|
საწყისი გვერდი >
სიახლე >
არქივი >
ნოემბერი
 
30 ნოემბერი,
2006 წელი
იუსტიციის სამინისტროს რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მუშაობის
პირველი შედეგები განიხილეს
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროში დღეს გაიმართა უწყების რეფორმის მხარდაჭერის
პროექტის მმართველო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი გია
ქავთარაძე უძღვებოდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის
წარმომადგენლობის, იუსტიციის სამინისტროს, რეფორმის კოორდინაციის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, ასევე,
პროექტის წარმომადგენლები.
პროექტი „იუსტიციის სამინისტროს რეფორმის ხელშეწყობა“ იუსტიციის
სამინისტროს ინსტიტუციურ გაძლიერებას ითვალისწინებს და მას, ევროპის
კომისიის დაფინანსებით, ავსტრიული კომპანია „Human
Dynamics“
ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებულია იუსტიციის სამინისტროში მართვის პოლიტიკისა
და სტრატეგიის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა, ტექნიკური აღჭურვა,
სამინისტროს თანამშრომლების სწავლება, ასევე, შიდა კონტროლის
მექანიზმის დახვეწა.
დღევანდელ შეხვედრაზე პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელმა კატია დორმიშევამ
და ექსპერტებმა პროექტის საწყისი ეტაპის ანგარიში წარადგინეს.
ანგარიში შესულია სამინისტროს სამართლებრივი, ინსტიტუციური,
საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამოქალაქო რეესტრის
სისტემის რეფორმისა და სამინისტროს ფინანსური მართვის შეფასებები,
რეკომენდაციები და სამომავლო გეგმები.
ანგარიშში, ასევე, შედიოდა სოციოლოგიური კვლევის ცენტრ „BCG
Research“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები სამინისტროს შიდა
და გარე კომუნიკაციების ეფექტურობის შესახებ.
 
30 ნოემბერი,
2006 წელი
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ჩატარებულ რეფორმას საზოგადოება
შედეგიანად მიიჩნევს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეფორმის ხელშეწყობის პროექტის
დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის ცენტმა „BCG-Research“ იუსტიციის
სამინისტროს შიდა და გარე კომუნიკაციების შესახებ კვლევა ჩაატარა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეფორმის ხელშეწყობის პროექტი
ევროპის კომისიის დაფინანსებით მიმდინარეობს.
ანონიმური გამოკითხვის ფორმით ჩატარებული კვლევის შედეგების ძირითადი
ტენდენციების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
თანამშრომლები კმაყოფილები არიან სამინისტროს მართვით, მუშაობის
პირობებითა და შიდა ურთიერთობებით. თანამშრომელსა და ხელმძღვანელობას
შორის დამოკიდებულება კონსტრუქციულია. როგორც რესპონდენტები ამბობენ,
ხელმძღვანელობა მათ დაქვემდებარებაში მყოფთ მუდმივად აყენებს
მოვლენების საქმის კურსში და, შეძლებისდაგვარად, მათ წინადადებებს
ითვალისწინებს.
კვლევას არ გამოუვლენია მნიშვნელოვანი პრობლემები სამინისტროში, რამაც
შეიძლება შეაფერხოს მისი გამართული მუშაობა.
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ
გამოავლინა სამი ღირებულება, რომლებზეც დაახლოებით თანაბრად ძლიერი
მოტივაცია აქვთ როგორც თანამშრომლებს, ისე სამინისტროს. ეს
ღირებულებებია: სამართლიანობა, კომპეტენტურობა და კარგი რეპუტაცია.
პროექტის ფარგლებში გამოკითხული მოსახლეობა (700 რესპონდენტი) ცუდად
არის ინფორმირებული იუსტიციის სამინისტროზე, მის როლსა და მოვალეობებზე.
მათ ნაკლები ინფორმაცია აქვთ სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზეც,
თუმცა ისინი, ვინც ინფორმაციას ფლობენ, რეფორმას შედეგიანად მიიჩნევენ.
პარლამენტარებს, მოსამართლეებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენლებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ სამინისტროს
ფუნქციებზე, ვიდრე მოსახლეობას. ამ ჯგუფშიც რეფორმა დადებითად შეფასდა.
იუსტიციის სამინისტროს დადებითი მახასიათებლებიდან განსაკუთრებით
გამოყოფილია იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაბელობა და კომპეტენტურობა.
გამოკითხულთა მხრიდან სამინისტროს დახასიათებისას კორუფცია არ არის
აქტუალური კატეგორია. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის
სამინისტროს ზოგიერთ დეპარტამენტში (სამოქალაქო რეესტრი, საჯარო
რეესტრი, სახელმწიფო არქივი) კორუფციის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად
დაიკლო.
იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ყველაზე მაღალი
შეფასება მიიღო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ჩატარებულმა რეფორმამ.
გამოკითხვა ჩატარდა იმ პირებს შორის, რომელთაც ბოლო პერიოდის
განმავლობაში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მომსახურებით ისარგებლეს.
გამოკითხულთა უმრავლესობის მოსაზრებით, სამოქალაქო რეესტრის
მომსახურების პროცედურები მარტივია. რესპონდენტთა უმეტესობას მოსწონს
საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მომსახურების გადახდის საშუალებით
საბუთების მოკლე ვადებში მიღების პრაქტიკა.
 
