|
საწყისი გვერდი >
სამართლებრივი ძეგლები
სამართალი ვახტანგ VI-სა
განაჩენები
და სხვა ისტორიულ-სამართლებრივი დოკუმენტები:
განაჩენი ერეკლე II-ისა მკვლელობის სასისხლო საქმეზე
სადავო
მამულის გამო მომხდარი ჩხუბის დროს, დიდებულების - ალავერდელის,
ჩოლოყაშვილისა და ენისელთმოურავის ყმებს თოფით მოუკლავთ თავადი პართენ
მდივნის შვილი და აზნაური მაჭავარიანი.
1794 წლის 20 ოქტომბერს ერეკლე II-მ მკვლელობის საქმე განიხილა და
განაჩენი ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის 28-ე მუხლის მიხედვით
გამოიტანა: „საქართველოს მეფემან მეორემან ირაკლიმ ეს სამართალი
მივეცით, რადგანაც ყმათ მოეხდინათ შფოთი, მკვლელნი რომელნიც არიან,
ისინი უნდა სამართალს მოსცენ და ერთობით უნდა სისხლი დაუურვონ*. პართენ
მდივნის შვილი მესამე თავადათ ჩავარდა. მესამე თავადის სისხლის,
სანატრელის მეფის ვახტანგის სამართლის წიგნით, „კÀ“ (28) სამას
ორთხმოცდაოთხი თუმანი არის გაჩენილი. მაჭავარიანის სისხლი აქ
მოხსენებული არ არის. იმისი სისხლი სხვა განაჩენით გაჩნდება.“
მკვლელ ყმებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმის - სამას ოთხმოცდაოთხი თუმანის
გადახდა. განაჩენში დამნაშავეთა ვინაობა არ არის მითითებული.
გადაჩენის აღსრულება იასაულ ალექსანდრეს დაევალა.
* დაურვება – სათანადო წესების შესრულება; დამორჩილება; გადახდევინება.
განაჩენი უკანონოდშობილის მემკვიდრეობის საქმეზე
მღვდელ სტეფანე ბილანიშვილს მამულს ედავებოდნენ თევდორე დარჩაშვილის ქვრივი ანა და მისი შვილი გოგია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტეფანე და თევდორე ერთი მამის შვილები - ძმები იყვნენ, ამიტომ ბილანიშვილების მამული ძმებს შორის უნდა გაყოფილიყო და თევდორეს ცოლ-შვილს მამულიდან წილი მიეღო: „იმათი სახლიკაცი ვართ და მამულში წილს არ გვიდებსო.“
1798 წლის 22 მაისს დარჩაშვილების საჩივარი სასამართლოში გაირჩა. მსაჯულებმა სარჩელი მოისმინეს, ზედმიწევნით გამოიძიეს და დაადგინეს, რომ თევდორე უკანონოდშობილი იყო - „ცოდვის შვილი აღმოჩნდა.“
ასეთ შემთხვევაში, ვახტანგ VI-ის კანონის 110-ე მუხლი ითვალისწინებს: უკანონოდშობილის „წილი არ არის მამულში. თუ თავის ძმებს ეყმობა, ძმებმან ერთის ყმის ალაგს უნდა არჩნონ. და თუ არ უნდა ძმებთან ყოფნა, იმათთან არაფერი წილი არა აქვს. მამას თუ ან ბუშისთვინ და ან მართლის შვილისთვინ სიცოცხლეში მიუცია რამე, ის არ ჩაითვლების, იმისია ვისთვინაც მიუცემია.“
სასამართლომ განაჩენი გამოიტანა 110-ე მუხლის საფუძველზე: თევდორეს ცოლ-შვილი სტეფანეს მამულში ვერ შეეცილება და წილს ვერ მიიღებს, მაგრამ „თუ ეს გოგია თავის თავს ყმად მისცემს, სტეფანემ მამული უნდა მისცეს და ყმად დაისახლოს. და თუ ყმად არ დაუსახლდება, მამულში სახლიკაცობით წილი არ დაედება სამართლის ძალით.“
განაჩენი სისრულეში მოიყვანეს იასაულებმა - გოგია ფოცხვერაშვილმა და იოსებ ბოსტაღანასშვილმა.
ერეკლე II-ის განაჩენი სადავო მამულის შესახებ
ქიზიყის
მოურავი ზაქარია ენდრონიკაშვილი და დავით აფხაზი ერთმანეთს ედავებოდნენ
სოფელ კარდანეხსა და ბაკურციხეში მდებარე მამულს. ორივე მოდავე მხარემ
მეფესთან იჩივლა.
ერეკლე II-მ, მსაჯულების თანდასწრებით, საქმე განიხილა. დავით აფხაზმა
სასამართლოში წარადგინა მეფე კოსტანტინეს მიერ გაცემული წყალობის წიგნი,
რომლითაც დადასტურდა, რომ სადაო მამული მისი კუთვნილება იყო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაო მამული დავით აფხაზს მიაკუთვნეს -
“რაც დავინახეთ (საბუთებში), ესრეთ განვსაჯეთ, როგორც დაგვიწერია,
თავიანთი წიგნებიდამ მოხდა ეს სამართალი, სხვას ნურავის დააბრალებენ
რასმე”.
