ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 05 სექტემბერი , 2024
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას ხელოვნური ინტელექტის თაობაზე

ეს არის პირველი საერთაშორისო და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას.

დოკუმენტი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს და განსაზღვრავს იმ ძირეულ პრინციპებს, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხელშემკვრელ სახელმწიფოებში. ამასთან, ის მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების უზრუნველყოფას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კონტექსტში.

რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციისა და სერვისების მიწოდების სფეროში და, მეორე მხრივ, სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შექმნა, რათა ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სრულ შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან. ამ მიზნით უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო გახსნის ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრს.

აღნიშნულ კონვენციას, საქართველოსთან ერთად, ხელი მოაწერეს ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ანდორის, ისლანდიის, ნორვეგიის, ისრაელის, სან მარინოსა და მოლდოვის წარმომადგენლებმა.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი აშენდება

ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაუშვა.

მალე ჭალის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს.

სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 121 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. დაგეგმილია კიდევ 12 ფილიალის გახსნა - თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, თბილისში (გლდანში), მცხეთაში, ჭალაში, ზოტში, ტოლებში, შროშაში, ცაიშსა და ორპირში. რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელში მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება.

უშუალოდ იმერეთის რეგიონში 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. დასრულებულია და უახლოეს დღეებში გაიხსნება თერჯოლისა და შროშის ფილიალები; რეგიონის 15 სოფლის მოსახლეობას მომსახურებას მობილური იუსტიციის სახლი აწვდის.

ჭალაში იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით მიზნით №17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად გაეცნო.

ახალაშენებული სტადიონი ხელოვნურსაფარიანია და განკუთვნილია ფეხბურთისა და კალათბურთისთვის. განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.

სპორტული მოედნის გარდა, დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა სავარჯიშო სივრცე ახალი ტრენაჟორებით, სადაც მსჯავრდებულები თავისუფალი დროის უფრო ნაყოფიერად გატარებას შეძლებენ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2022 წლიდან დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სპორტულ ფესტივალებში. ასევე, მოქმედებს სხვადასხვა სპორტული პროგრამა, ტრენინგკურსები, რომლებიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ტრენერებად, ფიტნესინსტრუქტორებად. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.