ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 01 ოქტომბერი , 2024
გაზიარება

მცხეთაში იუსტიციის სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძესა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.

უახლოეს ხანში მცხეთის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს.

მცხეთის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება. ნებისმიერ წყვილს საშუალება ექნება, ქორწინების რეგისტრაცია დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

იუსტიციის სახლის ფილიალი მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. ფილიალში 20-მდე პირი დასაქმდება.

მცხეთის იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება.

მცხეთის იუსტიციის სახლი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რიგით მეექვსე ფილიალი იქნება. აღნიშნულ რეგიონში უკვე ფუნქციონირებს ყაზბეგის, თიანეთის, მუხრანის, დუშეთისა და ფასანაურის იუსტიციის სახლები.

მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდება და ფილიალის საერთო ფართი 976.9 კვადრატული მეტრი იქნება. იუსტიციის სახლი ქალაქ მცხეთაში სამხედრო ქუჩა №9-ის მიმდებარედ აშენდება.

იუსტიციის სამინისტროსათვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 121 იუსტიციის სახლი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი აშენდება

ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაუშვა.

მალე ჭალის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს.

სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 121 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. დაგეგმილია კიდევ 12 ფილიალის გახსნა - თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, თბილისში (გლდანში), მცხეთაში, ჭალაში, ზოტში, ტოლებში, შროშაში, ცაიშსა და ორპირში. რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელში მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება.

უშუალოდ იმერეთის რეგიონში 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. დასრულებულია და უახლოეს დღეებში გაიხსნება თერჯოლისა და შროშის ფილიალები; რეგიონის 15 სოფლის მოსახლეობას მომსახურებას მობილური იუსტიციის სახლი აწვდის.

ჭალაში იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით მიზნით №17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად გაეცნო.

ახალაშენებული სტადიონი ხელოვნურსაფარიანია და განკუთვნილია ფეხბურთისა და კალათბურთისთვის. განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.

სპორტული მოედნის გარდა, დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა სავარჯიშო სივრცე ახალი ტრენაჟორებით, სადაც მსჯავრდებულები თავისუფალი დროის უფრო ნაყოფიერად გატარებას შეძლებენ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2022 წლიდან დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სპორტულ ფესტივალებში. ასევე, მოქმედებს სხვადასხვა სპორტული პროგრამა, ტრენინგკურსები, რომლებიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ტრენერებად, ფიტნესინსტრუქტორებად. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.