მოსამართლემ დავით ენდრონიკაშვილს დაუდგინა, რომ ხუთი თვის ვადაში
სასამართლოში წარედგინა სადაო მამულის კუთვნილების დამადასტურებელი
საბუთი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მას ჩივილის უფლება აღარ
მიეცემოდა.
განაჩენს ბეჭდებით ამტკიცებენ: ალავერდელი მიტროპოლიტი ანტონი,
დედოფალი დარეჯანი, მეფისძე გიორგი, ბატონიშვილი ვახტანგი.
განაჩენი გამოტანილია 1788 წლის 11 ივლისს.
ერეკლე II-ის გადაწყვეტილება ტყითა და მინდვრით სარგებლობის თაობაზე
ამილახვრებს
თუმანიშვილებისათვის აეკრძალათ ტყეში შეშის მოჭრა და მინდორში საქონლის
ძოვება. თუმანიშვილებმა დახმარებისთვის ერეკლე II-ს მიმართეს.
მეფემ საჩივარი განიხილა და გადაწყვეტილება თუმანიშვილების სასარგებლოდ
მიიღო:
“ეს როგორი საქმე არის, კაცს მაგისთანა ვაება (უზარმაზარი) მთა ჰქონდეს,
ყოვლის ხით სავსე და მინდვრის კაცს დასაწვავს შეშას და სახლის ხეტყეს
არ ანებებდეს, ამისთანა საქმე ვის დროს ქმნილა და რომელს დროს მომხდარა?
აღარც ტყეში შესვლა დაუშალოთ და არც მინდორში საქონლის ძოება”.
[1785 წლის 28 იანვარი]
ერეკლე II-ის გადაწყვეტილება ობოლი ბავშვის მსახურად წაყვანის თაობაზე
ერეკლე
II-ს საჩივრით მიმართა მამუკა გუგულაშვილის ქვრივმა. თავის არზაში
ქვრივი ჩიოდა, რომ მუხრანბატონის აზნაურიშვილს უკანონოდ, მსახურად
წაეყვანა მისი ათი წლის შვილი.
მეფემ საჩივარი განიხილა და გადაწყვეტილება ქვრივის სასარგებლოდ მიიღო.
მან სახლთუხუცეს იოვანე მუხრანბატონს უბრძანა, აზნაურიშვილს ობოლი
ბავშვი დედისთვის დაებრუნებია, რადგან ჯერ მხოლოდ “ყმაწვილი” იყო:
“რადგან ყმაწვილი ყოფილა ისევ თავის დედას მოსცეს თავისი შვილი იმ
შენმა აზნაურიშვილმა. გაიზარდოს და ისე იმსახუროს, უნდა დააცალოს
მანამდისინ თხუთმეტი, თექვსმეტი წლის შეიქმნას”.
ერეკლე II-ს ქვრივმა არზა 1785 წლის 27 იანვარს გაუგზავნა. მეფემ
განაჩენი მეორე დღესვე, 28 იანვარს გამოიტანა.
[1791 წლის 1 მაისი]
განაჩენი ერეკლე II-ისა იუსტინე ურბნელის საჩივარზე
იუსტინიანე
ურბნელმა საჩივრით მიმართა მეფე ერეკლე II-ს. თავის არზაში იუსტინიანე
ითხოვდა სამონასტრო მამულიდან სხვების მიერ უკანონოდ აღებული ღალისა და
კულუხის* ეკლესიისათვის მიცემას, აგრეთვე, უკანონოდ გაყიდული საეკლესიო
მამულების დაბრუნებას.
ერეკლე II-მ სამონასტრო მამულის საქმე განიხილა და განაჩენიც გამოიტანა.
მან სამართლიანად სცნო და დააკმაყოფილა იუსტინე ურბნელის საჩივარი.
მეფემ განაჩენი კათალიკოს პატრიარქ ანტონს გაუგზავნა: „ჩვენო ღმრთის
წყალობავ კათალიკოზო ანტონ, ჩემგან დადებული განაჩენი თქვენ უნდა
გაშინჯოთ, კარგა გამოძიებით გაშინჯოთ, როგორც იმ განაჩენში ეწეროს იმ
ეკლესიის საქმე, ისე უნდა აღასრულოთ. ვისაც ამ ეკლესიის ყმა და მამული
მიმძლავრებული ან გასყიდული ჰქონდეს, უკანვე უნდა დააბრუნოს და ან
კიდევ იმ ეკლესიის მამულის ღალა და კულუხი ვისაც წაეღოს უნდა
მიაცემინოთ ეკლესიისათვისვე“.
