ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება. კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.

რეგისტრაციის პროცესის თაობაზე ინფორმაცია კომიისიის წევრებს მიაწოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.

კომისიის სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრები – იუსტიციის; შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე, გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად შინდისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

რატი ბრეგაძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო შინდისის გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.

მემორიალი 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის გმირულად დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად არის აღმართული.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 16 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ,

  • სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის საქმეზე; რუსეთის ფედერაციას დაკისრებული აქვს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ;
  • მოგებულია ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა;
  • მოგებულია სახელმწიფოთაშორისი დავა ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმეზე;
  • ჰააგის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს, ქალბატონ ნილაქში საჰა სინჰას შეხვდა

ბექა ძამაშვილმა ინდოეთის ელჩს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში; ინოვაციურ პროექტებს სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით და განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს პენიტენციურ სისტემაში;

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ინიციატივებზე;

მინისტრის მოადგილემ ინდოეთის ელჩი მოიწვია გაერო-ს სახელმწიფო სერვისების ფორუმზე, რომელსაც 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს;

ინდოეთის ელჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „წარსულს ჩაჰბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას“

„2024 წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც ცნობილია, აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება („საინვესტიციო ხელშეკრულება“). კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას და ითხოვდა, დაახლოებით, 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციას.

არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა:

  • მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება;
  • ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები;
  • პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი;
  • მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა. პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

ეს იყო საქმის სამართლებრივი დეტალები. რაც შეეხება ფინანსურ და პოლიტიკურ მხარეს, მოგახსენებთ შემდეგს:

ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1.5 მილიარდი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო ნაერთი ბიუჯეტის 25% (მეოთხედი) და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი. თუ რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგი მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია. ასევე, გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში ყოფნა დეკლარირებულად გსურს, მოსთხოვო სრულიად უსამართლოდ შენს საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა.

დასკვნის სახით კი, ვიტყვი, რომ წარსულს ჩაჰბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას ან უკანონო და ქართველი ხალხის სურვილთან შეუსაბამო ინტერესების მზაკვრულად განხორციელებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას.

გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას“.

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

იუსტიციის სამინისტრო, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყება, პროექტ - საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრ სტუდენტებს შეხვდა და მათთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა, მიღწეული შედეგები და ტრეფიკინგის დანაშაულთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილა. შეხვედრას 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა.

პრევენციული, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია და მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები წარმოადგენენ.

ტრეფიკინგთან ბრძოლა იყო და რჩება საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო უკვე მე-9 წელია უმაღლეს საფეხურზეა, რაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრი უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

ყოველი წლის 30 ივლისს, საქართველო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

გაზიარება
ბეჭდვა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შეიქმნა. მისი მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.

უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირებას დაეთმო. ცესკო-ს წარმომადგენლების მხრიდან გაიმართა საჩვენებელი პრეზენტაცია კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, სხდომაზე იმსჯელეს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.

ინფორმაციისთვის, წინა სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანგარიში საარჩევნო სიების სრულყოფისათვის გაწეული მუშაობის შესახებ.

საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში უწყებათაშორისი კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, გამოვლენილ ინციდენტებზე რეაგირებისათვის კი, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 0011.

კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრები – იუსტიციის; შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები.

უწყებათაშორისი კომისია ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივები განიხილა

რატი ბრეგაძემ მასიმილიანო დ’ანტუონოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უწყების ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო უწყების როლს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში; ინოვაციურ პროექტებს სერვისების მიწოდების სფეროში; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების წარმატებულ რეფორმებს.

შეხვედრაზე საქართველოსა და იტალიას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივებიც გამოითქვა.

იტალიის ელჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველ მულტიფუნქციურ ეროვნულ გეოპორტალს შექმნის

"ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მთავრობის მიერ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო კოორდინატორის ფუნქციას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ასრულებს.

საჯარო რეესტრმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის გახსნით ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდა ყველა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. შეხვედრის მთავარ მიზანს საკოორდინაციო საბჭოს მიერ სამოქმედო გეგმის დასახვა წარმოადგენდა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გახსნა.

"სახელმწიფოს მიზანია, ერთის მხრივ, შეიქმნას ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა და, მეორეს მხრივ, აღნიშნული ინფრასტრუქტურა თავსებადი იყოს ევროკავშირის სივრცითი ინფორმაციის (INSPIRE) ინფრასტრუქტურასთან, რის თაობაზეც ყველა უწყება მჭიდროდ ითანამშრომლებს" - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

დამსწრე საზოგადოებას ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობასა და გეოპორტალის შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის თავმჯდომარე - დავით დევიძემ. აღნიშნულ პორტალზე სივრცითი მონაცემების მწარმოებელი სუბიექტები განათავსებენ და საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდიან საქართველოში არსებულ სივრცით მონაცემებს სრულად, შედეგად, სახელმწიფო უწყებები და მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ ქვეყანაში არსებული სივრცითი ობიექტის ყველა მწარმოებლის ავთენტური მონაცემის გაცნობასა და ჩამოტვირთვას.

ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ელექტრონული მმართველობის განვითარებისა და საჯარო ადმინისტრირების მხრივ. მას გადამწყვეტი როლი აქვს ხანძრის, საგზაო შემთხვევების, ბუნებრივი კატასტროფების, კრიზისული და სამაშველო სიტუაციების ოპტიმალურად და შედეგიანად მართვისთვის, ასევე, გარემოზე ზემოქმედების რისკების შესაფასებლად. ერთიანი სტანდარტით გეოპორტალზე მონაცემების ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს პროცესების მართვის ოპტიმიზაციას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისათვის.