|
საწყისი გვერდი
>
სიახლე >
არქივი
23 ივლისი,
2008 წელი
განაჩენი ერეკლე II-ისა მკვლელობის სასისხლო საქმეზე
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების
საზოგადოებისათვის გასაცნობად იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე:
www.justice.gov.ge, კიდევ
ერთი ისტორიული დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განთავსდა.
დოკუმენტის შინაარსის მიხედვით, სადავო მამულის გამო მომხდარი ჩხუბის
დროს, დიდებულების - ალავერდელის, ჩოლოყაშვილისა და ენისელთმოურავის
ყმებს თოფით მოუკლავთ თავადი პართენ მდივნის შვილი და აზნაური
მაჭავარიანი.
1794 წლის 20 ოქტომბერს ერეკლე II-მ მკვლელობის საქმე განიხილა: „საქართველოს
მეფემან მეორემან ირაკლიმ ეს სამართალი მივეცით, რადგანაც ყმათ
მოეხდინათ შფოთი, მკვლელნი რომელნიც არიან, ისინი უნდა სამართალს
მოსცენ და ერთობით უნდა სისხლი დაუურვონ*. პართენ მდივნის შვილი მესამე
თავადათ ჩავარდა. მესამე თავადის სისხლის, სანატრელის მეფის ვახტანგის
სამართლის წიგნით, „კÀ“ (28-ე მუხლი) სამას ორთხმოცდაოთხი თუმანი არის
გაჩენილი. მაჭავარიანის სისხლი აქ მოხსენებული არ არის. იმისი სისხლი
სხვა განაჩენით გაჩნდება“.
მკვლელ ყმებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმის - სამას ოთხმოცდაოთხი თუმანის
გადახდა. აღსანიშნავია, რომ განაჩენში დამნაშავეთა ვინაობა არ არის
მითითებული.
განაჩენის აღსრულება იასაულ ალექსანდრეს დაევალა.
23 ივლისი,
2008 წელი
2008 წლის პირველ ნახევარში 213 265 პირადობის მოწმობა და 133 164
პასპორტი გაიცა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს
ტერიტორიულმა სამსახურებმა 2008 წლის პირველ ნახევარში 213 265
პირადობის მოწმობა და 133 164 პასპორტი გასცეს.
ყველაზე მეტი პირადობის მოწმობა თბილისსა და იმერეთში განთავსებულმა
ტერიტორიულმა სამსახურებმა გასცეს: 56 085 და 32 011 ცალი.
გაცემულ პასპორტთა რაოდენობა ყოველთვე სტაბილურად იზრდებოდა და ყველაზე
მაღალ ნიშნულს - 28 915 ცალს - ივნისში მიაღწია.
22 ივლისი,
2008 წელი
იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება
იუსტიციის
სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები 22-28 ივლისს
დაბა ტაბახმელას საერთაშორისო კონფერენციების ცენტრში გადამზადების
პროგრამას გაივლიან. პროგრამის ფარგლებში დეტალურად განიხილება ახალი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტისა და ადვოკატის
უნარ-ჩვევების საკითხები. სემინარებს ექსპერტები – ზაზა მეიშვილი, ომარ
ჯორბენაძე და დოქტორი გრაფინია მარგარეტე ვონ გალენა წარუძღვებიან.
სასწავლო პროგრამა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებითა და
გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფონდის (IRZ)
ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სასწვლო ცენტრი და იურიდიული დახმარების
სამსახური კადრების გადამზადების კუთხით აქტიურად თანამშრომლობენ.
წლეულს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, იურიდიული დახმარების
სამსახურის იურისტები საპენსიო სამართლისა და უძრავი ქონების
რეგისტრაციის, მენეჯმენტისა და გუნდური მუშაობის, აგრეთვე რეგიონულ
მედიასთან თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ სემინარებს
დაესწრნენ.
21 ივლისი,
2008 წელი
სემინარი საზოგადოებრივი ადვოკატებისათვის
„ღია საზოგადოება - სამართლებრივი ინიციატივის“ ორგანიზებით, უკრაინაში,
იალტაში, ქართველი, მოლდაველი და უკრაინელი საზოგადოებრივი
ადვოკატებისათვის ეფექტიანი დაცვის თემაზე სემინარი გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან იურიდიული დახმარების სამსახურის
თბილისისა და მცხეთის ბიუროების ადვოკატები მონაწილეობდნენ.
სემინარის ფარგლებში დაცვის დაგეგმვისა და ორგანიზების, ჯვარედინი
დაკითხვის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და აქტიური დაცვის
პრინციპები განიხილეს. სწავლებას, ადგილობრივ სპეციალისტებსა და
ექსპერტებთან ერთად, ცნობილი ამერიკელი იურისტები - რობინ სტეინბერგი
და ედვარდ რაკერი უძღვებოდნენ.
21 ივლისი,
2008 წელი
ნოტარიუსობის მსურველთა კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღება
დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ნოტარიუსობის მსურველთათვის
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება
დასრულდა. საკონკურსო კომისიაში სულ 42 განცხადება შევიდა.
კონკურსი რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, ყაზბეგის, ქურთის თემის,
ასპინძის, ცაგერის, ვანის, თიანეთის, მესტიის, საგარეჯოს, ზუგდიდის,
წალენჯიხის, სენაკის, ფოთის, ოზურგეთის, ხულოს, ბათუმის, ტყვარჩელის,
სოხუმის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონების ნოტარიუსთა ვაკანტურ
თანამდებობებზე ჩატარდება.
კონკურსი, გასაუბრების ფორმით, იუსტიციის სამინისტროში 28-31 ივლისს
გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურისტებს, რომელთაც ჩაბარებული
აქვთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
21 ივლისი,
2008 წელი
ქვემო ქართლში დაბადების რეგისტრაციის გაუმჯობესებაზე მუშაობა დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს,
გაეროს ბავშვთა ფონდისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის
წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში არასამთავრობო
ორგანიზაციამ „სამართლებრივი განვითარებისა და კონსულტაციის ჯგუფი“
რუსთავსა და გარდაბანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
პროექტის საორგანიზაციო საკითხებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პროექტი „ქვემო ქართლში დაბადების რეგისტრაციის საკითხების
გაუმჯობესება“ მიმდინარე წლის 1 ივლისს დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს
ქვემო ქართლში დაურეგისტრირებელი არასრულწლოვანი მოქალაქეებისთვის
სამოქალაქო რეგისტრაციის პრობლემის მოგვარებას და სამოქალაქო
რეგისტრაციის პრობლემის პრევენციას.
„სამართლებრივი განვითარებისა და კონსულტაციების ჯგუფის“ იურისტები
ქვემო ქართლის სხვადასხვა რაიონსა და სოფელში მომავალი 9 თვის
განმავლობაში იმუშავებენ. ისინი მოსახლეობას დაეხმარებიან დოკუმენტების
შეგროვება-მოწესრიგებაში და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან
სამართლებრივ ურთიერთობაში მოსახლეობის წარმომადგენლები იქნებიან.
იურიდიული ფაქტების დადგენა, დაბადების რეგისტრაცია, პირადობის
მოწმობების გაცემა ადგილებზე უფასოდ განხორციელდება.
მსგავს შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები
მიმდინარე კვირას ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე სხვა რაიონების
გამგებლებთან, სოფლის საბჭოების რწმუნებულებთან, სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების, ასევე, საგანმანათლებლო
რესურსცენტრების წარმომადგენლებთან გამართავენ.
21 ივლისი,
2008 წელი
სამოქალაქო რეესტრი უშგულის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურა
მესტიის
რაიონის სოფელ უშგულის მოსახლეობას იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე მომსახურება გაუწია.
სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და ამავე უწყების სხვა
ხელმძღვანელი პირები უშგულში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
სვანეთის მაღალთიანი სოფლის მოსახლეობას რაიონულ ცენტრში
ტრანსპორტირების პრობლემა აქვს. სწორედ ამის გამო უშგულის მკვიდრებს
სარეგისტრაციო დოკუმენტების აღება უჭირთ. ადგილზე მომსახურების
ღონისძიება ამ პრობლემიდან გამომდინარე დაიგეგმა. სააგენტოს ცენტრალური
ოფისის თანამშრომლები, მესტიის ტერიტორიული სამსახურის
წარმომადგენლებთან ერთად, უშგულის მოსახლეობას დაბადების, პირადობის,
ქორწინებისა და სხვა მოწმობების აღებაში დაეხმარნენ. პირველ ეტაპზე
ადგილობრივებმა 6 - პირადობის, 4 - დაბადების, 3 - ქორწინების და სხვა
მოწმობები მიიღეს.
სამი წყვილის ქორწინების რიტუალი უშგულის მარიამ ღვთისმშობლის
სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე სვანურ კოშკთან ჩატარდა.
გარდა ამისა, უშგულშის 50-მდე მკვიდრს, რომელთა ასაკი 16 წელს არ
აღემატება, ადგილზე უფასოდ გადაუღეს ფოტოსურათები. სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოს ბაზაში მათ პირადი ნომრები მიენიჭებათ.
ამავე ვიზიტისას სააგენტოს თანამშრომლებმა სამი განცხადება ქორწინების,
ხოლო ერთი - დაბადების რეგისტრაციისათვის ჩაიბარეს.
სააგენტოს თავმჯდომარემ, ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან ერთად, კარდაკარ შემოიარა უშგული და
დოკუმენტირებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მკვიდრების პრობლემას
გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლისათვის სამოქალაქო რეესტრის მესტიის
რაიონის ტერიტორიული ოფისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად
გარემონტდება.
18 ივლისი,
2008 წელი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გალუაშვილი
საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის 17 ივლისს
გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე გალუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ,
სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა არ დაადგინა.
განმცხადებელი ბატონი თამაზ გალუაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე
ასაჩივრებდა მისი დაკავებისას საფუძვლიანი ეჭვის არარსებობას, მისთვის
დაკავების მიზეზების გაცნობისგან თავის შეკავებასა და წინასწარი
პატიმრობის არაგონივრულობას.
სტრასბურგის სასამართლომ დაკავების საფუძვლიანობასა და დაკავების
მიზეზების გაცნობასთან დაკავშირებული პრეტენზიები აშკარად
დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად სცნო.
რაც შეეხება წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძვლებს, ევროპულმა
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრე შესაძლებელი
იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ
გონივრულ საფუძვლად ჩათვლილიყო სამართალწარმოების საწყის ეტაპზე.
ამასთანავე, იმის შემოწმება, იყო თუ არა ჩამორთმეული იარაღი სხვა
დანაშაულის ჩადენაში გამოყენებული, ასევე, შეიძლებოდა პატიმრობის
გამამართლებელ მიზეზად ჩათვლილიყო.
სასამართლომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ
განმცხადებლის გაასამართლება მოხდა საკმაოდ სწრაფად, 5 თვის ვადაში,
რაც ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოჩენილ გულისხმიერებაზე
მიუთითებდა და რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა წინასწარი
პატიმრობის გონივრულობის დადგენისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ევროპული კონვენციის
დარღვევას.
გადაწყვეტილება საბოლოო გახდება თუ კონვენციის 43-ე მუხლის შესაბამისად
გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში, თუ მხარეები არ გაასაჩივრებენ
ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში.
18 ივლისი,
2008 წელი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გიგოლაშვილი
საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება
საქმეზე გიგოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც დაადგინა ევროპული
კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება)
პირველი პუნქტის გ ქვეპუნქტის დარღვევა.
განაცხადის საფუძველს წარმოადგენდა ნარკოტიკული საშუალების შენახვის,
იარაღის უკანონო შენახვის, ყაჩაღობისა და მკვლელობისათვის ბრალდებული
პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
არაკონსტიტუციურად გამოცხადებული, თუმცა, ჯერ კიდევ ძალაში მყოფი
ნორმის საფუძველზე.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალების გაცნობის გამო
განმცხადებლის პატიმრობაში დატოვება არ წარმოადგენდა კანონიერ
საფუძველს, რის გამოც დაადგინა კონვენციის დარღვევა, თუმცა,
გიგოლაშვილის სასარგებლოდ მთავრობისათვის რაიმე კომპენსაციის გადახდის
ვალდებულება არ დაუკისრებია.
18 ივლისი,
2008 წელი
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 500 ავტოტექნიკური ექსპერტიზა
ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო, ტრასოლოგიური და
ავტოსასაქონლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში წლეულს, 6 თვეში 500
ექსპერტიზა ჩატარდა. გამოკვლევები საპატრულო პოლიციის, სასამართლო
ორგანოების შუამდგომლობითა და კერძო შეკვეთით დაინიშნა.
სამი ექსპერტიზა თანამედროვე „PC-crash“-ის კომპიუტერული პროგრამის
გამოყენებით ჩატარდა.
პროგრამა, რომელიც საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გასულ
წელს დაინერგა, მაქსიმალური სიზუსტით აღადგენს ავარიის გრაფიკულ
გამოსახულებას, რაც საქმის გამოძიებას სერიოზულ დახმარებას უწევს.
კვლევა უკვე აღარ საჭიროებს დამატებით გაანგარიშებებსა და სხვა
ხანგრძლივ პროცედურებს, რაც ავტოავარიების ექსპერტიზას აჭიანურებდა.
ამჯერად, ექსპერტებს ახალ კომპიუტერულ პროგრამაში შეჰყავთ: ავარიაში
მოყოლილი მანქანის ტექნიკური მონაცემები, ავტოტრასოლოგიური კვლევის
შედეგები და შემთხვევის ადგილიდან მიღებული სხვა ინფორმაცია, რომელთა
დამუშავების შედეგად მონიტორზე, სამ განზომილებაში აღდგება ავტოსაგზაო
შემთხვევის გრაფიკული სურათი.
საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ავარიის ვერსიის
ჩვენება შესაძლებელია სასამართლო სხდომაზე დამონტაჟებულ მონიტორზე.
17 ივლისი,
2008 წელი
საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით არასრულწლოვნები პატიმრობიდან
გათავისუფლდნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის
ქუთაისის ბიუროს ადვოკატის ვალერი კვანტალიანის დაცვის ქვეშ მყოფების,
ქურდობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვნების მიმართ სისხლის სამართლებრივი
დევნა შეწყდა.
ეჭვმიტანილებს - ბექა კ.-ს, ზურაბ ხ.-სა და გივი ჩ.-ს ოთხიდან შვიდ
წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. საქმეში საზოგადოებრივი
ადვოკატის ჩართვის შემდეგ გაირკვა, რომ დაკავებულთათვის ბრალის
წასაყენებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. სწორედ ამის
საფუძველზე ვალერი კვანტალიანმა არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის
სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა.
გამოძიებამ ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა, სისხლის სამართლებრივი
დევნა შეწყდა და ეჭვმიტანილები წინასწარი დაკავების იზოლატორიდან
გათავისუფლდნენ.
17 ივლისი,
2008 წელი
მოქალაქეები საჯარო რეესტრის სატელეფონო კონსულტაციით აქტიურად
სარგებლობენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
სატელეფონო იურიდიული კონსულტაციით 2008 წლის ექვს თვეში თორმეტი
ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა.
უფასო სატელეფონო იურიდიული კონსულტაციის ცენტრი საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოში 2007 წლის 1 მარტიდან მოქმედებს. მოქალაქეებს,
რომელთაც უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე
იურიდიული კონსულტაციის მიღება სურთ, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონის
ნომრებზე: 481248, 481249, შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო და
საინტერესო ინფორმაცია.
მოქალაქეთა ზარებს სააგენტოს კვალიფიციური იურისტები პასუხობენ.
კითხვები, ძირითადად, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული
პრობლემური საკითხების გარკვევას და რეგისტრაციისათვის საჭირო
დოკუმენტაციას უკავშირდება.
16 ივლისი,
2008 წელი
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მესტიის მოსახლეობისათვის კონსულტაციებს
გამართავს
მესტიის რაიონის მოსახლეობა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს გამარტივებული
წესით მიიღებს.
17, 18, 19, 20 ივლისს, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და ცენტრალური აპარატის
ხელმძღვანელი პირები მესტიის რაიონის სხვადასხვა სოფლებში ადგილობრივი
მოსახლეობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებით უზრუნველყოფის საკითხებზე
ადგილზე იმუშავებენ.
მესტიის რაიონის სოფლებში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი
პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მსურველ მოსახლეობას საჭირო
პროცედურების შესახებ კონსულტაციებს და სამართლებრივ დახმარებას 4 დღის
განმავლობაში, ადგილზე გაუწევენ.
ამავე ღონისძიების ფარგლებში, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების
დადგენასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესები გაიმართება და
სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტისთვის
აუცილებელ ფოტოსურათებს ადგილზე უფასოდ გადაუღებენ. შესაბამისი
საბუთების ჩაბარების შემდეგ კი, მოსახლეობას დაბადებისა და პირადობის
მოწმობები ადგილზე უფასოდ გადაეცემა.
ამავე აქციის ფარგლებში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცენტრალური
აპარატის თანამშრომლები მესტიაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის
შენობას შეარჩევენ, რომელიც 2009 წელს თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისად გარემონტდება.
16 ივლისი,
2008 წელი
იურიდიული დახმარების სამსახური გასვლით კონსულტაციებს აგრძელებს
იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები
16-18 ივლისს გასვლით კონსულტაციებს ჩაატარებენ თელავისა და ჩხოროწყუს
რაიონების მოსახლეობისათვის.
იურისტები მოსახლეობას განუმარტავენ მათთვის აქტუალურ სამართლებრივ
საკითხებს. როგორც წესი, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის
ასეთია მიწის ნაკვეთების დაკანონება, მემკვიდრეობა და სოციალური დაცვა.
იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები სპეციალურ საინფორმაციო
მასალას დაარიგებენ და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.
გასვლით კონსულტაციებს რეგულარული ხასიათი აქვს და მათი მიზანი
მოქალაქეთა სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა და მათთვის უფასო
იურიდიული დახმარების გაწევაა. იურიდიული დახმარების სამსახურის
იურისტებმა ამგვარი შეხვედრები უკვე გამართეს სენაკის, ქობულეთის,
თიანეთის, ყვარლის, მარნეულისა და ბოლნისის რაიონების მოსახლეობასთან.