29 ნოემბერი,
2006 წელი
თბილისის საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ბაზაზე მუშაობა დაიწყო
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის
სარეგისტრაციო სამსახურში თბილისის მთაწმინდის რაიონის საკადასტრო
მონაცემების დამუშავება და ერთიან მონაცემთა ბაზაში შეყვანა
მიმდინარეობს.
მთაწმინდის რაიონის გრაფიკული მონაცემის დამუშავების პილოტური პროექტით
დაიწყო პროცესი, რომელიც გეომონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას
ითვალისწინებს. შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდება საკადასტრო
მონაცემების დამუშავება - საჭირო აღარ იქნება სხვადასხვა კომპიუტერულ
პროგრამაში მუშაობა და ძველი რუკების ხელით დამუშავება.
ამ სიახლის დანერგვა შეამცირებს მოქალაქეთა მომსახურების ვადებს და
გაზრდის მომსახურების ხარისხს.
დღემდე თბილისის საკადასტრო მონაცემები სხვადასხვა გრაფიკულ პროგრამაში
მუშავდებოდა, რაც ართულებდა ზუსტი და ერთიანი საკადასტრო სურათის
შექმნას. ზოგიერთ შემთხვევაში, ხდებოდა ნაკვეთების გადაფარვა ან
ირღვეოდა მათი კონტურები და ფართობები.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია თბილისის სრული საკადასტრო მონაცემების
ინტეგრირება, რასაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო
დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით განახორციელებს.
 
29 ნოემბერი,
2006 წელი
აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებული პატიმარი გარდაიცვალა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 24 წლის ზურაბ
კ. გარდაიცვალა.
ავადმყოფი პატიმარი გეგუთის №8 დაწესებულებიდან სამკურნალო
დაწესებულებაში 2006 წლის 16 ნოემბერს გადაიყვანეს. მას დასმული ჰქონდა
შემდეგი დიაგნოზი: აივ ინფექცია/შიდსი, ნეიროშიდსი, მარჯვენა ბარძაყის
ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა.
სიკვდილის სავარაუდო მიზეზი აივ ინფექცია/შიდსის ფონზე განვითარებული
გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
ზურაბ კ. ქურდობის ბრალდებით იყო გასამართლებული და 2,5 წლით
თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
 
29 ნოემბერი,
2006 წელი
არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაცია გამარტივდება
არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირების დაფუძნებასა და
რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებას
ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო
ცვლილებათა პროექტი, რომელიც ამჟამად პარლამენტში იხილება.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით,
მნიშვნელოვნად მარტივდება არასამეწარმეო იურიდიული პირების
რეგისტრაციის პროცედურა - მინიმუმამდეა შემცირებული სარეგისტრაციოდ
წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
დღეს არსებული რთული პროცედურისაგან განსხვავებით, არასამეწარმეო
იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის საჭირო იქნება მხოლოდ სპეციალური
სარეგისტრაციო განაცხადის შევსება. განაცხადის ფორმაში მიეთითება ის
მონაცემები, რაც აუცილებელია არაკომერციული იურიდიული პირის
იდენტიფიკაციისა და მისი სახელმწიფო რეესტრში ჩართვისათვის.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია არასამეწარმეო
იურიდიული პირის ორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა - კავშირი და
ფონდი, რომელთა რეგისტრაციისათვის კანონი განსხვავებულ მოთხოვნებს
აყენებს. ცვლილებათა პროექტში სარეგისტრაციო პროცედურის
გამარტივებასთან ერთად, არასამეწარმეო იურიდიული პირების ასეთი დაყოფა
სამართლებრივ დატვირთვას კარგავს.
 
29 ნოემბერი,
2006 წელი
იუსტიციის სამინისტროში სტაჟირების მსურველთა განცხადებების მიღება
დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების მსურველთათვის
კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა იუსტიციის
სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებს 29 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე უნდა
მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტები წარადგინონ.
იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში სტაჟიორად შეიძლება
დაინიშნოს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე ან დამამთავრებელი
კურსის სტუდენტი.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2006 წლის 19 დეკემბერს.
კონკურსანტი ვალდებულია არსებული ხუთი კითხვიდან ოთხს სწორი პასუხი
გასცეს. კონკურსის მეორე ეტაპის - გასაუბრების თარიღი დაინიშნება
პირველი ეტაპის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და გასაუბრების თემატიკა იხილეთ
იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.
 
28 ნოემბერი,
2006 წელი
სასჯელაღსრულების დაწესებულებების სოციალურ მუშაკთა გადამზადება
დაიწყო
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო
ცენტრმა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბათუმის
№3, ზუგდიდის №4 და რუსთავის №6 საპყრობილეების, აგრეთვე, ქალთა და
არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმისა და არასრულწლოვანთა
აღმზრდელობითი დაწესებულების სოციალური სამსახურის 44 თანამშრომლის
სპეციალური სასწავლო პროგრამის მიხედვით გადამზადება დაიწყო.
UNICEF-ის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე სოციალურ მუშაკებს ჩაუტარდებათ
ტესტირება, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამისი
კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.
სასწავლო ცენტრის დირექტორის კობა ღლონტის ინფორმაციით, პარალელურად
მიმდინარეობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა
აღმზრდელობითი დაწესებულების, რუსთავის №6 საპყრობილისა და
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ახალდანიშნულ
თანამშრომელთა გადამზადება საბაზისო და მართვის პროგრამებით.
 