*კულუხი – ღვინის ღალა; ღვინის სამეფო და საბატონო გადასახადი.
[1592-1599წწ.]
ყმა-მამულის შეწირულების წიგნი, მიცემული ქართლის
კათალიკოს-პატრიარქ დოროთეოსის მიერ ნიტრიის ეკლესიისადმი
კათალიკოსმა
დოროთეოსმა მეფე გიორგის ნებართვით სურამის მახლობლად სოფელი ნიტრია
შეისყიდა. სოფლის ეკლესია დანგრეული იყო. დოროთეოსმა მონასტერი ააშენა
- „აღვაშენე მონასტერი ესე კარგი სახლსა ზედა სიონისასა, დიდი და
პატიოსანი...“
რამდენიმე ხნის შემდეგ, მტრის შემოსევის დროს, ეკლესია კვლავ
განადგურდა, მაგრამ დოროთეოსმა ისევ აღადგინა - „ჩემი ეკლესია დამიწვეს
და სოფელი ამიოხრეს. კიდევ უგულებებელს ვყავ ჩემი ნაშრომი, მივჰყავ
ხელი და აღვასრულე ეკლესია შენობითა.“
კათალიკოსმა ეკლესიაში წმინდა სიონის ღმრთისმშობლის ხატი დაასვენა,
რომელიც ძვირფასი თვალმარგალიტით იყო შემკული. ამას გარდა, ეკლესიას
მრავალი ხატი და საეკლესიო ნივთი შეწირა, კიდევ სოფელი ზინდისი,
სურამში მცხოვრები გლეხები და მრავალი ყმა-მამული გადასცა - „ჩემთვის
და ჩემის სახლისთვის სასაფლაოდ, სამამულოდ და სამკუიდროდ ამიშენებია.
მრავალნი ჭირნი და იწროებანი მამითმენია... დიდად მიღვწია და ღვაწლით
ამიშენებია... ამისნი დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს და წმინდამან
ღმრთისმშობელმან“.
[1467წ.]
ორი წისქვილის შეწირულების წიგნი, მიცემული ქართლის კათალიკოს აბრამ
აბალაკის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისადმი

კათალიკოსმა
აბრამ აბალაკმა, თამარ მეფის დროინდელ საწისქვილე ადგილზე ააშენა ორი
წისქვილი და შეწირა სვეტიცხოველს. სამაგიეროდ ტაძარში ღმრთისმშობლის
ხატთან ორი კანდელი დღედაღამ ჩაუქრობლად უნდა დაენთოთ „მოსახსენებლად
ცოდვილისა სულისა ჩუენისა.“ საბუთი დამტკიცებული ყოფილა აბალაკის ხელით
- „ჩუენ ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზი აბრამ აბალაკი
კანონითა ვამტკიცებთ; ჩუენთა ცოდვათათუის განკითხუის, ვინცა ესე ყოვლად
წმიდასა მოუშალოს.“
[1710წ. 1 ივნისი]
განაჩენი ვანთის წმ. დავითის სადაო მამულების საქმეზე
კათალიკოსი
დომენტი სასამართლოში ითხოვს ვანთაში წმ. დავითის მამულების საზღვრების
დადგენას.
სასამართლომ ვანთაში მოსამართლეებად გააგზავნა სამებელი ნიკოლოზი და
სახლთუხუცესი ედიშერი: - „ჩვენ გავსინჯეთ ვანთას წმინდის დავითის
მამულები ქოქიაური, ჭონიაური, თუთაშხიშვილის მამულები და უბოძეთ და
დაუმტკიცეთ თვისის შესავლითა, გასავლითა, მთითა, ბარითა... ყოვლის
კაცის უცილობლად... ეს ასე დამტკიცდეს და არ მოიშალოს... ამრიგად ვერც
ვანთის მოურავმა და სხვარიგმა მოსაქმემ ხელი ვერ დადვას წმინდის
დავითის კერძზედ.“
საბუთს აქვს გვიანდელი დამტკიცება - „ჩვენ სრულიად საქართველოს და
სხვათა, მეფე ირაკლი მეორე ამ სიგელს ვამტკიცებთ. ოქტომბრის გ, ქკს უპ
(1792წ. 3 ოქტომბერი).“
{1707 წელი}
ვახტანგ VI-ის საშუამდგომლო წერილი საფრანგეთის ელჩისადმი ფრანგი
მკურნალი ქალის შესახებ
მეფე
ვახტანგ VI-მ კონსტანტინეპოლში საფრანგეთის ელჩს, მარკიზ დე-ფირიოლეს
წერილი გაუგზავნა. ამ წერილით მეფე ელჩს ატყობინებს საქართველოში
ფრანგი მკურნალი ქალის მოგზაურობის ამბავს. წერილში მეფე საფრანგეთში
მიმავალი მკურნალი ქალის მშვიდობიანი გატარებისა და მეგზურების გაყოლის
თაობაზე შუამდგომლობს:
„ეს თქვენის ხელმწიფის საბატონოდამ წამოსული ქრისტიანი დედაკაცი, აქ
ჩვენს საბატონოში მოვიდა და მანდ წამოსასვლელის გზის შოვნას
შემოგვეხვეწა. აქ რომ ბედნიერს ყეენთან თქვენი ელჩი არის, იმასაც წიგნი
მოეწერა გზა უშოვნეთო და სტამბოლამდინ თქვენი კაცი გაატანეთო. ჩვენ ამ
დედაკაცის საქმე მოკითხული ვქენით, ქრისტიანი და კარგი ნამუსიანი
დედაკაცი ყოფილა, მრავალი ქრისტიანი ფრანგები, ერისკაცნი სიკვდილს
მოურჩენია; ამისთანას კაის დედაკაცობით უვლია და ახლა მანდ
გვიახლებია... ერთი წიგნი ამაღლებულს ფრანგისის ხელმწიფესაც აახელით,
რომე ჩვენის გულისათვინ ნურას უწყრომებენ...“
საბუთს თავში აქვს წარწერა:
„ქ. ფრანქსისის ხელმწიფის ელჩის, მარქეს დე-ფირიოლე. ქალაქსა შინა
კოსტანდიპოლის მივიდეს. ქრისტეს აქათ, ათას შვიდას და შვიდსა“.
