ღია მმართველობის პარტნირობის ფარგლებში საქართველოს პირველი სამოქმედო გეგმა (2012-2013 წწ.) 2011 წლის განმავლობაში შემუშავდა და პარტნიორობას 2012 წლის აპრილში წარედგინა.

ღია მმართველობა საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 11 პასუხისმგებელ უწყებას და 12 ვალდებულებას, რომლებიც შესაბამისობაშია ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ აღიარებულ პრინციპებთან - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა და ტექნოლოგია და ინოვაცია.

სამოქმედო გეგმა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო პროცესის შედეგად შემუშავდა. იგი OGP-ის ხუთი დიდი გამოწვევიდან შემდეგ ოთხს პასუხობს: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო  პარტნიორობაში გაწევრიანებიდან 2 თვეში. მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სტუდენტებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გეგმის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. კერძოდ, მომზადდა რეკომენდაციები მედია კოალიციის  ინიციატივით, რომელიც აერთიანებს 13 ორგანიზაციას. იუსტიციის სამინისტროსთვის წარსადგენი რეკომენდაციების პროექტის მომზადების პროცესს კი უხელმძღვანელეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და ჯამპსტარტ ჯორჯიამ.

შემუშავდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული კონკრეტული რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა შორისაა: სამთავრობო უწყებების ვალდებულება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ხელმისაწვდომობის გაზრდა, დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა, მოქალაქეთა ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში, ბიუჯეტის დაგეგმვისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას წარედგინა რეკომენდაცია ონლაინ პლატფორმის შექმნის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მონაცემების გამოყენებად ფორმატში განთავსებას, საჯარო კონსულტაციებისათვის ონლაინ სივრცის გამოყოფას და მოქალაქეთა პეტიციების სისტემის ამოქმედებას, რომელთა განხილვაზეც პასუხისმგებელია შესაბამისი სახელმწიფო უწყება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის - „ღია მმართველობა საქართველო - მიღწევები და გამოწვევები“ შესაბამისად, საქართველოს მთავრობის რეაგირება არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე შეფასდა პოზიტიურად. მართლაც, რეკომენდაციების უმრავლესობა ასახულია სამოქმედო გეგმაში.

საზოგადოების ინფორმირებულობისა და მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, სამოქმედო გეგმის პროექტი  ღია მმართველობის ინიციატივის მოკლე აღწერილობასთან ერთად განთავსდა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე, OGP-ისთვის სპეციალურად შექმნილ სექციაში. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საჯარო კონსულტაციები გაიმართა ქვეყნის მასშტაბით 6 სხვადასხვა ქალაქში: თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და თბილისი. აღნიშნულ საკონსულტაციო შეხვედრებს მასპინძლობდნენ სკოლები ან უნივერსიტეტები და უმეტესად ესწრებოდნენ სტუდენტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მრგვალი მაგიდების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გამართული განხილვების საფუძველზე შემუშავდა საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.
 
 ღია მმართველობა საქართველოს 2012-2013 წწ. სამოქმედო გეგმა
Open Government Georgia’s Action Plan of 2012-2013