27 ნოემბერი,
2006 წელი
საჯარო რეესტრის სააგენტოს მომსახურების გადასახადის გადახდა
გამარტივდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მომსახურეობისათვის
დადგენილი საფასურის გადახდისას ბანკში აღარ მოითხოვება ექვსნიშნა
კოდის მითითება, რაც მოქალაქეებში ხშირად დაბნეულობასა და
უკმაყოფილებას იწვევდა.
2004 წლის დეკემბერში მიღებული „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ კანონით,
სააგენტოში სარეგისტრაციო და საინფორმაციო მომსახურებისათვის დადგინდა
100-ზე მეტი სახეობის გადასახდელი. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ,
მომსახურებათა განსხვავების მიზნით, გადასახადის თითოეული
სახეობისათვის სააგენტოში შემუშავდა სპეციალური ექვსნიშნა კოდები.
როგორც პრაქტიკამ აჩვენა, აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი ბარიერი
აღმოჩნდა გადამხდელისათვის, რომელიც კოდისა და ტრანზაქციების
შესაბამისობის გასარკვევად დამატებით კონსულტაციებს საჭიროებდა. ეს კი
სააგენტოში მოქალაქეთა რიგს იწვევდა.
სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ შემოღებული ახალი წესის მიხედვით,
მოქალაქემ, რომელიც სარეგისტრაციო სამსახურს შესაბამისი
მომსახურებისთვის მიმართავს, საკმარისია იცოდეს მხოლოდ
მომსახურებისათვის დადგენილი ტარიფი.
ამასთან, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს სხვადასხვა კომერციულ
ბანკთან. თუკი აქამდე უძრავი ქონების რეგისტრაცისათვის გადახდილი თანხა
აკუმულირდებოდა მხოლოდ ერთ ბანკში, ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს ანგარიში გახსნილია „სახალხო ბანკში”, ბანკ „რესპუბლიკაში”,
„თი-ბი-სი ბანკში”, „აგროინვესტბანკსა” და „საქართველოს ბანკში”.
 
27 ნოემბერი,
2006 წელი
პატიმარი გარდაიცვალა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი, 41
წლის იგორ ს. გარდაიცვალა.
ავადმყოფს დასმული ჰქონდა შემდეგი დიაგნოზი: უცნობი ეტიოლოგიის
ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში, პორტული
ჰიპერტენზია უჯრედოვანი უკმარისობით, გამოხატული ენცეფალოპათიით,
რეზისტენტული სრულფასოვანი მკურნალობის მიმართ. იგორ ს. მსჯავრდებულთა
და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გეგუთის №8 დაწესებულებიდან 17
ოქტომბერს გადაიყვანეს.
სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ღვიძლის ციროზის ფონზე განვითარებული
გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
იგორ ს. 1997 წელს მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით
იყო დაპატიმრებული. მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
 
25 ნოემბერი,
2006 წელი
იუსტიციის მინისტრი გაეროს წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს
იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა
უმაღლესი კომისრის ოფისის ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და ცენტრალური
აზიის ქვეყნების კოორდინატორს, მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტუმართან ისაუბრა რუსეთის
ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ
ქსენოფობიაზე. გია ქავთარაძემ მარგარეტ ნიკოლსონს ამ ქმედებების
დამადასტურებელი მასალები და ფოტოები გადასცა.
საუბარი შეეხო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ადამიანის უფლებების დაცვის
საკითხებს. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება
ამ ტერიტორიებზე კონტროლს ვერ ახორციელებს, შესაბამისად, არ აქვს
საშუალება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იმუშაოს. სამაგალითოდ
დასახელდა აფხაზეთში, დრანდის ციხის ქართველი პატიმრის ლევან მამასახლისის საქმე.
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ციხის ადმინისტრაცია
მას უარს ეუბნება სამედიცინო დახმარებაზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოში
გაეროს ოფისის ერთობლივი პროექტების მიმდინარეობაზე.
მარგარეტ ნიკოლსონი თბილისის 21 ნოემბერს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია.
 
24 ნოემბერი,
2006 წელი
თბილისის სახელმწიფო არქივმა XIX-XX საუკუნის დედაქალაქის ფოტომასალა და
წერილობითი დოკუმენტები გამოფინა
„მეტყველება ისტორიაში” – ასეთი სახელწოდება ზუსტად შეეფერება იმ
გამოფენას, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო
არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის თბილისის
ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დღეს გაიხსნა. „ვეცადეთ, ნაწილობრივ
მაინც შეგქმნოდათ შთაბეჭდილება იმ მდიდარ მასალაზე, რაც ჩვენს არქივშია
დაცული,” – განაცხადა თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის
დირექტორმა მაკა კვარაცხელიამ.
გამოფენაზე წარმოდგენილია XIX-XX საუკუნის დედაქალაქის ისტორიული ძეგლებისა და
შენობების ფოტომასალა და საუკუნის წერილობითი დოკუმენტები: სიმონ
ჯანაშიას, პავლე ინგოროყვას, შალვა ამირანაშვილისა და სხვა ცნობილი
მეცნიერების ნარკვევები თბილისის ისტორიის შესახებ; ლიტერატურისა და
ხელოვნების მოღვაწეთა, მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდიას, ვასილ
ბარნოვის, პოლიკარპე კაკაბაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ვასო
გოძიაშვილისა და კულტურის სხვა მოღვაწეთა ხელით შევსებული ანკეტები.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მამუკა გელოვანმა და სახელმწიფო
არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა
თეონა იაშვილმა განაცხადეს, არ შეიძლება, ეს ყველაფერი ნესტიან
სარდაფში იყოს ჩაკეტილი, ასეთი გამოფენები ხშირად უნდა მოეწყოს და
არქივების კარი ღია უნდა იყოს ყველასთვის.
გამოფენა, რომელიც მერიის მხარდაჭერით ტარდება, ერთ კვირას გასტანს.
დათვალიერება თავისუფალია.
 
