დანაშაულის სოციოლოგიური კვლევისთვის ტრენინგი ჩატარდა

თარიღი: 02 აპრილი 2010

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „გორბი" საქართველოში დანაშაულის სოციოლოგიურ  კვლევას ატარებს. პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  კვლევა  შეეხება დაფარულ დანაშაულს, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების  სისტემისა და ზოგიერთი დანაშაულისათვის გამოყენებული სასჯელებისადმი.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და კომპანია „გორბის" მიერ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა სოციოლოგიური კვლევის კითხვარი. გამოკითხვის დაწყებამდე ინტერვიუერებს ჩაუტარდათ ტრეინინგი, ისინი დეტალურად გაეცნენ კითხვარს და  კონკრეტული სოციოლოგიური გამოკითხვის სპეციფიკას. ტრენინგების დასრულების შემდგომ დაიწყება სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის დასრულებაც მაისის შუა რიცხვებში იგეგმება. გამოკითხვის შედეგები იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი.
დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა გულისხმობს შემთხვევითობის საფუძველზე შერჩეულ 3000 რესპოდენტთან პირისპირ გასაუბრების ჩატარებას (რაოდენობრივი კვლევა) საქართველოს ყველა რეგიონში, რეგიონის მოსახლეობის პროპორციის გათვალისწინებით. რესპოდენტთა ეს რიცხვი შეესაბამება ევროპის ქვეყნებში მსგავსი კვლევების განხორციელების სტანდარტს.

დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა ამგვარი მასშტაბის პირველი მეცნიერული კვლევითი პროექტია საქართველოში.

დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა რეგულარულად უნდა ჩატარდეს ყოველი წლის ბოლოს. ეს საშუალებას მოგვცემს, გავარკვიოთ დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, დანაშაულის/უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულება, დანაშაულის ტენდენციები და რეგისტრირებული დანაშაულის/გხსნის მაჩვენებელის დონე გრძელვადიან პერსპექტივაში.