16 ივლისი,
2008 წელი
წლეულს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცემული 1332 ნორმატიული
აქტი დარეგისტრირდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების
სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტმა
2008 წლის პირველ ნახევარში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
მიერ გამოცემული 1332 აქტი დაარეგისტრირა. ყველაზე მეტი აქტი იმერეთისა
და სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობის ერთეულებიდან შევიდა.
აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტს არც ერთი აქტის რეგისტრაციაზე უთქვამს
უარი.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის თანახმად, თვითმმართველობის
ორგანოს სამართლებრივი აქტების რეგისტრაციაზე უარი ეგზავნება, თუკი
წარდგენილ აქტს აკლია აუცილებელი რეკვიზიტები (ნორმატიულ აქტზე
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, მიღების თარიღი, ნორმატიული აქტის სახე,
სათაური...), ან სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილი ვადების
დარღვევით არის სარეგისტრაციოდ წარდგენილი. გასული წლის ექვსი თვის
განმავლობაში დეპარტამენტში შესული 3158 აქტიდან, ზემოთაღნიშნული
მიზეზებით, 63 არ დაარეგისტრირდა.
წელს რეგისტრირებული აქტებიდან დეპარტამენტმა 611 აქტზე დადებითი
დასკვნა გასცა, 721 ნორმატიული აქტზე კი მათ გამომცემ ორგანოს
სამართლებრივი შენიშვნები გაუგზავნა. აქედან ყველაზე მეტი, 141
შენიშვნა იმერეთის თვითმმართველობის ერთეულების მიერ მიღებულ აქტებზე
გაკეთდა.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს უფლება არ აქვს, არ დაარეგისტრიროს
ისეთი აქტები, სადაც შინაარსობრივ დარღვევები, კერძოდ _ მისი უპირატესი
იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან (საკანონმდებლო აქტი, საქ.
პრეზიდენტის ბრძანებულება, საქ. მთავრობის დადგენილება, მინისტრის
ბრძანება და ა. შ.) შეუსაბამობა არის აღმოჩენილი. სამინისტრო ასეთი
ნორმატიული აქტების მიმღებ ორგანოს შესაბამის სამართლებრივ შენიშვნებს
უგზავნის.
16 ივლისი,
2008 წელი
საჯარო რეესტრის ვებპროგრამა ბოლნისსა და დუშეთშიც ამოქმედდა
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ვებპროგრამაში კიდევ ორი
ტერიტორიული სამსახური ჩაერთო. დღეიდან ერთიან ქსელს ბოლნისის და
დუშეთის რაიონების სარეგისტრაციო სამსახურები შეუერთდა.
პროგრამის დანერგვამდე აღნიშნული რაიონების სარეგისტრაციო სამსახურის
თანამშრომლებმა სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს. პროგრამა, რომლის
მისამართია: www.napr.gov.ge,
მნიშვნელოვნად ამარტივებს რეგისტრაციის პროცედურას, შესაბამისად,
მოქალაქეებს სწრაფი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება გაეწევათ.
პროგრამის ამოქმედებით საგრძნობლად უმარტივდებათ საქმიანობა უძრავი
ქონების ბაზარზე მოქმედ სუბიექტებსაც: ბანკებს, ნოტარიუსებს, ბროკერებს,
უძრავი ქონების სააგენტოებს. კერძო კომპანიებს, რომლებიც საჯარო
რეესტრის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ
და ავტორიზებული მომხმარებლები გახდებიან, ენიჭებათ პროგრამის ერთიან
მონაცემთა ბაზაში შესვლის ინდივიდუალური ნებართვა. ისინი ოფისიდან
გაუსვლელად, ინტერნეტით მიიღებენ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში
დაცულ მათთვის საჭირო ინფორმაციას.
ვებპროგრამა, რომელიც საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების
სამსახურში შემუშავდა, წარმატებით მუშაობს თბილისის, მცხეთის, ქუთაისის,
ბათუმის, რუსთავის, გარდაბნის, ხელვაჩაურის, ხაშურის, გორის, თელავის,
ფოთის, მარნეულის, სამტრედიის, ვანის, თერჯოლის, ბორჯომის, ზესტაფონისა,
ქობულეთის, სენაკისა და ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურებში.
პროგრამის ამოქმედების შედეგად ტერიტორიული სამსახურები მთლიანად
გადავიდნენ ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაზე, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა
და გაამარტივა მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო პროცედურები. გარდა ამისა,
მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართული
ქალაქებიდან დისტანციურად მიიღონ მომსახურება, იმ ქალაქში ჩასვლის
გარეშე, სადაც მდებარეობს მათი კუთვნილი უძრავი ქონება.
15 ივლისი,
2008 წელი
საჯარო რეესტრის წარმოების სახელმძღვანელო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
იურიდიულმა სამსახურმა მოამზადა საჯარო რეესტრის წარმოებისა და
ხელმისაწვდომობის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ახალი გამოცემა,
რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე:
www.napr.gov.ge განთავსდა.
საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდოლოგიური
სახელმძღვანელოს პირველი რედაქციის გამოქვეყნებიდან გასული დროის
განმავლობაში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულმა
კანონმდებლობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა, კერძოდ, „უძრავ
ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის
შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე, დაიხვეწა და გაიმართა ამ
კანონებში არსებული ნორმები, განისაზღვრა მიწის მიზნობრივი
დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის
შეცვლის რეგისტრაციის წესები და სხვა.
აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება უძრავ ნივთებზე უფლებათა
რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს დღემდე არსებულ მრავალ კითხვაზე
პასუხის გაცემაში.
15 ივლისი,
2008 წელი
სპეციალური კურსი სასამართლო აღმასრულებლებისათვის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის
დეპარტამენტმა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ სასამართლო
აღმასრულებლებისათვის ორგანიზებულ სემინარზე „ბავშვთა გატაცების
სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ სპეციალური კურსი ჩაატარა.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ,,ბავშვთა გატაცების სამოქალაქო
ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის როლსა
და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში.
