მთავრობამ ადამიანის უფლებათა საკითხებში ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა

თარიღი: 13 თებერვალი 2014
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილს სკოტმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა  სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამარბერგმა მიმართეს.
 
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მთავრობისათვის ეკონომიკური კეთილდღეობის შემდეგ მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა.
 
„უწყებათაშორისმა საბჭომ თვეების მანძილზე ინტენსიურად იმუშავა. სტრატეგიას პირადი მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა.  თომას ჰამარბერგმა კი, ობიექტური მრჩევლის როლი ითამაშა. ამ სტრატეგიის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. მთავრობის პრიორიტეტია ეკონომიკური კეთილდღეობა, მაგრამ არანაკლებ პრიორიტეტულია ადამიანის უფლებები. ჩვენ ის გუნდი ვართ, ვინც ადამიანის უფლებებისთვის ჯერ კიდევ ოპოზიციიდან იბრძოდა. ჩვენს გუნდში არიან ადვოკატები, რომლებიც სტრასბურგში ასაჩივრებდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის თვალსაჩინო საქმეებს. ადამიანის ევროპული კონვენციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებების დაცვა ჩვენს ძალოვანებს სახელმძღვანელოდ აქვთ.  ჩვენ გვაქვს წარსულში ბევრი ცუდი მაგალითი იმისა, თუ როგორ ირღვეოდა ციხეებში. დღეს ჩვენი მთავრობის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ თუკი ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სტრასბურგის სასამართლოში პატიმრების 10– დან 20 –მდე საჩივრის განხილვა იყო, რასაც იმ დღესვე ვიხილვადით და მთავრობას მივუთითებდით, რომ შედით ციხეებში და მედიკმანტები მიეცით პატიმარს, დღეს არცერთი საჩივარი სტრასბურგში აღარ შედის. ადამიანის უფლებები ქვეყანაში ბოლომდე არ არის დაცული, თუმცა პრემიერი მზადაა უფლებების დაცვა საკუთარ პრიორიტეტად აქციოს“,– აღნიშნა წულუკიანმა. 
 
 
შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიული გეგმის შესახებ პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ გამართა.
 
სამოქმედო გეგმაში  დეტალურადაა გაწერილი მთავრობის საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2014-2015 წლებში.
 
სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა კატეგორიის უფლებებს როგორც ფიზიკური და პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, ისე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურს. შეხვედრაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო  სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის მექანიზმები. 

სამოქმედო გეგმას ადამიანის უფლებათა საკითხებში  საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. სამოქმედო გეგმა მოიაზრება როგორც მოქნილი, მუდმივად განახლებადი დოკუმენტი. 
 
ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება 2013 წლის დეკემბერში დაიწყო. საკონსულტაციო პროცესში  სამთავრობო სტრუქტურები, პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ. 
 
კონფერენცია  საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ხელშეწყობით გაიმართა.