სისხლის სამართლის წესით იურიდიული პირებიც დაისჯებიან

თარიღი: 30 ნოემბერი 2004

საქართველოს იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი 1 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაიტანს ანტიკორუფციულ ღონისძიებათა ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე რვა კანონპროექტს.
საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს იურიდიული პირების სისხლის სამართლის წესით დასჯის მექანიზმს, რეკეტულ საქმიანობაში მონაწილეობის კრიმინალიზაციას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის საკანონმდებლო მექანიზმს და სიახლეს სამოხელეო კორუფციული დანაშაულის სფეროში.
გათვალისწინებულია რამდენიმე სიახლე სისხლის სამართლის კოდექსში, რაც ძირითადად განპირობებულია იმ საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებით, რომელთა მონაწილეც საქართველოა ან რომელთა ხელმოწერასა და რატიფიცირებას აპირებს ჩვენი სახელმწიფო.
იურიდიული პირის დასჯას დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებობა არ ითვალისწინებს, თუმცა თანამედროვე სამართალწარმოების პრაქტიკაში არცთუ იშვიათია ისეთი დანაშაულები, რომელიც ჩადენილია ამა თუ იმ იურიდიული პირის სასარგებლოდ ან იურიდიული პირის გამოყენებით. იურიდიული პირები ხშირად ჩართულნი არიან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, ტერორისტული და დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობაში, ტრეფიკინგში და ა.შ.
სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის საგნის ანდა საშუალების, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასჯელის სახით ჩამოყალიბდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად არის მიჩნეული ძველი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის სახე „ქონების კონფისკაცია". წარმოდგენილი პროექტით შემოთავაზებული სასჯელის სახე „ქონების ჩამორთმევა" სრულიად განსხვავება არაკონსტიტუციურად მიჩნეული სასჯელის სახისაგან. არაკონსტიტუციური დებულება ითვალისწინებდა პირის მთლიანი ქონების კონფისკაციას განურჩევლად ამ ქონების დანაშაულთან შემხებლობისა. შემოთავაზებული პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ დანაშაულის საგნისა და საშუალების, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთისა და ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას. ამასთან, სანქციის მიზანს წარმოადგენს არა პირის დასჯა, არამედ საზოგადოებრივი ინტერესი, რაც გამოიხატება დამნაშავისათვის მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული თუ ამით მიღებული ქონების კვლავ დანაშაულებრივი მიზნებისათვის გამოყენების აღკვეთაში.
1999 წლის 27 იანვრის „კორუფციაზე სისხლის სამართლის ევროპული კონვენციიდან" გამომდინარე, მნიშვნელოვანი ცვლილებებია გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის სფეროში. ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე (ქრთამის აღება), 339-ე (ქრთამის მიცემა) მუხლებში და კოდექსს ემატება სრულიად ახალი, 3391 მუხლი (კორუფციული ზემოქმედება).
პროექტის მიხედვით, ქრთამის აღება და მიცემა შეიძლება გამოიხატოს, არა მარტო ფულისა თუ ქონების, არამედ ნებისმიერი ეკონომიკური ინტერესის ფორმით. გარდა ამისა, დასჯადად ცხადდება ასევე პირის მიერ, თავისი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება იმ პირისათვის, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზემოქმედების მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზემოქმედება ან მიღებულია თუ არა ამ ზემოქმედებით სასურველი შედეგი.
პროექტის მიხედვით, მნიშვნელოვანწილად იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა სამოხელეო დანაშაულებისათვის.