24 ნოემბერი,
2006 წელი
სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი, 47
წლის რამაზ ს. გარდაიცვალა.
ავადმყოფს დასმული ჰქონდა დიაგნოზი: მარცხენა ქვედა კიდურის
პოსტტრომბოფლებიტური სინდრომი, მარცხენამხრივი ბარძაყის ვენის ტრომბოზი,
მარცხენამხრივი ილიო-ფემორალური თრომბოზი, თრომბოემბოლიური დაავადება,
პოლიორგანული უკმარისობა, თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოემბოლია,
გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული
გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
რამაზ ს. 2006 წლის ოქტომბერში თბილისის საპატრულო პოლიციამ ყაჩაღობის
ბრალდებით დააკავა.
 
22 ნოემბერი,
2006 წელი
ექსპერტიზის ბიუროში ნავთობპრუდექტების ექსპერტიზა თანამედროვე
ტექნოლოგიებით ჩატარდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ
ბიუროში მიმდინარეობს ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის
ლაბორატორიის აღჭურვის პროცესი, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე
ტექნოლოგიების დანერგვაზე. ქართველი ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ახალი
აპარატურის ტესტირების შემდეგ, ლაბორატორია საერთაშორისო
სტანდარტიზაციის ორგანიზაციის (ISO) სერტიფიკატის რეალური პრეტენდენტი
გახდება.
ჯერ კიდევ ახლო წარსულში ნავთობპროდუქტების ლაბორატორიის ექსპერტებს
კვლევა რთულ პირობებში უხდებოდათ. ბენზინის, დიზელის, ავტომანქანების
ზეთებისა და სხვა ნავთობპროდუქტების შემადგენლობის დასადგენად
ექსპერტები მოძველებულ აპარატურაზე მუშაობდნენ და საბჭოთა პერიოდში
დადგენილი „გოსტ”-ების პარამეტრებით ხელმძღვანელობდნენ.
2006 წლის აგვისტოში იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს ინიციატივით დამტკიცდა ნავთობპროდუქტების ხარისხის
კონტროლისთვის ახალი სტანდარტული მეთოდები (ASTM, ISO), რომელიც
აპრობირებულია აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებში.
პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
მოწესრიგება. ექსპერტიზის ბიუროს სახსრებით უკვე გარემონტდა
ლაბორატორია, სადაც აპარატურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის დაცულია
ტემპერატურის რეჟიმი და სხვა სპეციფიკური სტანდარტები.
ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მთავარი
კონსულტანტის ქეთი თავამაიშვილის ინფორმაციით, ბიუროს მიღებული აქვს
ნავთობპროდუქტების ფრაქციული შემადგენლობის განმსაზღვრელი მოწყობილობა
და ელოდება ისეთ სპეციალურ აპარატურას, რისი ანალოგიც საქართველოში
აქამდე არ არსებობდა.
ლაბორატორიას ემსახურება მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელსაც
სპეციალური სასწავლო კურსი აქვს გავლილი.
 
21 ნოემბერი,
2006 წელი
სახელმწიფო არქივების მართვის დეპარტამენტში ანჩის სახარების
რესტავრაცია დაიწყო
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო არქივების მართვისა და
საქმისწარმოების დეპარტამენტის დოკუმენტების რესტავრაციისა და
მიკროფილმირების ლაბორატორიაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო
საისტორიო არქივში დაცული XII-XIII საუკუნის ანჩის სახარების
რესტავრაცია მიმდინარეობს.
უნიკალური დოკუმენტის სარესტავრაციო სამუშაოები სულიერების,
მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისა და განვითარების სრულიად
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა
დააფინანსა.
ამჟამად ტარდება სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც
ანჩის სახარების ფურცლობრივ დეზინფექციას, ტყავისა და ეტრატის
დარბილება-დატენიანებას, ნაწერებისა და გრავიურების გამაგრებას,
ფურცლების მჟავიანობის დადგენასა და მშრალი წესით გაწმენდას მოიცავს.
რესტავრაციის მეორე ეტაპზე დარბილებული ტყავის ყდისა და პერგამენტის
ფურცლების გასწორება-გაჭიმვა გაკეთდება.
მესამე ეტაპზე მოხდება წერილობითი დოკუმენტის ფურცლების უკმარისი
ადგილების ლაბორატორიაში დამზადებული ხელოვნური პერგამენტით შევსება,
ტყავის ყდის აღდგენა-გაპრიალება და პირვანდელი სახის დაბრუნება.
ანჩის სახარების სარესტავრაციო სამუშაოები 2007 წლის ნოემბრისთვის
დასრულდება.
ანჩის სახარება შესრულებულია ეტრატზე, ნუსხური დამწერლობით. სახარება
წინა მხრიდან შეჭედილია ვერცხლით. შემკულია ნახევრადძვირფასი თვლებით.
წმინდა წიგნს ახლავს მათე მახარებლის ფერადი ხატი. ყდა და შიდა
გვერდების მხატვრობა შესრულებულია ბექა ოპიზარის მიერ. სახარება 269
გვერდისაგან შედგება, მათ შორის 3 დაუწერელია.
სახარებას ბოლოში აქვს მინაწერი, სადაც სახარების გადამწერი ანჩელი
მთავარეპისკოპოსი თევდორე მოიხსენიებს დავით სოსლანს, თამარ მეფეს,
ლაშა გიორგისა და ოქროს მქანდაკებელ ბექას.
ანჩის სახარება 1923 წელს საისტორიო არქივისათვის მოქალაქეს გადაუცია.
მისი ცნობით, წმინდა წიგნი წალკაში, მიტოვებულ ეკლესიაში იყო ნაპოვნი.
 
