საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo    eng
           

საწყისი გვერდი >  საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი > საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო > საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო > თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან

 

 

თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან
 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს საქართველოს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. ამ მიზნით დეპარტამენტი უფლებამოსილია მიიღოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნ თანამშრომლობის შესახებ, უზრუნველყოს სასამართლოსთვის თხოვნის შესრულების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შეიმუშავოს წინადადებები პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ, კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლობას სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და ა.შ.

 

სასამართლოს შექმნის ისტორიული წანამძღვრები

 

თანამედროვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აღმოცენების ისტორია იწყება წარუმატებელი წინადადებებით, ჩამოყალიბებულიყო საერთაშორისო ტრიბუნალი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კი ნიურბერგისა და ტოკიოს სამხედრო ტრიბუნალებმა მსოფლიო საზოგადოების თვალთახედვის არეში წინა პლანზე წამოსწია მუდმივმოქმედი სასამართლოს შექმნის აუცილებლობა.
საერთაშორისო სისხლის სამართლის კოდიფიკაციის დასაწყისად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ 1945 წლის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდება და 1946 წლის ნიურბერგის სამხედრო ტრიბუნალის განაჩენი. აღნიშნული დოკუმენტებისათვის იურიდიული ძალის მინიჭების მიზნით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1946 წლის დეკემბერში სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა ნიურბერგის ტრიბუნალის სტატუტით აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპები.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები საერთაშორისო სასამართლოს შესაქმნელად გადაიდგა 1948 წლის გენოციდის საწინააღმდეგო კონვენციით. 1948 წლის 9 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია ,,გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი დასჯადობის შესახებ“. ამ კონვენციის მე-6 მუხლი ითვალისწინებდა ზემოხსენებული სასამართლოს შექმნას.
1992 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინაში გენოციდისა და ომის დანაშაულებმა, რასაც მოჰყვა იუგოსლავიისათვის დროებითი ad hoc ტრიბუნალების დაფუძნება, გააძლიერა დისკუსი სახელმწიფოებს შორის სისხლის სამართლის მუდმივი სასამართლოს ჩამოყალიბების შესახებ.
1993 წელს საერთაშორისო სამართლის კომისიამ გაეროს გენერალურ ასამბლეას განხილვისთვის წარუდგინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის პროექტი.
1994 წელს რუანდაში განვითარებულმა მოვლენებმა გაეროს უშიშროების საბჭო იძულებული გახადა დაეარსებინა მეორე ad hoc ტრიბუნალი რუანდისთვის.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შემდგომ, 1998 წლის 15 ივლისიდან 17 ივლისამდე რომში გაეროს ეგიდით ჩატარდა დიპლომატიური კონფერენცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასაფუძნებლად. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 162 სახელმწიფო, აქედან 120 მოწონებით შეხვდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის იდეას.
,,სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება“ (შემდგომში - რომის სტატუტი) ძალაში შევიდა 2002 წლის პირველ ივლისს.
დღევანდელი მდგომარეობით, რომის სტატუტის რატიფიცირება უკვე მოახდინა 106-მა სახელმწიფომ. იხილეთ ბმული.
 

დამატებითი იურისდიქციის პრინციპი

სისხლის სამართლის საერთაშორისო საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილება შიდასახელმწიფოებრივ სისხლის სამართლებრივ დევნასთან მიმართებით არის კომპლემენტარული (დამატებითი). მუდმივმოქმედი სასამართლოს სახით ჩამოყალიბებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ იმ შემთხვევაში აამოქმედოს სამართლებრივი მექანიზმები, როდესაც ზესახელმწიფოებრივი სასამართლო ინსტანციის გამოყენების ნამდვილი აუცილებლობა დადგება. ეს სასამართლო მხოლოდ მაშინ უნდა ამოქმედდეს, როდესაც უფლებამოსილი ქვეყანა უუნაროა ან არ სურს თავად სათანადოდ ჩაატაროს გამოძიება, განახორციელოს სიხლისსამართლებრივი დევნა და მართლსმსაჯულება. სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულება ჩაენაცვლება ეროვნულ მართლმსაჯულებას, რომელსაც სტატუტის მიხედვით მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს უპირატესობა.
სახელმწიფოთა "უუნარობაზე" განახორციელონ სისხლის სამართლის სამართალწარმოება, საუბარია სტატუტის მე-17 მუხლის მე-3 აბზაცში: იმისათვის, რომ ცალკეულ შემთხვევაში დადგინდეს სახელმწიფოთა უუნარობა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ითვალისწინებს, შესწევს თუ არა სახელმწიფოს უნარი, ეროვნული სასამართლოს მთლიანი ან არსებითი მარცხის ან მისი არარსებობის გამო, მიიღოს თავის განკარგულებაში ბრალდებული ან საჭირო მტკიცებულება ან ჩვენება, ან თუ სხვა მიზეზის გამო არ ძალუძს სამართალწარმოების განხორციელება.
კომპლემენტარობის პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამართლებრივი პრობლემა გადაწყდეს იმ საფეხურზე, სადაც ეს ყველაზე უკეთ შეიძლება. თუ შიდასახელმწიფოებრივ ინსტანციებს შესწევთ უნარი და აქვთ სურვილი სერიოზული სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელონ სტატუტით გათვალისწინებული საერთაშორისო დანაშაულების მიმართ, არ არის საჭირო საერთაშორისო ინსტანცია ჩაერთოს მარლთმსაჯულების განხორციელებაში.


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მსოფლიოს მასშტაბით გააჩნია იურისდიქცია გამოიძიოს და დევნოს შემდეგი დანაშაულები: გენოციდი, ომის დანაშაულები, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და მოგვიანებით - აგრესიის დანაშაულები (რომის სტატუტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აგრესიაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურიდიქცია გავრცელდება მას შემდეგ, რაც განისაზღვრება ზემოხსენებული ტერმინი), დააკისროს სასჯელი დამნაშავეებს, მოახდინოს რეპარაცია მსხვერპლთათვის და ა.შ.

საქართველოს პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება 2003 წლის 16 ივლისის №2479 დადგენილებით მოახდინა.
 

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოვებგვერდი: www.icc-cpi.int  

 


ამ სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა:

საკონტაქტო ინფორმაცია:

საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი,
საქართველო, თბილისი 0133, გორგასალის ქ. №24,
ტელ.: 405160, 405140 ან 405134
ფაქსი: 405160
ელ.ფოსტა:  Intlawdep@justice.gov.ge, skvinikhidze@justice.gov.ge, d_javakhadze@justice.gov.ge.
 

საკონტაქტო პირები: შალვა კვინიხიძე –დეპარტამენტის უფროსი,
                                                დავით ჯავახაძე - მრჩეველი.