თარიღი: 01.04.2024

პროექტი იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმავონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმების დაგეგმვა-განხორციელებაში.

ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA“-ს პირველ ნაკადში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩევა ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 30 სტუდენტი. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ ჩაერთონ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში;

კლუბი „YOUTHTITIA“ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წარადგინა. მინისტრმა ისაუბრა ახალგაზრდული პლატფორმის მნიშვნელობაზე, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი იურისტებისთვის საკუთარ პროფესიასთან უშუალო შეხების მნიშვნელობაზე. რატი ბრეგაძემ წარმატებები უსურვა პროექტის მომავალ მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ უწყების მიერ შეთავაზებული ეს პლატფორმა მათი მომავალი პროფესიისთვის საუკეთესო სტარტი გახდება.

ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული პლატფორმის მნიშვნელობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმაც გაუსვა ხაზი. გიორგი ამილახვარმა წარმატებები უსურვა სამინისტროსა და კლუბის მომავალ წევრებს.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, თბილისისა და რეგიონების ავტორიზებული უნივერსიტეტების რექტორები, სამართლის ფაკულტეტის დეკანები და სტუდენტები.

მათ სიმბოლურად ხელმოწერებით დაადასტურეს კლუბ „YOUTHTITIA“-ში ჩართულობის მზაობა.

ახალგაზრდულ კლუბში სტუდენტების შერჩევისა და კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კლუბის ოფიციალურ facebook გვერდზე.