21 ნოემბერი,
2006 წელი
ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი გარდაიცვალა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი, 39
წლის რუსლან ტ. გარდაიცვალა.
ავადმყოფი პატიმარი ბათუმის №3 საპყრობილედან სამკურნალო
დაწესებულებაში 2006 წლის 17 ივნისს გადაიყვანეს. მას დასმული ჰქონდა
შემდეგი დიაგნოზი: მარჯვენა ფილტვის ფიბროკავერნოზული ტუბერკულოზი,
კეროვანი მოთესვით ამავე ფილტვში, მარჯვენა ფილტვის ციროზი, მგბ (+)
დადებითი, სუნთქვის უკმარისობა II-III ხ., კახექსია, ანემია.
ექიმების დასკვნით, პატიმრის სიკვდილის მიზეზი ტუბერკულოზური
ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული ფილტვ-გულის მწვავე უკმარისობა
გახდა.
რუსლან ტ. ძარცვისა და ავტომანქანის გატაცების ბრალდებით იყო
დაკავებული და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
 
21 ნოემბერი,
2006 წელი
საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური შესვენების გარეშე
მუშაობს
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის
სარეგისტრაციო სამსახური დღეიდან შესვენების გარეშე მუშაობს. ეს
გადაწყვეტილება სააგენტოს ხელმძღვანელობამ მოქალაქეთა ინტერესის
გათვალისწინებით მიიღო.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში შესვენების გარეშე დღემდე მხოლოდ
მიმღები მუშაობდა. მოქალაქეებს ამავე რეჟიმში მოემსახურებიან
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გაცემის სექტორისა და კანცელარიის
თანამშრომლები.
ამასთან, დასრულდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის კანცელარიის
რეკონსტრუქცია. კანცელარიის ყველა თანამშრომელი მოქალაქეს
ე.წ. „წინა ოფისში“ ემსახურება, რაც ნაწილობრივ აწესრიგებს რიგის პრობლემას.
უახლოეს მომავალში იგეგმება კანცელარიის სრული კომპიუტერიზაცია.
ამოქმედდება ახალი პროგრამა, რომლის მეშვეობით სამსახურში შესული
ნებისმიერი განცხადების მსვლელობის შესახებ ინფორმაციას თანამშრომლები
კომპიუტერულ ქსელში, დაუყოვნებლივ მოიძიებენ.
 
20 ნოემბერი,
2006 წელი
აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებთან
შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გივი მიქანაძე და
სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ელისაბედაშვილი აღმოსავლეთ
საქართველოს სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს
შეხვდნენ და გასულ თვეში აღსრულებული საქმეების შესახებ ინფორმაცია
მოისმინეს.
ასეთივე შეხვედრა 21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო
ბიუროების თანამშრომლებთან გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, სააღსრულებო ბიუროების მიერ
აღსრულებულ საქმეთა რაოდენობა გაიზარდა. სააღსრულებო დეპარტამენტის
ტერიტორიული ბიუროს აღმასრულებლებმა 2006 წლის ოქტომბერში 2 856 საქმე
აღასრულეს, მაშინ, როდესაც 2005 წლის ოქტომბერში - 595, ხოლო 2004 წლის
ოქტომბერში 759 საქმე იყო აღსრულებული.
 
18 ნოემბერი,
2006 წელი
საჯარო რეესტრის სააგენტოში მიმდინარე პროექტებზე დონორი
ორგანიზაციების შეხვედრაზე იმსჯელეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში
გაიმართა დონორთა მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც USAID-ის „ბიზნეს
კლიმატის რეფორმის პროექტის“ ხელმძღვანელმა ოლინ მაკგილმა პროექტის
საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
აღნიშნული პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დახმარებას უწევს
სააგენტოს რაციონალიზებული, გამჭვირვალე და ცენტრალიზებული
სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბებაში.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა
მესხიძემ წარადგინა ახალი პროექტი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ტექნიკური დახმარება კადასტრისა და მიწის მართვის სამართლებრივ
რეფორმაში“. პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ლიტვის
სააქციო საზოგადოება „ERP“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში
განხორციელდება. პროექტის მიზანია საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და სამართლებრივ საკითხებში
პროფესიული კონსულტაციების გაწევა.
 
18 ნოემბერი,
2006 წელი
იუსტიციის სამინისტროსა და არასრულწლოვან მსჯავრდებულთა გუნდებს შორის
მინი-ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში იუსტიციის სამინისტროსა
და მსჯავრდებულთა გუნდებს შორის მინი-ფეხბურთში დღეს გაიმართა
ამხანაგური მატჩი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გუნდის გამარჯვებით,
ანგარიშით: 9:7 დამთავრდა.
მინი-ფეხბურთის ახალი სტადიონი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში
ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა, რის შემდეგაც არაერთი ამხანაგური მატჩი
გაიმართა. მსჯავრდებულთა გუნდი დღევანდელ შეხვედრაში პირველად
დამარცხდა. მანამდე მათ წარმატება მოიპოვეს იუსტიციის სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, ტელეკომპანია „მზისა“ და 35-ე
საფეხბურთო სკოლის გუნდებთან თამაშისას.
 
17 ნოემბერი,
2006 წელი
იუსტიციის მინისტრი ევროპის კომისიის
ელჩს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ საქართველოში ევროპის
კომისიის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი მიიღო.
პერ ეკლუნდმა ამ თანამდებობაზე შეცვალა ტორბენ ჰოლცე, რომელსაც
უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა წლეულს ოქტომბერში ამოეწურა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა და ევროპის
კომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა სამინისტროში ევროპის კომისიის
დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და თანამშრომლობის სამომავლო
გეგმებზე ისაუბრეს.
 