აღნიშნულ კონვენციას საქართველო 1995 წელს მიუერთდა, ხოლო 1997 წელს
საქართველოსთვის ძალაში შევიდა.
სპეციალურ კურსზე საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის
წარმომადგენელმა ნინო კილასონიამ სასამართლო აღმასრულებლებს წარუდგინა
ის რეკომენდაციები, რომელიც ზემოთაღნიშნული კონვენციის გამოყენებას
უკავშირდება. ამასთან, კურსის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია
საზღვარგარეთის ქვეყნებში ამ კუთხით არსებულ კანონმდებლობასთან და
სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები იგეგმება სამომავლოდაც
და კონვენციით აღებული ვალდებულებების შესაბამისად სასწავლო კურსები
ორგანიზებული იქნება არა მარტო სასამართლო აღმასრულებლებისათვის,
არამედ საოჯახო სამართლის სფეროში მოღვაწე მოსამართლეთათვისაც.
14 ივლისი,
2008 წელი
ნოტარიუსობის მსურველთა კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღება 18
ივლისს დასრულდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ნოტარიუსობის მსურველთათვის
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება
მიმდინარე კვირის ბოლოს, 18 ივლისს დასრულდება.
კონკურსი გამოცხადებულია რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, ყაზბეგის,
ქურთის თემის, ასპინძის, ცაგერის, ვანის, თიანეთის, მესტიის,
საგარეჯოს, ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ფოთის, ოზურგეთის, ხულოს,
ბათუმის, ტყვარჩელის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონების
ნოტარიუსთა ვაკანტურ თანამდებობებზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურისტებს, რომელთაც ჩაბარებული
აქვთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
კონკურსი იუსტიციის სამინისტროში ჩატარდება 28-31 ივლისს, გასაუბრების
ფორმით. მასში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო კომისიას
მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ. №30 საჭირო დოკუმენტები 18
ივლისის ჩათვლით უნდა წარუდგინონ.
იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია.
14 ივლისი,
2008 წელი
სახელმძღვანელო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სფეროს
თანამშრომელთათვის
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო
ცენტრის ეგიდით პენიტენციარულ სისტემაში დასაქმებულ სოციალურ
მუშაკთათვის სახელმძღვანელო გამოიცა.
გამოცემა მომზადდა და დაიბეჭდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის
ხელშეწყობით.
წიგნში, რომლის ავტორია მაია ხასია, მიმოხილულია ის საკანონმდებლო ბაზა,
რასაც სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე სოციალური სფეროს მუშაკები
იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში. ამასთან, გამოცემაში წარმოდგენილია
საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება.
14 ივლისი,
2008 წელი
პატიმარი გარდაიცვალა
ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ეროვნულ
სამედიცინო ცენტრში პატიმარი ემზარ კ. გარდაიცვალა.
პატიმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხონის №9
დაწესებულებიდან ქალაქის საავადმყოფოში 7 ივლისს გადაიყვანეს.
მსჯავრდებულს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა. საავადმყოფოში ჩატარებული
მკურნალობის კურსის მიუხედავად, ემზარ კ. გარდაიცვალა. ექიმების
პირველადი დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის
მოცულობითი პროცესი გახდა.
ემზარ კ. 2004 წლის 6 დეკემბერს ყაჩაღობის ბრალდებით იყო დაკავებული.
მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
12 ივლისი,
2008 წელი
სწავლება აღმასრულებელთათვის
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოქმედი და მომავალი
აღმასრულებლებისათვის განკუთვნილი სასწავლო კურსი გაიხსნა. ათდღიანი
სემინარი დღეიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელთათვის სასწავლო ცენტრში შესაბამისი
კურსის გავლა ახალი კანონმდებლობით გახდა სავალდებულო.
სემინარი ითვალისწინებს აღმასრულებლების მომზადებას სააღსრულებო
წარმოებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და სხვა სამართლებრივ
დისციპლინებში.
სწავლების დასრულების შემდეგ სასწავლო ცენტრი გამოცდას ჩაატარებს და
სერტიფიკატებს შედეგების შესაბამისად გასცემს.
ასეთივე კურსი დაგეგმილია 2008 წლის შემოდგომაზეც.
11 ივლისი,
2008 წელი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის
განაცხადი განიხილა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა ლეიბორისტული
პარტიის განაცხადი, რომელიც 2004 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო
არჩევნებს ეხებოდა.
ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა ლეიბორისტული პარტიის
პრეტენზია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. სასამართლომ
განმარტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის
კონკრეტული კანდიდატი და არა მთლიანად პოლიტიკურ პარტია. გამომდინარე
იქიდან, რომ არც პარტიის ლიდერს, არც მის რომელიმე თანაპარტიელს არ
მიუღია მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, პარტიის უფლებები ვერ
შეილახებოდა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ
განაცხადი საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად გამოიყენა, რაც
სტრასბურგის ინსტიტუტების ფუნქციებში არ შედის.
ევროპულმა სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიჩნია, ასევე,
ლეიბორისტული პარტიის პრეტენზიები ღირსებისა და სამართლებრივი დაცვის
ეფექტიანი საშუალების უფლების შელახვის შესახებ. სასამართლომ უარყო ის
ფაქტი, რომ განმცხადებელ პარტიას მოქალაქეთა უფლებების დასაცავად
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ჰქონდა და დაუშვებლად გამოაცხადა
განაცხადის ნაწილი გამოხატვის თავისუფლების შელახვის შესახებ.
რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიებს სამართლიანი არჩევნების უფლების
შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამომრჩეველთა აქტიური რეგისტრაციის
წესი არ ლახავს განმცხადებლების უფლებებს. ამასთან დაკავშირებით
სასამართლომ მიუთითა ევროპის სხვა ქვეყანათა პრაქტიკაზეც, სადაც უფრო
მკაცრი პოლიტიკაც კი არის გატარებული ამომრჩეველთა აქტიურობის
მისაღწევად. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, დარღვევას ამ ნაწილში არ
ჰქონია ადგილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესთან დაკავშირებით
სასამართლომ მიიჩნია, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ ევროპის ადამიანის
უფლებათა სასამართლოს ვერ წარუდგინა ერთი არგუმენტიც კი, რომელიც
საქართველოში არსებული სისტემის გამო მისი უფლებების დარღვევას
დაადასტურებდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ
დარღვევა არ მომხდარა.
