იუსტიციის მინისტრმა სასამართლო რეფორმის წარმატებით დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა

თარიღი: 06 თებერვალი 2014
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ეტაპი რიგითი მოსამართლეების დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა იქნება, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მიმდინარე წელს სასამართლო რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში იმუშავებს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიერ სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა ნათლად უჩვენებს, რომ მოსამართლეების მხრიდან ამ საქმეთა განხილვა არასათანადოდ ხდებოდა; ეს კი ყველაზე მეტად სისხლის სამართლის მოსამართლეებს ეხებათ. ამიტომ საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დამოუკიდებელი მოსამართლის ინსტიტუტის ჩამოყალიბება რჩება.

„ჩვენ თვეების განმავლობაში ვიმუშავეთ ევროპის საბჭოსა და მის გენერალურ მდივანთან; შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებების სფეროში, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეს სასამართლო რაიმე ტიპის ზეწოლისგან“, − განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული რეფორმის პირველი ეტაპის შედეგად სასამართლო თავისუფალია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, პარლამენტისგან, მაგრამ  ინდივიდუალური მოსამართლე ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი თავისი ხელმძღვანელისგან და მასთან უწევს კონკრეტული საქმეების შესახებ გადაწყვეტილების შეთანხმება. ამდენად, სასამართლო რეფორმის მეორე ტალღა სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრისაკენ იქნება მიმართული.

„რეფორმის მეორე ტალღა  წელს ჩატარდება ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს აქტიური ხელშეწყობით, რათა მოსამართლე, რომელიც რეალურად არის სასამართლო ხელისუფლების საყრდენი, ინდივიდუალურად გაძლიერდეს და გახდეს დამოუკიდებელი... მაგალითად, ავტომატურ რეჟიმში მოხდეს მათთვის საქმეების განაწილება და ბატონი კუბლაშვილის გადასაწყვეტი არ იყოს, რომელმა მოსამართლემ რომელი საქმე განიხილოს;  წერტილი დაესვას იმ ტრადიციას, რომ არასასურველი, ანუ დამოუკიდებელი, მოსამართლეები  გააგზავნონ რაიონში ისე, რომ მივლინებაში წასვლის აუცილებლობა არ იყოს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ ამ დეტალებს მოსამართლის რეალური თავისუფლებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 
 
თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასამართლო რეფორმის მეორე ეტაპი პირდაპირაა გათვალისწინებული ევროსაბჭოსთან სამოქმედო გეგმაში. მისი თქმით, 2014 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსათვის, რადგან უამრავი სხვა სასიკეთო ცვლილებაც იგეგმება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. სიახლეები შეეხება როგორც უმრავლესობისა და უმცირესობის უფლებებს, ისე სხვა  საკითხებს.