17 ნოემბერი,
2006 წელი
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში მოქალაქეთა მიღების ჩვეული გრაფიკი
აღდგა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში მოქალაქეთა მომსახურების ჩვეული
გრაფიკი აღდგა. სარეგისტრაციო დოკუმენტების მიღება 09:00-დან 18:00
საათამდე მიმდინარეობს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამსახურში სარეგისტრაციო დოკუმენტებს
09:00 საათიდან 14:00 საათამდე იღებდნენ. ეს შეზღუდვა სამსახურში
დოკუმენტაციის ინვენტარიზაციას უკავშირდებოდა.
დროებითი გრაფიკი 1 დეკემბრამდე იყო დაწესებული, თუმცა, მოქალაქეთა
ინტერესების გათვალისწინებით, დოკუმენტების ინვენტარიზაციის პროცესის
დასკვნით ეტაპზე, მუშაობის ჩვეული რეჟიმი აღდგა.
 
17 ნოემბერი,
2006 წელი
უძრავი ქონების ეროვნული საინფორმაციო სისტემის კონცეფციაზე მუშაობა
დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ერთ-ერთმა დონორმა, შვედეთის განვითარების სააგენტომ, საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოსთვის უძრავი ქონების ეროვნული საინფორმაციო სისტემის
(NPIS) კონცეფციის შესაქმნელად საკონსულტაციო კომპანია „გეოგრაფიკთან”
ხელშეკრულება გააფორმა.
შვედეთის განვითარების სააგენტო საქართველოში რეგისტრაციისა და
კადასტრის მმართველობისა და სწავლების მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს.
NPIS-ის კონცეფციის შექმნა აღნიშნული პროექტის ნაწილია.
კონცეფცია საფუძვლად დაედება საჯარო რეესტრის სააგენტოში საინფორმაციო
ტექნოლოგიების განვითარებას.
 
16 ნოემბერი,
2006 წელი
ნოემბრის დასაწყისში 61 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობით
დაინტერესდნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირთა ქონებრივი და
საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში 2006 წლის 1 ნოემბრიდან
15 ნოემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 14 განცხადება
შევიდა. გამოთხოვილია 61 თანამდებობის პირის დეკლარაცია.
გასული თვის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, ნოემბრის
დასაწყისში თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობით დაინტერესებამ
იკლო. ოქტომბრის დასაწყისში ბიუროს 58-მა განმცხადებელმა მიმართა.
 
15 ნოემბერი,
2006 წელი
თბილისის სააღსრულებო ბიუროში ხვალ შვიდი საჯარო აუქციონი გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის
სააღსრულებო ბიუროში ხვალ შვიდი საჯარო აუქციონი მოეწყობა. აუქციონებს
სასამართლო აღმასრულებლები: ლევან პარუნაშვილი, ზაქარია ამბარდნიშვილი,
გელა ქომეთიანი, ვასილ ხარებავა და კახაბერ ფეიქრიშვილი გამართავენ.
გაიყიდება თბილისში მდებარე ექვსი საცხოვრებელი ბინა და ერთი
ერთსართულიანი სახლი მიწის ნაკვეთითა და სათავსოებით.
აუქციონზე გატანილი ქონების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია
განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე:
www.justice.gov.ge.
 
15 ნოემბერი,
2006 წელი
ქუთაისის საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
ქუთაისის №2 საპყრობილეში მსჯავრდებული, 38 წლის მამუკა მ. გარდაიცვალა.
წინასწარი მონაცემებით, მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზი
გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
მამუკა მ. 2006 წლის მაისში იყო დაკავებული. მას ქურდობის ბრალდებით 5
წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
 
15 ნოემბერი,
2006 წელი
ექსპერტიზის ბიუროს თითის ანაბეჭდების საინფორმაციო ბანკში 15 ათასი
მონაცემია შეტანილი
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში
დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ფორმირებაზე აქტიური
მუშაობა მიმდინარეობს. თითის ანაბეჭდების საიდენტიფიკაციო სპეციალურ
პროგრამაში ამ დროისათვის უკვე შეტანილია სისხლის სამართლის
დანაშაულისათვის გასამართლებული 15 ათასი პირის თითის ანაბეჭდი და
საგამოძიებო ორგანოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი სხვა
პერსონალური მონაცემი.
ექსპერტიზის სფეროს რეფორმის პროცესში საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს აქტიურ დახმარებას უწევს აშშ-ის მთავრობა. ამერიკის
იუსტიციის დეპარტამენტმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გრანტის სახით
გადასცა საჭირო ლაბორატორიული აპარატურა, სამელნე ბალიშები,
დაქტილობარათები და სხვა ინვენტარი. ტექნიკური დახმარების გარდა,
ამერიკელმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს დაქტილოსკოპიის სფეროში
თეორიული სწავლება ჩაუტარეს.
2005 წლის იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტის რეფორმებისა და
განვითარების ფონდის დახმარებით დაიწყო საქართველოს სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა, ასევე, პირობით მსჯავრდებულთა (პრობაციონერთა)
დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია, რის შედეგადაც საინფორმაციო ბანკში უკვე
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგროვდა.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური
განყოფილების უფროსის კახაბერ ვარძიელის განმარტებით, დანაშაულის
ადგილზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდების ცენტრალურ საინფორმაციო ბაზაში
დაცულ მონაცემებთან იდენტიფიკაცია მომენტალურად ჩატარდება. მიღებული
ინფორმაციის ცდომილების ალბათობა გამოირიცხება.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფისა და მომსახურე პერსონალის მომზადების პარალელურად,
სფეროს განვითარების მიზნით, იუსტიციის სამინისტროში შემუშავდა
დაქტილოსკოპიური რეესტრის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად
მთავრობაში განიხილება. აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ რეფორმა ახალ
ფაზაში გადავა, რაც სამოქალაქო პირთა დაქტილოსკოპიურ რეგისტრაციას
გულისხმობს.
 
