იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია გამართა

თარიღი: 11 ნოემბერი 2013
 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების ცვლილებებისა და დამატებების პროექტების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები; ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სამართლის სფეროში მოღვაწე პროფესორები თსუ-ს, საქართველოსა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტების აკადემიური წრეებიდან.
ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.  

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ სტუმრებს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები წარუდგინა, რომლებიც ახლებურად დაარეგულირებს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს ქართულ კანონმდებლობაში. ცვლილებების თანახმად,  საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელი იქნება პროკურატურის მხრიდან პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა;  გამჭვირვალე ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინმსწრები მოლაპარაკების პროცესი; ამასთან, იზრდება მასზე სასამართლოს კონტროლი.

ცვლილებების მიხედვით, დაზარალებულთა  უფლებრივი მდგომარეობა უმჯობესდება.  ცვლილებების შედეგად დაზარალებულს ექნება უფლება, იყოს ინფორმირებული საქმის მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს საქმის მასალებს, თუკი ეს  არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, სასამართლოში გაასაჩივრონ პროკურორის უარი დაზარალებულად ცნობაზე, აგრეთვე, მისი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე დევნის არდაწყების/დევნის შეწყვეტის შესახებ.

მასთან, ცვლილებების თანახმად, სასჯელის გადავადებაზე უარის თქმის პროცედურები რთულდება; შემოდის გადავადებაზე უარის თქმის  გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობა.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. პრეზენტაციის მონაწილეებმა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის  წარმომადგენლებს თავიანთი შენიშვნები და წინადადები გააცნეს.

სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შესატანი ცვლილებები მთლიანად შეესაბამება ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ევროკავშირის 2012 წლის დირექტივის დებულებებს. ცვლილებათა მიზანი ქართული კანონმდებლობის დასავლურ სტანდარტთან მიახლოებაა.