თეა წულუკიანი: „ჩვენ შევქმენით მექანიზმი, რომელიც ყველა მომდევნო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს“

თარიღი: 13 თებერვალი 2014
იუსტიციის მინისტრმა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის“ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ანგარიში კიდევ ერთხელ წარადგინა.   ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რომელთა საშუალებითაც კომისიამ შეძლო, უზრუნველეყო არჩევნების უპრეცედენტოდ თავისუფალ გარემოში ჩატარება. იუსტიციის მინისტრმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ შექმნა ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც არამარტო საპრეზიდენტო, არამედ ყველა შემდგომ არჩევნებზე ყველა მომდევნო ხელისუფლებას გამოადგება.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში   საჯარო მოხელეების ქცევის ინსტრუქცია, რომელიც ყველა სამინისტრომ სავალდებულო დოკუმენტად აქცია. ყველა საჯარო უწყებაში, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, უკვე არსებობს საჯარო მოხელეთა ქცევის წესები საარჩევნო და წინასაარჩევნო პერიოდში. იმჟამინდელმა შს მინისტრმა და დღევანდელმა პრემიერმა კი ეს ინსტრუქცია ბრძანების ხარისხში აიყვანა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისიის ცხელ ხაზზე ძალადობასთან დაკავშირებით არცერთი ზარი არ შემოსულა.  

თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში  მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის ხელშეწყობით ჩატარდა.