14 ნოემბერი,
2006 წელი
სააღსრულებო ბიუროებმა ოქტომბერში 2856 საქმე აღასრულეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის
ტერიტორიული ბიუროს აღმასრულებლებმა 2006 წლის ოქტომბერში 2 856 საქმე
აღასრულეს.
სააღსრულებო დეპარტამენტის მონაცემებით, ოქტომბერში აღსრულებული
საქმეებიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებულია 929 ათასი
ლარი.
შედარებისათვის: 2005 წლის ოქტომბერში 595, ხოლო 2004 წლის ოქტომბერში
759 საქმე იყო აღსრულებული. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2005 წლის
ოქტომბერში ამოღებულია 89 901, ხოლო 2004 წლის ოქტომბერში - 384 963
ლარი.
 
14 ნოემბერი,
2006 წელი
სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა გადამზადების მორიგი ეტაპი
დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სასწავლო ცენტში დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა
აღმზრდელობითი დაწესებულების, რუსთავის №6 საპყრობილისა და
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელთა
გადამზადება დაიწყო.
საბაზისო და მართვის სასწავლო პროგრამების მიხედვით გადამზადებას
არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების 107, რუსთავის №6
საპყრობილის 48 და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულების 26 თანამშრომელი გაივლის.
სწავლებაში მონაწილე ყველა თანამშრომელს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა კობა ღლონტმა სასჯელაღსრულების
სფეროში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო დოკუმენტების კრებული
გადასცა.
სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მასში მონაწილეები ტესტირებას
გაივლიან და, წარმატების შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.
 
13 ნოემბერი,
2006 წელი
სააღსრულებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ტერიტორიული ბიუროების
შემოწმებას აგრძელებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი რეგიონული
ბიუროების მონიტორინგს აგრძელებს. დღეს დეპარტამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე თამარ ბარბაქაძე და აღმოსავლეთ საქართველოს
სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი ზაზა ხურციძე გაემგზავრნენ
შიდა ქართლში, სადაც სააღსრულებო ბიუროში
არსებულ ვითარებასა და სასამართლო აქტების აღსრულების მდგომარეობას
შეისწავლიან.
სააღსრულებო დეპარტამენტი უკვე რამდენიმე თვეა რეგიონული ბიუროების
მონიტორინგს ახორციელებს. დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ სექტემბერში
კახეთისა და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ბიუროები შეამოწმა,
ოქტომბერში კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ბიუროებში
არსებულ ვითარებას გაეცნო.
 
13 ნოემბერი,
2006 წელი
ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი გარდაიცვალა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი, 44
წლის გურამ მ. გარდაიცვალა.
ავადმყოფს დასმული ჰქონდა დიაგნოზი: ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზი
ინფილტრაციისა და რღვევის ფაზაში, III ხარისხის გულ-ფილტვის უკმარისობა,
ანემია. წინასწარი დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზური
ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა
გახდა.
გურამ მ. 2005 წლის ივლისში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიმართ
აღძრულ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავდა.
ავადმყოფი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 2006
წლის 3 ოქტომბრიდან მკურნალობდა.
 
13 ნოემბერი,
2006 წელი
ქუთაისის ცენტრალურმა სახელმწიფო არქივმა დოკუმენტების კრებული
გამოსცა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო არქივების დეპარტამენტის
ქუთაისის ცენტრალურმა სახელმწიფო არქივმა, ქუთაისის ადგილობრივი
თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით, გამოსცა არქივში დაცული
დოკუმენტების კრებული - „დოკუმენტები იმერეთში საეკლესიო გალობის
ისტორიისათვის”.
კრებული მოიცავს 1821-1920 წლების მასალებს, რომელთა უმეტესობა
პირველად გამოქვეყნდა. საარქივო დოკუმენტები მოგვითხრობს საეკლესიო
გალობის ზოგად საკითხებსა და საეკლესიო გალობის სწავლებაზე.
კრებული განკუთვნილია ქართული მუსიკისა და საქართველოს ეკლესიის
ისტორიის მკვლევართათვის.
წელსვე ქუთაისის ცენტრალურმა სახელმწიფო არქივმა გამოაქვეყნა გელათის
სამონასტრო ცხოვრების ამსახველი, XIX-XX საუკუნის დოკუმენტები - „გელათის
მონასტერი ეგზარქოსობის დროს”.
გამოკვლევას დართული აქვს გელათის მონასტრის ქონების 1841 და 1923
წლების აღწერათა სია, რომელიც პირველად გამოქვეყნდა.
ქუთაისის არქივის მდიდარი მასალები, გამოქვეყნდა, აგრეთვე, სერია „საქართველოს
ძველი ქალაქების” ფარგლებში, ფოტოალბომში - „ქუთაისი”.
 
