იუსტიციის მინისტრი: „კვირის ბოლოსთვის საჯარო სერვისების გაცემა, პრაქტიკულად, სრულად გადავა დისტანციურ რეჟიმზე“

თარიღი: 06 აპრილი 2020
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების მიერ საჯარო სერვისების მიწოდების აღდგენის შესახებ გააკეთა განცხადება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით,  დროებითი სანოტარო ბიუროები თბილისის შემდეგ ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც მოეწყო.

„დღეს დილიდან თბილისში უკვე გვაქვს სამი სხვადასხვა ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სანოტარო მომსახურება – ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის №2-ში, ეროვნული არქივის შენობა და იუსტიციის სახლში განთავსებული ქორწინების სახლი. სანოტარო საქმიანობები, ასევე, ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში, თითო ლოკაციაზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, რა ტემპითაც ნოტარიუსები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას შეძლებენ, ამის შესაბამისად გაიცემა იუსტიციის სამინისტროს თანხმობა, რომ უფრო მეტი სანოტარო მომსახურების დროებითი სივრცე გაჩნდეს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მუშაობას ხვალიდან განაახლებს ეროვნული არქივი, ოთხშაბათიდან კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურებაც ხელმისაწვდომი იქნება.

„ხვალიდან დისტანციურ რეჟიმში განაახლებს მუშაობას ეროვნული არქივი, ხოლო ოთხშაბათს ელექტრონულ მომსახურებას აღადგენენ სამოქალაქო და საჯარო რეესტრები, რის შესახებაც დეტალებს ხვალ მოგახსენებთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, კვირის ბოლოსთვის შეგვეძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში საჯარო სერვისების გაცემა შეჩერებული არ არის და ეს მოდელი, პრაქტიკულად, მთლიანად დისტანციურია.