ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

,,იუსტიციის აუდიტორიამ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილს უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გამართული საჯარო ლექცია პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებს შეეხო. ნიკა ცხვარაშვილმა ახალი პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა უფლებებსა და შრომით პირობებს.

საუბარი შეეხო სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულთა შესაძლებლობასაც, სრულად ისარგებლონ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებით, რაც გულისხმობს სპორტულ აქტივობებსა თუ სრულფასოვან სასწავლო პროცესში ჩართვას, რის საშუალებასაც იძლევა „ციფრული უნივერსიტეტი“; ისარგებლონ დასაქმების პროგრამებით, რაც ითვალისწინებს მათთვის დამატებითი შემოსავლის ქონას.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მხოლოდ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის 12 სხვადასხვა პროგრამა აქვს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჯანდაცვის მიმართულებასაც – ონლაინ კლინიკის საშუალებით ნებისმიერ მსჯავრდებულს შეუძლია, ისარგებლოს სამოქალაქო კლინიკის ექიმის მომსახურებით.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე.

პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 14 მარტს ამოქმედდა.

„იუსტიციის აუდიტორია“ შესაძლებლობას აძლევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, თანამშრომლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, მიიღონ სრული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობის, მისი ამოცანების, მიზნებისა და მიღწევების შესახებ.

პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობისა და სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, სტუდენტური პროექტების ხელშეწყობას, საჯარო სამსახურის პოპულარიზაციას და იუსტიციის სამინისტროში კადრების მოზიდვას.

იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პროცესში სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეებისა და მომავალი იურისტების ჩართულობა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდული კლუბი„YOUTHTITIA “ დაფუძნდა

პროექტი იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმავონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმების დაგეგმვა-განხორციელებაში.

ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA“-ს პირველ ნაკადში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩევა ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 30 სტუდენტი. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ ჩაერთონ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში;

კლუბი „YOUTHTITIA“ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წარადგინა. მინისტრმა ისაუბრა ახალგაზრდული პლატფორმის მნიშვნელობაზე, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი იურისტებისთვის საკუთარ პროფესიასთან უშუალო შეხების მნიშვნელობაზე. რატი ბრეგაძემ წარმატებები უსურვა პროექტის მომავალ მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ უწყების მიერ შეთავაზებული ეს პლატფორმა მათი მომავალი პროფესიისთვის საუკეთესო სტარტი გახდება.

ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული პლატფორმის მნიშვნელობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმაც გაუსვა ხაზი. გიორგი ამილახვარმა წარმატებები უსურვა სამინისტროსა და კლუბის მომავალ წევრებს.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, თბილისისა და რეგიონების ავტორიზებული უნივერსიტეტების რექტორები, სამართლის ფაკულტეტის დეკანები და სტუდენტები.

მათ სიმბოლურად ხელმოწერებით დაადასტურეს კლუბ „YOUTHTITIA“-ში ჩართულობის მზაობა.

ახალგაზრდულ კლუბში სტუდენტების შერჩევისა და კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კლუბის ოფიციალურ facebook გვერდზე.