. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრას, საბჭოს წევრების გარდა, ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრის (EMCDDA) დელეგაცია დაესწრო. მისმა წარმომადგენლებმა საკოორდინაციო საბჭოს წევრებს პრაქტიკული რჩევები მიაწოდეს, რომლებიც საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრის შექმნის პროცესში გათვალისწინებული იქნება.
 
ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ფუნქცია საქართველოში არსებულ ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების  დანერგვა, საერთაშორისო  დონეზე  შესაბამის  ორგანიზაციებთან  ინფორმაციის  გაცვლა  და  ანგარიშგების წარმოება იქნება.

ამ ტიპის ცენტრის ფუნქციონირება  დაბალანსებული, გამჭვირვალე და თანამედროვე ანტინარკოტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტია. ნარკომანიის მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგითა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებაცაა.

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნით საქართველო უზრუნველყოფს ნარკოვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებას, მათ ანალიზს, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სააგენტოსთან ((EMCDDA). 2014 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა „EMCDDA“-ში (ლისაბონში), სადაც დეტალურად იქნა განხილული საქართველოში არსებული ნარკოვითარება, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოები და მათი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. შეხვედრის დროს, აგრეთვე, განისაზღვრა საქართველოსა და „EMCDDA“-ს შემდგომი თანამშრომლობის ფორმები.