ხულოსა და ქობულეთის რაიონებში არჩევნების გაუქმებულ შედეგებთან
დაკავშირებით სასამართლომ არ უარყო ის ფაქტი, რომ შესაბამის პერიოდში
არსებული რეჟიმი შეიძლებოდა შემაფერხებელი გარემოება ყოფილიყო
არჩევნების ჩასატარებლად. სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ
საქართველოს, კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად, არ მოუთხოვია
საგანგებო მდგომარეობისას ვალდებულებებისაგან დროებით გადახვევა.
სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ
შეეცადა არჩევნების ახალი ტურის ჩატარებას და გამოაცხადა არჩევნების
საბოლოო შედეგები.
ევროპულმა სასამართლომ, ასევე, იმსჯელა ლეიბორისტული პარტიის
პრეტენზიაზე მისი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ და მიიჩნია,
რომ არ არსებობდა რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება, რაც ლეიბორისტული
პარტიის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას დაადასტურებდა.
მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ლეიბორისტებმა 2.000.000.000 ევრო
მოითხოვეს, რაც სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად. ასევე არ
დაკმაყოფილდა მოთხოვნა
მატერიალური ზიანის სახით 212.306,30 ევროს ანაზღაურების თაობაზე. რაც
შეეხება შიდა სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ ხარჯების,
მოთხოვნილი 1 832 ევროს ნაცვლად, სასამართლომ 43 ევროს ანაზღაურება დაადგინა.
ევროპულმა სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ქართველი ადვოკატების
ლია მუხაშავრიას, ქეთევან უტიაშვილისა და მარინე ცუცქირიძისათვის
სამუშაოს ანაზღაურება; ამასთან, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
გერმანელი ადვოკატის მოთხოვნა და მისთვის მოთხოვნილი 21.420 ევროს
ნაცვლად 10.000 ევროს ანაზღაურება დაადგინა.
ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება და
დაექვემდებარება აღსრულებას იმ შემთხვევაში, თუ ევროპული კონვენციის
43-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან სამი თვის
ვადაში მხარეები მას არ გაასაჩივრებენ ევროპული სასამართლოს დიდ
პალატაში.
11 ივლისი,
2008 წელი
2008 წელს 5 680 თანამდებობის პირის ფინანსური მდგომარეობით
დაინტერესდნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირთა ქონებრივი და
საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში, 2008 ექვსი თვის
განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 500 განცხადება შევიდა.
გამოთხოვილია 5 680 თანამდებობის პირის დეკლარაცია.
თანამდებობის პირთა ფინანსური მდგომარეობით განსაკუთრებული
დაინტერესება მარტისა და აპრილის თვეებში აღინიშნა. მარტში 2 418
თანამდებობის პირის დეკლარაცია გაითხოვეს, აპრილში - 2404 დეკლარაცია.
წლეულს, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით,
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობით დაინტერესებამ საგრძნობლად
იმატა. 2007 წლის ექვსი თვის განმავლობაში ბიუროს, 979 თანამდებობის
პირის დეკლარაციის მოთხოვნით, 563-მა განმცხადებელმა მიმართა.
10 ივლისი, 2008
წელი
წლეულს აღსრულებული საქმეებიდან ბიუჯეტში 5
750 724 ლარი შევიდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის
ტერიტორიულმა ბიუროებმა 2008 წლის ექვსი თვის განმავლობაში 19 202
საქმე აღასრულა, რის შედეგადაც ბიუჯეტში 5 750 724, 29 ლარი გადაირიცხა.
დეპარტამენტის სტატისტიკის და ანალიზის განყოფილების მონაცემებით, 19
202 საქმიდან პირველ კვარტალში აღსრულებულია 10 457 საქმე, ხოლო მეორე
კვარტალში - 8 745 საქმე.
9 ივლისი, 2008
წელი
შემოქმედებითი საღამო ეროვნულ არქივში
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს
გაიმართა საქართველოს სახალხო მხატვრის, ზურაბ ლეჟავას შემოქმედებითი
საღამო, რომელიც მისი დაბადების 83-ე წელს მიეძღვნა.
ღონისძიება ეროვნული არქივის, სს „ქართული ფილმისა“ და ქაქუცა
ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის
ინიციატივით ჩატარდა.
ზურაბ ლეჟავა წლების განმავლობაში საქართველოს მხატვართა კავშირის
თავმჯდომარე იყო. იგი ასევე აქტიურად მოღვაწეობდა კინოში. გადაღებულია
ისეთ ცნობილ მხატვრულ ფილმებში, როგორიცაა: „არსენა“, „გიორგი სააკაძე“,
„ქეთო და კოტე“, „მწვერვალთა დამპყრობნი“, „მალახოვის ყორღანი“, „წიგნი
ფიცისა“.
შემოქმედებით საღამოზე ნაჩვენები იყო კადრები კინოფილმებიდან ზურაბ
ლეჟავას მონაწილეობით. როგორ არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა
აღნიშნა, აღნიშნული კადრები არქივში დაცული მასალების მიხედვით
წარმოადგინეს. „ვიმედოვნებ, დღევანდელი საღამოს სტუმრები კმაყოფილნი
დარჩებიან. მსგავსი ღონისძიებები არქივში მომავალშიც გაიმართება", -
აღნიშნა იაშვილმა.
არქივის დარბაზში გამოფენილი იყო აგრეთვე ზურაბ ლეჟავას მხატვრული
ნამუშევრების საუკეთესო ნიმუშები, მათ შორის, „სამანიშვილის
დედინაცვლის" ესკიზები.
9 ივლისი, 2008
წელი
უხუცეს ქართველს 128 წელი შეუსრულდა
2008 წლის 8 ივლისს საქართველოს უხუცეს მოქალაქეს ანტისა ხვიჩავას 128
წელი შეუსრულდა. მხცოვან ქალბატონს ღირშესანიშნავი თარიღი იუსტიციის
სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სახელით ზუგდიდის
ტერიტორიული სამსახურის უფროსმა მიულოცა.
