ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ერთწლიანი შედეგების პრეზენტაცია

თარიღი: 14 ნოემბერი 2013
14 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ერთწლიანი შედეგებისა და სოციალური კამპანია „შეცვალე სცენარის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა იუსტიციის სამინისტრომ თეა წულუკიანის ინიციატივით 2012 წლიდან დაიწყო. საყოველთაო ამნისტიის პირობებში ეს იყო პირველი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფომ ციხიდან გამოსულ პირებს დახმარება შესთავაზა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით და მისცა მათ შანსი, ეგრძნოთ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. პროგრამას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი“. პროგრამის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმები სამთავრობო სტრუქტურებთან, სასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საწყისი ეტაპიდანვე პროექტის პარტნიორი და აქტიური მხარდამჭერია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

იუსტიციის სამინისტროს პროგრამით უკვე ისარგებლა 800-მდე ყოფილმა პატიმარმა. ბენეფიციარები ჩაერთვნენ როგორც  საგანმანათლებლო აქტივობებში, ისე 18 სხვადასხვა დასახელების კურსში, დასაქმდა 60-ზე მეტი პირი. პროგრამა ბენეფიციარებს დაეხმარა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, თავშესაფრის მოძებნაში.

გარდა ერთწლიანი შედეგების შეფასებისა, ღონისძიებაზე პროექტის მხარდასაჭერად დაგეგმილი სოციალური კამპანია „შეცვალე სცენარის“ პრეზენტაციაც მოეწყო. ვიდეორგოლი სატელევიზიო და ინტერნეტგანთავსებისათვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „Saatchi & Saatchi Tbilisi“- მ დაამზადა.

 ინტერნეტში განთავსებული ვიდეორგოლი ინტერაქტიულია. ის საშუალებას აძლევს მაყურებელს, მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო სცენარიდან ერთ-ერთი აირჩიოს და გადაწყვიტოს ყოფილი პატიმრის მომავალი − ისევ საპატიმროში დაბრუნება ან საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში.
 
იუსტიციის სამინისტროს მიერ წამოწყებული სოციალური კამპანიის მიზანი ყოფილი პატიმრების პრობლემის მოგვარებაში საზოგადოების სხვადასხვა ფენის ჩართვაა, რათა არ მოხდეს ამ პირთა დისკრიმინაცია და მათი უფლებები სრულად იყოს დაცული.