{1661 წელი}
განაჩენი ბარათაშვილებისა და არეშიანების სადაო მამულის საქმეზე
ბარათაშვილები
არეშიანებს მამულის საზღვრებს ედავებოდნენ და სასამართლოში იჩივლეს.
მეფე შაჰნავაზის (ვახტანგ V) ბრძანებით, მოსამართლეებმა საქმე
გაარჩიეს.
სასამართლომ მოდავე მხარეებს ძველი განაჩენები მოთხოვა. ბარათაშვილებმა
საბუთები წარადგინეს, არეშიანებმა კი ვერა. შესაბამისად, სასამართლომ
გამოიტანა განაჩენი, რომ სადაო მამული ბარათაშვილებს ეკუთნოდათ:
”სამკვიდროც ამათი ყოფილა ელიას ქვას აქათი, ახლაც სამკვიდროდ დანებდა
და ვერც სხვა კაცი შეეცილება... და სამკვიდროდ დარჩა”.
[1796წ. 20 აგვისტო]
განაჩენი მაჭავარიანების და სრესელების სასისხლო საქმეზე
მაჭავარიანები
და სრესელები ერთმანეთს უჩიოდნენ ხმლებით დაჭრაზე, დედაკაცის მუცლის
მოშლაზე, თოფით და ხმლით ერთმანეთზე გაწევაზე და სხვა.
სასამართლოში ორივე მხარე ალაპარკეს და მათი საჩივარი მოისმინეს -
„ჩვენ მოვისმინეთ, ერთმანეთში გავედ-გამოვედით და მაგდენი ერთმანეთზე
მეტნაკლები არა იყორა, ორსავ საჩივარი გავატარეთ; რაც განაჩენები
ჰქონდათ, ორთავ დაუხივეთ და ერთმანეთს შევარიგეთ.“
სასამართლომ კიდევ დაადგინა, რომ თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ კიდევ
იჩხუბებდნენ, დანაშაულის ჩამდენი მკაცრად დაისჯებოდა და ყმა-მამულიც
ჩამოერთმეოდა.
[1784წ. 15 ივნისი]
განაჩენი კიკოლა მათუნაშვილის სასისხლო საქმეზე
ყანჩაველის
ბუში კიკოლა მათუნაშვილი, გოგია თუხარელს სახლში მიუვარდა და
ცოლ-შვილის თვალწინ გალახა, თავში ხმალი ჩაარტყა და მკლავში დაჭრა.
გოგიას ძმა რამაზი კი ხმლით გვერდში დაჭრა.
დაზარალებულმა ძმებმა მდივანბეგ იესე ამილახვართან იჩივლეს –
მათუნაშვილს ჩვენი ამოწყვეტა უნდოდაო.
საჩივარი სასამართლოში გაირჩა - „რადგან მათუნასშვილს ასრე სასიკვდილოთ
ორნივ ძმანივე გამოემეტა და დაეკაფა, ჩვენ სამართალი მივეცით; რადგან
მეტს ვერ შეიძლებდა, მეორე აზნაურიშვილის სისხლი გაუჩინეთ –
ოთხმოცდაათი თუმანი.“
კასპის მოურავებს ნინია ქარუმიძეს და ნინია ზაალიშვილს მოსამართლემ
უბრძანა - „ეს განჩინება როგორც განგვიწესებია, ეს ისე უნდა აღასრულოთ;
რაც სისხლი დაგვიწერია, ახლავე უნდა მიაცემინოთ...“
1795 წ. 13 ნოემბერი /ქკს უპგ, გიორგობის
იგ/
განაჩენი გლახა მახატელის და გოგია ზარდიაშვილის სადაო მამულის
საქმეზე
გლახა
მახატელი და გოგია ზარდიაშვილი მამულზე დაობდნენ. ზარდიაშვილს ფიცი
დაეკისრა. როცა ეკლესიიდან ხატის გამობრძანების დრო მოვიდა,
ზარდიაშვილმა შემოთვალა, ფეხი მტკივა და დაფიცებაზე ვერ მოვალო. მაშინ
სახლთუხუცესმა იოვანე აბაშიძემ მამული გამიჯნა და სადაო მიწა გლახა
მახატელს მიაკუთვნა.
