პროკურორებმა სურამის ბავშვთა სახლს სააღდგომო საჩუქრები ჩაუტანეს

თარიღი: 02 აპრილი 2010

საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები დღეს სურამის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში  სააღდგომოდ პროკურორებმა  მოზარდებს ტკბილეულობა, პასკა და წითელი კვერცხები ჩაუტანეს. სურამის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლის მსგავსად პროკურატურა უკვე რამდენიმე წელია სხვა დაწესებულებებსაც  ეხმარება.
 
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დათო საყვარელიძის განცხადებით,  პროკურატურას რამდენიმე ბავშვთა სახლზე აღებული გვაქვს პატრონაჟი. “ვცდილობთ მცირედი საჩუქრებით და სიურპრიზებით მშობლების მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებს გავულამაზოთ ყოველი დღესასწაული და გავახაროთ ისინი. მითუმეტეს, რომ არასწრულწლოვნები პროკურატურის განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არიან, ჩვენი მიზანია მოზარდებთან აქტიური კონტაქტი, რათა ისინი მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული დანაშაულის საფრთხეების შესახებ.”

სურამის ბავშვთა სახლის დირექტორის  მევლუდ გოგოლაძის  განცხადებით, “დღეს განსაკუთრებული დღეა ქრისტიანებისთვის - წითელი პარასკევია, აღდგომას ველოდებით, ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, რომ ასეთი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. პროკურატურის თანამშრომელთა სტუმრობამ დაადასტურა, რომ ისინი ყურადღების ქვეშ არიან, არ გრძნობენ თავს განმარტოვებულად და მიტოვებულად.”

საქველმოქმედო აქცია პროექტ “საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში განხორციელდა.