13 ნოემბერი,
2006 წელი
სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს სერტიფიკატები
დაურიგდათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სასწავლო ცენტრში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა
გადამზადების მორიგი ეტაპი დასრულდა. 146-მა მეციხოვნემ სწავლება
საბაზისო და მართვის პროგრამის მიხედვით გაიარა.
ერთი თვის წინათ დაწყებულ სწავლებაში თბილისის №1, №5 და №7
საპყრობილეების - 32 და ავჭალის №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულების 114 თანამშრომელი მონაწილეობდა.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ ჩატარდა ტესტირება და წარმატებულ
მონაწილეებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები
გადაეცათ.
სერტიფიკატის მოპოვება მხოლოდ თხუთმეტმა თანამშრომელმა ვერ შესძლო.
 
12 ნოემბერი,
2006 წელი
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გერმანიას ეწვია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დღეს სამუშაო ვიზიტით
გერმანიას ეწვია.
დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის იუსტიციის
ფედერალურ სამინისტროში ადმინისტრირების საკითხზე დაგეგმილ სემინარში,
რომელიც 13 ნოემბერს დაიწყება. ღონისძიების მიზანი მხარეთა შორის
გამოცდილების გაზიარებაა.
ვიზიტს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი საერთაშორისო
სამართლებრივი დახმარების გერმანული ფონდის (IRZ) ეგიდით ახორციელებს.
საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების გერმანული ფონდისა
და იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობას 2006 წლის ივნისში
ჩაეყარა საფუძველი. პირველი კონფერენცია თბილისში ჩატარდა, შემდგომში
IRZ-მა იუსტიციის სასწავლო ცენტრის დელეგაციას უმასპინძლა და
გერმანიაში მოქმედი სასწავლო ცენტრების საქმიანობა გააცნო.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის სულხან გამყრელიძის განცხადებით,
თანამშრომლობის ფარგლებში 2006 წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე
მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება.
 
11 ნოემბერი,
2006 წელი
5:3 არასრულწლოვანი პატიმრების სასარგებლოდ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში დღეს არასრულწლოვანი
პატიმრების მინი-ფეხბურთის გუნდმა თბილისის 35–ე საშუალო საფეხბურთო
სკოლის გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 5:3 დაამარცხა.
დღევანდელ მატჩს თბილისის მერი გიგი უგულავა, იუსტიციის სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია და 35–ე
სკოლის დირექტორი არჩილ არველაძე დაესწრნენ.
გიგი უგულავა და არჩილ არველაძე არასრულწლოვან პატიმრებს მომავალი
კვირიდან მწვრთნელის დანიშვნას დაჰპირდნენ.
არასრულწლოვან პატიმართა საფეხბურთო გუნდის წევრებმა დღესვე საჩუქრად
მაისურები და გამაგრილებელი სასმელები მიიღეს.
არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მინი-ფეხბურთის ახალი, კეთილმოწყობილი
სტადიონი ორი კვირის წინათ გაიხსნა.
 
11 ნოემბერი,
2006 წელი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „გურგენიძე
საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „გურგენიძე
საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს
მოქალაქე დავით გურგენიძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა.
გადაწყვეტილების შინაარსის მიხედვით, 1999 წელს განმცხადებელმა
ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ხელნაწერი გაყიდა. მწერლის
რძალი მანანა არჩვაძე-გამსახურდია განმცხადებელს ბრალს სდებდა
აღნიშნული ხელნაწერის ქურდობაში, რასთან დაკავშირებითაც გაზეთ „ახალ
თაობაში” პერიოდულად ქვეყნებოდა ინტერვიუები მანანა
არჩვაძე-გამსახურდიასთან.
ინტერვიუების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე განმცხადებლის
მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც საქმეში დანაშაულის
ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.
დავით გურგენიძემ რაიონულ სასამართლოში გაზეთ „ახალი თაობის”
რედაქტორისა და ჟურნალისტის მიმართ სარჩელი აღძრა და მოითხოვა გაზეთით
გავრცელებული ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის კომპენსაცია.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით,
გურგენიძის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მას უარი
ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, ხოლო მოპასუხეებს, სისხლის
სამართლის საქმის შეწყვეტის ფაქტზე დაყრდნობით, დაევალათ გავრცელებული
ცნობების უარყოფა იმავე გაზეთის მეშვეობით. თბილისის საოლქო და
საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა ეს გადაწყვეტილება უცვლელად
დატოვეს.
ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილ განაცხადში დავით გურგენიძე
ირწმუნებოდა, რომ გაზეთ „ახალ თაობაში“ დაბეჭდილი ინფორმაცია და
ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები იწვევდა კონვენციის მე-8 მუხლით
გარანტირებული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას.
ამასთან, კონვენციის მე-13 მუხლზე დაყრდნობით, იგი ასაჩივრებდა ქვეყნის
შიგნით მისი უფლებების დაცვის საშუალებათა არარსებობას.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულ სასამართლოებს არ შეეძლოთ
გამოეყენებინათ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილება მხოლოდ ცნობების უარყოფის მოთხოვნის მიზნით, რადგან
იგივე გადაწყვეტილება უნდა გამხდარიყო მორალური ზიანის დადგენის
საფუძველიც. შესაბამისად, საქართველომ ვერ უზრუნველყო
განმცხადებლისათვის პირადი ცხოვრების უფლების დაცვა, შედეგად,
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.
სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს განმცხადებელის სასარგებლოდ 6.116
ევროს გადახდა დააკისრა, აქედან, 4.000 ევრო მორალური ზიანის
ანაზღაურების სახით, ხოლო 2.116 ევრო კი - გაწეული ხარჯებისათვის.
საქმეზე „გურგენიძე საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილება
საბოლო გახდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მას ევროპული სასამართლოს
დიდ პალატაში არ გაასაჩივრებენ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის
ვადაში.
 
10 ნოემბერი,
2006 წელი
|