იუსტიციის მინისტრი თომას ჰამარბერგს შეხვდა

თარიღი: 11 თებერვალი 2014
 
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველ თომას ჰამარბერგს  შეხვდა.
 
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია იყო, რომელზეც მთავრობა მუშაობს და განსახილველად მომავალში პარლამენტს წარედგინება.
 
მინისტრის განმარტებით, თომას ჰამარბერგის რჩევები და დახმარება უმნიშვნელოვანესია  მთავრობისათვის და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე.  
 
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს რჩევა დაგვეხმარება იმ რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებიც ამ ხელშეკრულების ხელმოწერისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სტრატეგიაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს როგორც სახელმძღვანელო. დიდი იმედი მაქვს, რომ  მას ერთხმად  დაამტკიცებს პარლამენტი და  საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას. უნდა დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა ისე, რომ ის შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებები უნდა იყოს მთავრობისა და ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი სხვა დანარჩენ პრიორიტეტებთან ერთად, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა“, − განაცხადა მინისტრმა.
 
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველ თომას ჰამარბერგის განმარტებით, მან იუსტიციის მინისტრთან ერთად დეტალურად  განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა და მისი ძირითადი პრინციპები. საუბარი შეეხო სამოქმედო გეგმის იმ დეტალებს, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.  როგორც თომას ჰამარბერგმა აღნიშნა, ის ამ სტრატეგიის განხორციელების საკითხს  ოპტიმისტურად უყურებს.