გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში - გაერო) უშიშროების საბჭო, გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული რეზოლუციებით ავრცელებს სანქციებს კონკრეტული სიტუაციების, შემთხვევებისა და სახელმწიფოების მიმართ. ზემოაღნიშნული სანქციების მიზანია, მათ შორის, ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსებით გამოწვეული მავნე შედეგების პრევენცია, გამოვლენა და აღმოფხვრა. გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული რეზოლუციები შესასრულებლად სავალდებულოა გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის. ამდენად, ამავე რეზოლუციებით, გაეროს უშიშროების საბჭო აფუძნებს შესაბამის სანქციათა კომიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სანქცირების პროცესის წარმართვასა და სახელმწიფოთა მიერ, მათთვის რეზოლუციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პროცესის ზედამხედველობას.
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების საკითხზე, გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული რეზოლუციების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის N487 დადგენილებით 2011 წლის 21 დეკემბერს შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომში - სამთავრობო კომისია). საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე უწყება, ხოლო იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი ასრულებს სამთავრობო კომისიის სამდივნოს ფუნქციებს.
სამთავრობო კომისია არის საქართველოში მთავარი საკონტაქტო ორგანო გაეროს სანქციების კომიტეტებისთვის და სხვა სტრუქტურებისთვის ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას. შესაბამისად, სამთავრობო კომისია გაეროს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის პარალელურად, მის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად, ფუნქციონირებს ორი ძირითადი მიმართულებით: გაეროს უშიშროების საბჭოს დაფუძნებული კომიტეტების მიერ, შესაბამის სანქციათა სიებში განხორციელებული ცვლილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების კოორდინაცია და გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ტერორიზმთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან შემხებლობაში მყოფ პირთა ეროვნული სიის ფორმირება.
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრულ სანქცირებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სიაში შეყვანილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ვრცელდება სამი სახის სანქცია: ა) ქონების გაყინვა, ბ) გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და გ) იარაღის ემბარგო. ზემოაღნიშნულთაგან პირველი, სანქციადაკისრებული პირის ქონების გაყინვა გულისხმობს, სანქციადაკისრებული პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში მყოფი ყველა ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის და მათგან მიღებული შემოსავლის გაყინვას. იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული რეზოლუციები შესასრულებლად სავალდებულოა გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილება პირდაპირი მოქმედებისა და სავალდებულოობის ძალას იძენს გაეროს სანქციათა კომიტეტების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
ამასთან, სამთავრობო კომისია, მის ფარგლებში მოქმედ სამუშაო ჯგუფთან ერთად ზედამხედველობს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრულ სხვა პირთა მიერ საქართველოში საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის შემოტანა ან/და გატანას და ასევე, ზედამხედველობს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა და გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრულ სხვა პირთა მიერ თავისუფალი მიმოსვლის უფლებით სარგებლობის პროცესს.
სამთავრობო კომისიის ფუნქციონირების მეორე ძირითადი მიმართულება დაკავშირებულია გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით სახელმწიფოთათვის ტერორიზმის დანაშაულთან ან/და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პირთა ეროვნული სიის ფორმირების სახით განსაზღვრულ ვალდებულებასთან. კერძოდ, სამთავრობო კომისია საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მომართვის საფუძველზე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, იღებს გადაწყვეტილებას პირის ტერორიზმთან ან/და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პირთა ეროვნულ სიაში შეყვანისა და მისი ქონების გაყინვის საკითხზე.