გლახამ ხსენებულ მიწაზე სახლის აშენება გადაწყვიტა. საძირკვლის გათხრის
დროს მიუვარდა გოგია ზარდიაშვილი თავისი ძმით და გლახა თოფის დიგლიგით
(კონდახით) ცემა, ხოლო მისი დამხმარე გლეხი პეტრე ხმლით ორჯერ დაჭრა.
მახატელმა სასამართლოში იჩივლა. იულონ ბატონიშვილის (ერეკლე II-ის
ვაჟი) ბრძანებით, მსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს ვახტანგ VI-ის
„სამართლის” 53-ე მუხლის გათვალისწინებით და ზარდიაშვილს დააკისრეს
აზნაურ მახატელის სასარგებლოდ ,,შუა აზნაურიშვილის სისხლის მესამედი“
ე.ი. ოცდათორმეტი თუმანი, ხოლო გლეხის ხმლით დაჭრისთვის კი - ოთხი
მინალთუნი.
გარდა ამ გადასახადისა, ზარდიაშვილს დაეკისრა ჯარიმის გადახდა ერეკლე
II-ის მიერ შემოღებული ახალი “განწესების” მიხედვით ,,მახვილის
ქარქაშიდან ამოღებისათვის“: „ვინც ჩხუბში მახვილი იხადოს, იმას
მახვილის ქარქაშიდამ ამოღებისთვის რისაც გვარისა იყოს ხელის სისხლი
სარქარისათვის ჯარიმად წაერთვას.“
იულონ ბატონიშვილმა უბრძანა იასაულს განაჩენის სისრულეში მოყვანა.
1789 წ. 16 დეკემბერი /ქკს უოზ, ქრისტეშობის ივ/
მსაჯულთა გადაწყვეტილება მოპასუხის სასამართლოში გამოუცხადებლობის
საქმეზე
მოძღვართმოძღვარმა
ნიკოლოზმა და სოფელ გულგულის მცხოვრებლებმა მეფე ერეკლესთან იჩივლეს -
მგალობლიშვილებმა ჩვენს მამულში მდინარეზე ფაცერი* ჩადგეს და სამართალს
ვითხოვთო.
კახეთის მოსამართლეებმა სასამართლოში დაიბარეს მგალობლიშვილები საქმის
გასარჩევად, მაგრამ მათ არ ინებეს მისვლა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ
დაიბარეს მგალობლიშვილები სასამართლოში, მაგრამ ისინი კვლავ არ
გამოცხადდნენ.
მოსამართლეებმა საქმე აღარ განიხილეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება,
მოძღვართმოძღვარ ნიკოლოზს თვითონ დაეწესებინა სასჯელი ურჩი
მოპასუხეებისათვის - ,,ამ აზნაურიშვილებმა არ ინებეს სამართალში მოსვლა
და ახლა ნება მათის უმაღლესობის არის.”
*ფაცერი - მახე თევზებისა (თევზსაჭერი მოწყობილობა)
1784 წ. 11 თებერვალი /ქკს უობ, თებერვლის ია/
განაჩენი მდივანბეგ მზეჭაბუკის სადაო ყმების საქმეზე
მდივანბეგი
მზეჭაბუკი თავის ყმებ შაბაშვილებს უჩიოდა - ,,ჩვენი მკვიდრი ყმანი
არიანო სოფელ კურწიკამში მცხოვრებნიო და ახლა სოფელ დურნუკს ჩასულანო
და დურნუკელად ამბობენ თავიანთ თავსაო და სამართალს ვითხოვო.“
სასამართლოში მზეჭაბუკმა წარადგინა დამადასტურებელი საბუთები
შაბაშვილების ყმობისა. გარდა ამისა, თავისი ბიძა ეშიკაღასბაში* დემეტრე
მოწმედ მიიყვანა, რომელიც მეტად პატიოსან და პატივსაცემ კაცად იყო
ცნობილი. მან ფიცით დაადასტურა მზეჭაბუკის სიმართლე: ,,ღმერთს ვიფიცამ
და მეფეს ერეკლეს, რომ ეს ასე იყო. და ახლა თუ არავინ ირწმუნებს და
მეფეს ერეკლეს ტყუილად დავიფიცავ, მაშ ჩემი ყოველი სიტყვა ცრუ იქნება
და დიდის სასჯელის ღირსიც ვიქნები და ნება სამართლის იყოს.“
მოსამართლემ გადაწყვიტა: ,,მართალია, ეშიკაღასბაში ბიძა იყო, მაგრამ
ჩვენ რომ იმას ვიცნობდით, ის ბიძა იმისთანა არ იყო, რომ მეფე ერეკლე
ტყუილად დაეფიცნა. თუნდა იმდენი სხვადასხვა საბუთები არც კი ჰქონდეს
მზეჭაბუკ მდივანბეგსა, მარტო ეს მოწმობაც ეყოფა.“
სასამართლომ შაბაშვილები მდივანბეგ მზეჭაბუკს მიაკუთვნა და იასაულს
ებრძანა განაჩენის სისრულეში მოყვანა.