მე-19 საუკუნის მიწურულს, 1880 წლის 8 ივლისს დაბადებული ანტისა
ხვიჩავა წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში ცხოვრობს. გუშინ მასთან
დაბადების დღის მისალოცად ზუგდიდის ტერიტორიული სამსახურის უფროსი ლაშა
ტყებუჩავა პირადად ჩავიდა და საჩუქრად საქართველოს მოქალაქის პასპორტი
და ყვავილების თაიგული გადასცა.
9 ივლისი, 2008
წელი
ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის მიღება ინტერნეტის
მეშვეობით არის შესაძლებელი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოქალაქეებს კიდევ ერთ ახალ, გამარტივებულ მომსახურებას სთავაზობს -
ინტერნეტის მეშვეობით ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის
მიღებას.
სააგენტოს ვებგვერდზე:
www.napr.gov.ge მოქალაქეებს შეუძლიათ გამარტივებული წესით, საჯარო
რეესტრში მისვლის გარეშე მოიძიონ ინფორმაცია ტექნიკური აღრიცხვის
არქივში შესული განცხადებების შესახებ, კერძოდ: განცხადების შინაარსი,
განცხადების განხილვის ეტაპი, განცხადების განხილვასთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილებები, განცხადების განხილვის შედეგად მომზადებული
დოკუმენტები: ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, ინფორმაცია
უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და ტექნიკური აღრიცხვის
არქივში დაცული დოკუმენტის ასლი.
ელექტრონული ფორმით მიღებულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს, მიუხედავად
იმისა, რომ რეგისტრატორის ხელმოწერა და საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს ბეჭედი არ გააჩნია, აქვს იურიდიული ძალა და ამ სახით
გამოიყენება ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ.
9 ივლისი, 2008
წელი
განაჩენი უკანონოდშობილის მემკვიდრეობის საქმეზე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული
დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის გამოქვეყნება იუსტიციის სამინისტროს
ვებგვერდზე გრძელდება.
დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტი 1798 წლით არის დათარიღებული და სადავო
მამულის საქმეს ეხება.
სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის მიხედვით, მღვდელ სტეფანე
ბილანიშვილს მამულს ედავებოდნენ თევდორე დარჩაშვილის ქვრივი ანა და
მისი შვილი გოგია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტეფანე და თევდორე ერთი
მამის შვილები - ძმები იყვნენ, ამიტომ ბილანიშვილების მამული ძმებს
შორის უნდა გაყოფილიყო და თევდორეს ცოლ-შვილს მამულიდან წილი მიეღო: „იმათი
სახლიკაცი ვართ და მამულში წილს არ გვიდებსო“.
1798 წლის 22 მაისს დარჩაშვილების საჩივარი სასამართლოში გაირჩა.
მსაჯულებმა სარჩელი მოისმინეს, ზედმიწევნით გამოიძიეს და დაადგინეს,
რომ თევდორე უკანონოდშობილი იყო - „ცოდვის შვილი აღმოჩნდა“.
ასეთ შემთხვევაში, ვახტანგ VI-ის კანონის 110-ე მუხლი ითვალისწინებს:
უკანონოდშობილის „წილი არ არის მამულში. თუ თავის ძმებს ეყმობა,
ძმებმან ერთის ყმის ალაგს უნდა არჩნონ. და თუ არ უნდა ძმებთან ყოფნა,
იმათთან არაფერი წილი არა აქვს. მამას თუ ან ბუშისთვინ და ან მართლის
შვილისთვინ სიცოცხლეში მიუცია რამე, ის არ ჩაითვლების, იმისია
ვისთვინაც მიუცემია“.
სასამართლომ განაჩენი გამოიტანა 110-ე მუხლის საფუძველზე: თევდორეს
ცოლ-შვილი სტეფანეს მამულში ვერ შეეცილება და წილს ვერ მიიღებს, მაგრამ
„თუ ეს გოგია თავის თავს ყმად მისცემს, სტეფანემ მამული უნდა მისცეს და
ყმად დაისახლოს. და თუ ყმად არ დაუსახლდება, მამულში სახლიკაცობით წილი
არ დაედება სამართლის ძალით“.
განაჩენი სისრულეში მოიყვანეს იასაულებმა - გოგია ფოცხვერაშვილმა და
იოსებ ბოსტაღანასშვილმა.
8 ივლისი, 2008
წელი
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში SIDA-ს პროექტი
დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „ორგანიზაციული
განვითარება და მომხმარებელთა გაუმჯობესებული მომსახურება“ დაიწყო.
პროექტი მიზნად ისახავს საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების
განვითარებასა და მის პროცედურულ, ფიზიკურ და ფუნქციურ ორგანიზაციას;
სააგენტოსა და მისი მომსახურების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას;
რეესტრის მონაცემების ხარისხისა და სანდოობის უზრუნველყოფას, ზოგადად,
ქონებრივი უფლებების დაცვას და მიწის რაციონალურ გამოყენებას.
პროექტი 2012 წლის დეკემბერამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში
დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: სანოტარო ოფისებთან თანამშრომლობა,
ანალოგიური პრაქტიკის მქონე ქვეყნებში სასწავლო ვიზიტების ორგანიზება;
სემინარები ახალი სერვისების შესახებ; პერსონალის კვალიფიკაციის
ამაღლება, სისტემის დოკუმენტაციისა და აპარატულ-პროგრამული
უზრუნველყოფის; რეკომენდაციების შემუშავება ახალი კანონპროექტების
შესახებ და სხვ.
პროექტის მენეჯერის ეკა მესხიძის განცხადებით, პროექტი მიმართულია
ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების
გამოცდილების გაზიარებისკენ.
8 ივლისი, 2008
წელი
ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა გასვლითი კონსულტაცია
ჩაატარეს
იუსტიციის
სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს
თანამშრომლებმა აბაშის რაიონში გასვლითი კონსულტაცია ჩაატარეს.
შეხვედრაზე, რომელსაც რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და
მმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, აქტუალური სამართლებრივი
საკითხები განიხილეს.
