ალექსანდრე ბარამიძე: „კანონმდებლობა ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდეს ცხოვრებას“

თარიღი: 13 თებერვალი 2014
13 თებერვალს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიება ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტს მიეძღვნა. მრგვალ მაგიდას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.  მრგვალი მაგიდის მხარდამჭერია ფონდი „ღია  საზოგადოება – საქართველო“.
 
დისკუსიის მონაწილეებმა  ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე მუშაობის პროცესი განიხილეს, მის კონცეფციაზე იმსჯელეს და ძირითადი პრობლემური საკითხები განსაზღვრეს.
 
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები შესაძლოა, კიდევ დაიხვეწოს:

„ცხოვრება წინ მიდის და კანონმდებლობა ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდეს მას. არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოითხოვს დაკონკრეტებას. მაგალითად, რა არის ინფორმაციის დამუშავება, რა არის საჯარო ინფორმაცია − შესაძლებელია, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაიხვეწოს. შარშან საქართველოს მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების, საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიღების კუთხით. ეს რევოლუციური ნაბიჯებია. შეიძლება სხვა სიახლეებზეც ფიქრი და ამ საკითხებზე ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
 
დღესდღეობით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტშია გაბნეული, რაც, მათი აღსრულების თვალსაზრისით, გარკვეულ სირთულეებს წარმოქმნის. სპეციალური კანონის მიღება საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმების ერთ ნორმატიულ აქტში თავმოყრას ითვალისწინებს,  რაც მთავრობას, არასამთავრობო სექტორსა და მთელ საზოგადოებას ღია და ანგარიშვალდებული სახელმწიფო აპარატის განვითარებაში დაეხმარება. სპეციალური კანონი კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს მთავრობის ღიაობისა და საჯარო მმართველობის პოლიტიკას და გაამარტივებს პროფესიონალთა მუშაობას ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე.

კანონის შემუშავებას კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო გაუწევს. პროცესი არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება. ამისათვის შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონსულტაციების საფუძველზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავებს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ ნორმებს.

კანონპროექტის პირველად ვერსიას იუსტიციის სამინისტრო 2014 წლის შემოდგომაზე წარადგენს.