*ეშიკაღასბაში - მეფის კარის დაცვის უფროსი. საპოლიციო აპარატის
ხელმძღვანელი.
1783წ. 27 სექტემბერი /ქკს უოა, სექტემბრის კზ/
განაჩენი ზურაბ ბიძინაშვილის მიერ მოახლის „გაწბილების“ საქმეზე
პეტრე
ავალიშვილის ყმა ზურაბ ბიძინაშვილმა, იოსებ მამაცაშვილის ძმის, დეკანოზ
გრიგოლის ნამზითვი მოახლე “გააწბილა”.
იოსებ მამაცაშვილმა არზით მიმართა ერეკლე II-ს და მოითხოვა ამ საქმის
განხილვა. მეფე ერეკლემ უბრძანა მდივანბეგ ამილახვარს საჩივრის
გამოძიება და სიმართლის დადგენა.
ავალიშვილი და მისი ყმა ზურაბი სასამართლოში დაიბარეს. ბიჭმა აღიარა
დანაშაული, რომ მოახლემ მისგან ბუში გააჩინა. საქართველოს “განწესების”
მიხედვით გამოიტანეს გადაწყვეტილება: „რადგან ეს მამაცაშვილები მეორე
აზნაურიშვილები არიან და ის მოახლე უბრალო კი არა, ნამზითვი ყოფილიყო,
სისხლი უფრო მეტი გაუჩნდებოდა.“ მაგრამ ბიჭი ღარიბი იყო. ამ მიზეზით,
სასამართლომ მას “ზოგი” აპატია და მხოლოდ თორმეტი თუმნის გადახდა
დაეკისრა მამაცაშვილების სასარგებლოდ.
1783წ. 25 აგვისტოს /ქკს უოა, აგვისტოს კე/
არზა მდივან სულხანისა, მეფე ერეკლე II-ის ოქმით და მსაჯულების
განაჩენით
მდივანმა
სულხან ბეგთაბეგისძემ ვალი აიღო და თავისი ძმისგან მამული იყიდა. ფასზე
მორიგდნენ, ნასყიდობის სიგელიც გააფორმეს, ბეჭედიც დაუსვეს და
მოწმეებსაც დაამოწმებინეს, მაგრამ მისმა ბიძაშვილმა მდივანმა სოლომონმა
სცადა გარიგების ჩაშლა, იმავე მამულზე მეტი თანხის შეთავაზების გზით.
სულხანმა არზით მიმართა მეფე ერეკლეს და ითხოვა: „მდივანბეგებს
ებრძანოს, თუ საქართველოს სამართლის ძალით ამგვარი გარდაწყვეტილი,
გარიგებული საქმე მოსაშლელი არ იყოს, ნურც მე მომეშლება.“
მეფემ განიხილა თხოვნა და უბრძანა მსაჯულებს, საქართველოს “განწესების”
მიხედვით გაერჩიათ საქმე.
მოსამართლეებმა ვახტანგ VI-ის “სამართლის” ძალით დაადგინეს, რომ უკვე
გაყიდული მამული სხვას აღარ მიეყიდება, თუნდაც მეტი ფასის შეთავაზებით
- „თუ წიგნი დაიწერება და ხელი ჩაირთვის, რაგინდ ფასი მოუმატონ და ან
მსყიდველს აღარ უნდოდეს, ვერ მოშლიან“ (მუხლი 161).
მამული მდივან სულხანს დარჩა.
1778წ. 3 აგვისტო /ქკს, აგვისტოს გ/
განაჩენი ბეჟან რატიშვილის და ფანიაშვილის სადაო ყმის საქმეზე
ბეჟან
რატიშვილი და ფანიაშვილი რუისელ გლეხ მახარაშვილზე დაობდნენ.
სასამართლოს ძალით, გლეხი რატიშვილს მიაკუთვნეს, მაგრამ ფანიაშვილმა
კვლავ იჩივლა და რუისიდან რამდენიმე მოწმე ჩამოიყვანა, რომელთაც
უმოწმეს ფანიაშვილს - გლეხი მისი ყმა არისო.