გასვლითი კონსულტაციები რეგულარულად ტარდება. იურიდიული დახმარების
სამსახურის იურისტებმა ამგვარი შეხვედრები სენაკის, ქობულეთის,
თიანეთისა და ყვარლის რაიონების მოსახლეობასთან უკვე გამართეს. ამ
ღონისძიებების მიზანს მოქალაქეთა სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა
და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ საზოგადოების ინფორმირება
წარმოადგენს.
7 ივლისი, 2008
წელი
სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები სასწავლო კურსს გაივლიან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სასწავლო ცენტრში დღეს, სპეციალიზებული სასწავლო პროგრამის მიხედვით,
სასჯელაღსრულების სისტემის რეჟიმის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო.
ღონისძიება 3 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი, რომელზეც სწავლებას
სასჯელაღსრულების სისტემის რეჟიმის 120 თანამშრომელი გაივლის, 16
აგვისტოს დასრულდება. გადამზადების პროცესი წლის ბოლომდე გასტანს.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება,
რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის
დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.
აღნიშნული ღონისძიება „ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის
ორგანიზაციის მისია საქართველოში” (OSCE) ფინანსური მხარდაჭერით
ხორციელდება.
7 ივლისი, 2008
წელი
პატიმარი გარდაიცვალა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი ელვარდ ნ. გარდაიცვალა. ავადმყოფს
დასმული ჰქონდა დიაგნოზი: ათეროსკლეროზი, თრომბოემბოლია მუცლის აორტის
ბიფურკაციის დონეზე, ორივე ქვედა კიდურის განგრენა.
ექიმების პირველადი დასკვნით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი განგრენის
გამო განვითარებული ენდოტოქსიური შოკი გახდა.
ელვარდ ნ. 2005 წლის 3 ნოემბერს განზრახ მკვლელობის ბრალდებით იყო
დაკავებული. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
5 ივლისი, 2008
წელი
იურიდიული დახმარების სამსახური ერთი წლისაა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის
დაარსებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად დღეს იუსტიციის სამინისტროში
გაიმართა ღონისძიება, სადაც იურიდიული დახმარების სამსახურის
საქმიანობის შედეგებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ გახსნა. ღონისძიებას
ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაია კოპალეიშვილი,
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რუსუდან ტაბატაძე, ეუთო-ს,
ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“, USAID-ის, ნორვეგიის კანონის
უზენაესობის მრჩეველთა მისიის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები,
ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები.
“იურიდიული დახმარების სამსახური ერთი წლის წინ შეიქმნა და ამ დროის
განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. სამსახურის ადვოკატები
უფასოდ იცავენ იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ მატერიალური
შესაძლებლობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ადვოკატები
ათასობით ადამიანს მოემსახურნენ, ორ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი
დადგა, რაც კარგი შედეგია. ამ დროისათვის, სამსახურს 10 ტერიტორიული
ბიურო და ორი საკონსულტაციო ცენტრი აქვს. ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო
მეტი ტერიტორიული ოფისის გახსნას, რათა მოქალაქეებისათვის მომსახურება
კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. უფასო იურიდიული დახმარების სფეროში
მიღწეული წარმატება მოკლე ვადაში ეფექტიანი რეფორმის განხორციელების
კარგი პრეცედენტია“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
რუსუდან ტაბატაძის ინფორმაციით, იურიდიული დახმარების სამსახური
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ფარგლებში 2007 წლის ივლისში
ამოქმედდა. მისი მიზანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციითა
და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების
განხორციელება და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
დღეისათვის, სამსახურის 10 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი კახეთის,
მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის,
რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის რეგიონებში და თბილისში
ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული ოფისების უმრავლესობა
2007 წლის ნოემბრიდან მოქმედებს, იურიდიული დახმარების სამსახურის
იურისტებმა წარმოებაში 6257 საქმე მიიღეს, სოციალურად დაუცველ
მოქალაქეებს 2080 კონსულტაცია გაუწიეს და სხვადასხვა ინსტანციის
სასამართლოში ორ გამამართლებელ განაჩენს მიაღწიეს.
იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურება მოქალაქეთათვის სრულიად
უფასოა და მოიცავს იურიდიულ კონსულტაციას ყველა სამართლებრივ საკითხზე;
სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ
საქმეებთან დაკავშირებით; ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და
მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის პროცესის
ნებისმიერ სტადიაზე. 2009 წლიდან საზოგადოებრივი ადვოკატების
მომსახურება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის საქმეებზეც
გავრცელდება.
4 ივლისი, 2008
წელი
მეფეების – არჩილისა და ლუარსაბის მოსახელეები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს
მონაცემებით, საქართველოში 14 წლისა და უფროსი ასაკის 8 896 არჩილი და
139 ლუარსაბი ცხოვრობს.
4 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე მეფეების არჩილისა (VIII
საუკუნე) და ლუარსაბის (XVII საუკუნე) დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან
დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკურმა
სამმართველომ კვლევა გაცემული პირადობის მოწმობების საფუძველზე ჩაატარა.
კვლევამ აჩვენა, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტი არჩილი ცხოვრობს
თბილისში, აჭარასა და კახეთში, ხოლო ლუარსაბი - თბილისში, შიდა ქართლსა
და იმერეთში.
მსგავსი კვლევის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მოქალაქეთა ერთიანი მონაცემების
ელექტრონული ბაზა შეიქმნა.
14 წელს მიღწეული ყველა საქართველოს მოქალაქე ვალდებულია პირადობის
მოწმობა აიღოს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები
კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს
პირადობის მოწმობას უფასოდ გასცემენ.
4 ივლისი, 2008
წელი
პატიმარს ერთიანი ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება მიეცა
არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა ვალერი ბ.-მ მონაწილეობა მიიღო ერთიან
ეროვნულ გამოცდებში. პატიმარი საგამოცდო ცენტრში ბადრაგის თანხლებით
მიიყვანეს. მან ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიარა.
აბიტურიენტი მომდევნო ორ გამოცდასაც დაესწრება. ტესტირების წარმატებით
გავლის შემთხვევაში იგი უმაღლეს სასწავლებელში სპეციალური პროგრამით
შეძლებს სწავლის გაგრძელებას.
4 ივლისი, 2008
წელი
პატრიარქმა პატიმრები მოინახულა |