2007 წელს წამების, არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, მათ შორის შესაბამისი რეფორმების მონიტორინგის სრულყოფისა და კოორდინაციისათვის, პრეზიდენტის №369 ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. 2009 წლის 27 ნოემბერს ბრძანებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის, კოორდინაციასა და საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის №1151 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა საბჭოს დებულებაში, რომლის მიხედვითაც საბჭოს წევრები განისაზღვრნენ თანამდებობით. მოგვიანებით კი, 2014 წლის მაისში განახლდა საბჭოს შემადგენლობა საქართვლოს მთავრობის №341 დადგენილებით, რომელშიც 2017 წლის იანვარში ასევე შევიდა ცვლილებები მთავრობის №13 დადგენილებით.

ადამიანთა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო სამთავრობო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან შემდგარ უწყებათაშორის მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის მიზნით ზომების გაძლიერებასა და ამ მიმართულებით თანმიმდევრული და ყოვლისმომცველი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას. 

საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი.

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

- წამების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება, იმპლემენტაციის მონიტორინგი და საქართველოს მთავრობისათვის რეკომენდაციების წარდგენა;
- წამების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი;
- წამების წინააღმდეგ ბრძოლის, წამების მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

საკოორდინაციო საბჭოს  მოქმედების პრიორიტეტული მიმართულებებია:

- წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია;
- წამების მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია;
- სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების განვითარება წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეების გამოვლენასა და გამოძიებასთან მიმართებით;
- სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის ფარგლებში შემუშავდა 2008-2009, 2011-2013, 2015-2016, 2017-2018 და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმები. 

2019 წლის 17 მაისს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელიც სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა. 

2019-2020 წლების წამებასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა 4 მთავარ მიმართულებას მოიცავს:

- არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება; 
- არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა; 
- არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია;
- არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;
 

წამებასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის ოქმი (18.05.2015)

უწყებათაშორისი საბჭოს დებულება

2008-2009 წლების სამოქმედო გეგმა

სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში (2008 წლის 12 ივნისი - 2009 წლის 31 ივლისი)

სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში (საანგარიშო პერიოდი -2008 წ. 12 ივნისი – 2009 წ. 31 დეკემბერი)

არასათანადო მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ  ბრძოლის 2011- 2013 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში

ანგარიში (საანგარიშო პერიოდი - 2010 - 2011 წწ. ივნისი)



2015-2016 წწ. სამოქმედო გეგმა

2017-2018 წწ. სამოქმედო გეგმა 

2019-2020 წწ. სამოქმედო გეგმა