რატიშვილმა მოსამართლეს წარუდგინა საბუთები, გაცემული მეფე ვახტანგისა
და მეფე ბაქარის მიერ, რითაც დაამტკიცა, რომ მახარაშვილი ნამდვილად მას
ეკუთვნოდა, ხოლო ფანიაშვილის მოყვანილი მოწმეების ჩვენება ცრუ აღმოჩნდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მახარაშვილი ისევ ბეჟანს დარჩა, მოწმეები
კი ცრუ ჩვენებისთვის დაისაჯნენ - „რასაც სამართალი გადაახდევინებს,
ნება სამართლისა არის.“
1773წ. 20 აპრილი
განაჩენი ჭონი* ბეჟანისთვის ჩამორთმეული ბაღის დაბრუნების შესახებ
ჭონი ბეჟანი გადაკარგული იყო. მისი ნაქონი ნაბაღარი მეფე ერეკლე II-მ
მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა, ხოლო კათალიკოსმა ანტონმა იგივე
ნაბაღარი კვეზერელს უბოძა.
დიდი ხნის შემდეგ ბეჟანი დაბრუნდა და თავისი ბაღი დაიბრუნა.
კვეზერელმა, რომელმაც ბაღი დაამუშავა და მოუარა, დანახარჯის
ანაზღაურება მოითხოვა.
მსაჯულებმა დააკმაყოფილეს კვეზერელის თხოვნა, იანგარიშეს ხარჯი და
ბეჟანს თხუთმეტი თუმნის გადახდა დააკისრეს. „ეს თეთრი ბეჟანამ
კვეზერელს უნდა მისცეს. თუ უნდოდეს, ახლავ თეთრი მისცეს და თუ უნდოდეს,
თავისი ნახევარი ბაღი გირაოდ მისცეს.“
*ჭონი - მექუდე, ქუდების მკერავი.
1772წ. 24 ნოემბერი
განაჩენი გედევანიშვილების სადაო ყმა-მამულის საქმეზე

პეტრე, გლახა და ბეცია გედევანიშვილები უჩიოდნენ თავის ბიძაშვილებს,
როსტომ და ზურაბ გედევანიშვილებს, ყმა-მამულზე.
კათალიკოსმა როსტომს და ზურაბს ფიცი დააკისრა, მაგრამ მათ დაფიცება ვერ
შეძლეს და ყმა-მამული პეტრეს და მის ძმებს დარჩათ.
1770წ. 4 სექტემბერი
განაჩენი „ბეზღობის“ საქმეზე
ვინმე
არჯევანმა ყულარაღას* გიორგისთან დააბეზღა ქსნის ერისთავი დავითი და
დააბრალა მეფის ორგულობა.
თავის მხრივ, გიორგიმ მეფეს მოახსენა ეს ამბავი და მოწმედ არჯევანი
მოიყვანა.
საქმე სასამართლოში გაირჩა. დაიბარეს არჯევანის ძმა რამინი და ჰკითხეს:
„ამ შენი ძმის საქმეში თანაზიარი ხარ თუ არაო.“ რამინმა იუარა.
მოსამართლემ მეორე დღეს ორივე ძმა დაიბარა, მაგრამ ისინი გაიპარნენ და
სასამართლოში არ გამოცხადდნენ. ამით დადასტურდა, რომ არჯევანი ტყუოდა
და რამინიც მონაწილე იყო ამ „ცრუ ბეზღობაში.“
სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება _ ძმების მამული გადაეცათ
ერისთავისათვის. ხოლო როცა ძმებს დაიჭერდნენ, არჯევანი დავითისთვის
უნდა მიებარებინათ, ხოლო რამინის საქმე სამართალში უნდა განხილულიყო და
თუ თავს ვერ გაიმართლებდა, ისიც ერისთავს დარჩებოდა.
*ყულარაღასი – მეფის ან დიდებულის მცველი
1771წ. 24 ივნისი
განაჩენი ორბელიანების ყმის ზურაბ ტერტერაშვილის ქვრივის საქმეზე
 სტამბოლიდან
(ტყვეობიდან) დაბრუნებული ზურაბ ტერტერაშვილი ორბელიანებს ეყმო, რადგან
- „მოსული ტყვე თავისუფალია, ვისაც უნდა ეყმობა.“
ზურაბის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა ორბელიანებს უჩივლა,
ქმრის კუთვნილ სარჩოს არ მაძლევენო.
სასამართლომ საქმის გარჩევის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება - „ზურაბის
ქვრივს ის სარჩო უნდა მისცენ, რომელიც მართებულია.“
ერეკლე II ამტკიცებს სასამართლო გადაწყვეტილებას და უბრძანებს იასაულ
გლახა ციციშვილს, განაჩენი სისრულეში მოიყვანოს.
