ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი , 2023
გაზიარება

საქართველოს დელეგაცია უნგრეთში სახელმწიფო სერვისების გაცემის სპეციფიკას გაეცნო

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და მოადგილე ბექა ძამაშვილმა უნგრეთის სახელმწიფოს სერვისების გაცემის ცენტრი მოინახულეს.

ქართულმა მხარემ მასპინძლებს სერვისების გაცემის ქართული გამოცდილება გაუზიარა. საუბარი შეეხო იუსტიციის სახლების კონცეფციას, მობილური იუსტიციის სახლის ინოვაციურ პროექტსა და იუსტიციის სახლების მუშაობას პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მსჯავრდებულებისათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის.

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში დღეს დაიწყო. რატი ბრეგაძემ უკვე გამართა შეხვედრა უნგრელ კოლეგასთან. ხვალ ქართული დელეგაცია უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და უნგრეთის შს მინისტრს შეხვდება; დაგეგმილია, აგრეთვე, ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნების შემდეგ პირველი სხდომა გამართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია კენჭისყრის დღეს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. მომხსენებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე იყო. მან დეტალურად ისაუბრა ხმის მიცემის ფარულობის, ვერიფიკაციის სისტემის გამართულობის, მარკირების წესების დაცვის, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის, სხვის ნაცვლად და განმეორებით ხმის მიცემის შეუძლებლობისა და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სხდომაზე, ასევე, მოისმინეს მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების თაობაზე.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები; საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. მას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

კომისია მუშაობას ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ დაასრულებს.

გაზიარება
ბეჭდვა

თერჯოლაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. იუსტიციის სახლის 123-ე ფილიალი თერჯოლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

თერჯოლის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის 500-ზე მეტ სერვისს. აქვე განთავსებულია სპეციალური სივრცე ქორწინების საზეიმო ცერემონიალისათვის. ფილიალი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.

ახალ იუსტიციის სახლში 15-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული. ფილიალში განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს; 2028 წლისთვის მათი რიცხვი 133-ს მიაღწევს, რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელში ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“.

უშუალოდ იმერეთის რეგიონში 26 იუსტიციის სახლია, მობილური იუსტიციის სახლი კი, რეგიონის 15 სოფელს ფარავს.

იუსტიციის სახლი ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაშიც ფუნქციონირებს. ფილიალების მუშაობა ციხის ტერიტორიაზე ქართული ინოვაციაა და მას ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს.

იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში,

ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.