აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ ახალგაზრდებს სასჯელი შეუმსუბუქა

თარიღი: 03 აპრილი 2010

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სამი ბრალდებული საკუთარ ოჯახებში შეხვდება. გიორგი გოგუაძე ,გიორგი სალუქვაძეს და ფრიდონ ქარაულს ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიებების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დამნაშავეები აღიარებდნენ და ინანიებდნენ დანაშაულს. არც ერთი მათგანი წარსულში არ იყო ნასამართლევი, ხასიათდებოდნენ დადებითად და ბრალდებულებმა მატერიალური მდგომარეობის გამო ფულადი თანხის გადახდა ვერ შეძლეს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულებისათვის ჯარიმის გარეშე პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე.

სასამართლომ დაამტკიცა აღნიშნული საპროცესო შეთანხმება და გიორგი გოგუაძეს, გიორგი სალუქვაძეს და ფრიდონ ქარაულს ჯარიმის გარეშე განუსაზღვრა პირობითი სასჯელი.

ახალგაზრდებს პატიმრობიდან გათავისუფლება მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ პირადად მიულოცა.

ბრალდებულებთან აღნიშნული პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბრალიზაციის კიდევ ერთი შედეგია, აღნიშნული ინიციატივით პროკურატურა 2010 წლის იანვარში გამოვიდა.