1765წ. 23 აპრილი
განწესება ერეკლე II-ისა და კათალიკოს ანტონ I-ის შინ დაბრუნებულ
ტყვეთა ყმობიდან განთავისუფლების შესახებ
„ჩვენ
მეფეს ერეკლეს, საქართველოს კათალიკოსსა, ეპისკოპოსთა და დარბაისელთა –
ეს პირობა დაგვიდია ღმრთის ფიცითა, რომ, რომელიც ტყვე მოვიდეს, ძველს
პატრონს ხელი აღარ აქვს, თავისუფალია, ვისაც უნდა იმას ეყმობა. ამის
წიგნი დაგვიდია და დაგვიმტკიცებია.“
ამ მნიშვნელოვანი საბუთის დედანი დაკარგულია. იგი წარმოადგენს
საკანონმდებლო განწესებას, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ სასამართლოები
ყმებზე დავის გამო განაჩენების გამოტანისას.
1768წ. 8 იანვარი /ქკს უნვ/
განაჩენი იესე მდივნის და კვეზერელის სადაო მამულის საქმეზე
 მდივან იესეს კვეზერელის ვალი ჰქონდა. მეფე ერეკლე II-მ იესე ერთი თვით
კახეთში იახლა. ამით ისარგებლა კვეზერელმა და მდივნის უმცროსი ძმა
აიძულა მისთვის მამული მიეყიდა, ვალის გადახდის მიზნით.
ქალაქში დაბრუნებულმა იესემ კვეზერელს შეუთვალა: „უჩემოდ ჩემი მამული
თორმეტი წლის ყმაწვილისაგან რად გიყიდნია, შენს თეთრს მე მოგცემ, ჩემს
მამულთან საქმე არა გაქვსო.“ კვეზერელმა უარი განაცხადა მამულის
დაბრუნებაზე, მაშინ მდივანმა სასამართლოში იჩივლა.
მოსამართლეებმა საქმის გარჩევისას ბერძნული სამართალი მოიშველიეს - „უასაკოს
ყმაწვილისაგან გასყიდვა არ იქნება, როცა მისი ძმა, თუ მშობელი ინებებს
დაიხსნისო.“ ქართული სამართალიც იგივეს ადასტურებს: „ბატონისა და
სახლისკაცის შეუკითხავად და დაუბეჭდავად მამული არ გაიყიდებაო.“
ამ კანონების საფუძველზე მსაჯულებმა ნასყიდობა ბათილად გამოაცხადეს და
მამული იესე მდივანს დაუბრუნეს.
1703-1714 წწ.
განაჩენი ნაპოვნი ნივთის გაყიდვის საქმეზე
სახლთუხუცეს*
ლევანის მხევალს თავისი ბატონის საყურეები მიჰქონდა. გზაში საყურე
დაუვარდა და დაკარგა. სამკაული ერთმა ღარიბმა კაცმა იპოვა და
ოქრომჭედელ პაპას იაფად მიჰყიდა.
ნივთის პატრონმა სასამართლოში განაცხადა დანაკარგის შესახებ. სამკაული
ოქრომჭედლებში მოიკითხეს. პაპა ოქრომჭედელმა სასამართლოს დაუმალა
საყურის ყიდვის შესახებ, მაგრამ სიმართლე მაინც გაირკვა და მას როგორც
ქურდს, ისე დააკისრეს სასჯელი.
პაპას მიუსაჯეს საყურეების საზღაური ოცი თუმანი. ამ ოცი თუმნიდან რვა
თუმანი აპატიეს. დარჩენილი თორმეტი თუმნიდან ხუთი მპოვნელს დააკისრეს -
„იმიტომ რომე, რატომ არ დაიძახა – ვისი არისო?.“
ფ.1461, რვ.№3-საბ.№38
*სახლთუხუცესი – სასახლის გამგებელი
1755წ. იანვარი /ქკს* უმგ/
განაჩენი ნაზირ** დიმიტრის სასისხლო საქმეზე

ნაზირ დიმიტრი ციციშვილს თავის ბიძაშვილ დიმიტრი პაპუნას ძესთან
შელაპარაკება მოუხდა ქარელის გალავნის შეკეთებასთან დაკავშირებით.
ჩხუბის დროს ნაზირმა დიმიტრიმ ჯოხი მოუქნია თავის ბიძაშვილს და თავი
გაუტეხა. მან სასამართლოში იჩივლა.
მოსამართლემ განიხილა საჩივარი, დაკითხეს მოწმეები და მეფე ვახტანგ VI-ის
“სამართლის” მიხედვით, პირველი თავადის სისხლის ღირებულების
შესაბამისად, დამნაშევეს ოცდაოთხი თუმანი გაუჩინეს (მიუსაჯეს) ჭრილობის
ზომის მიხედვით.
მეფე თეიმურაზ II-მ განაჩენი დაამტკიცა და უბრძანა იასაულს - „ეს ასე
გაურიგე და რაც სისხლი გაუჩნდა და გასამართლებულია, გამოართვი და
მოაბარე.“
ფ.1448, საბ.№1755
*ქკს - ქორონიკონი
**ნაზირი – სამეფოს სალაროს ზედამხედველი
|