საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №72

2015 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის №176 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრი        თეა წულუკიანი


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის

დებულება

   

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

მუხლი 2

დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

 

მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით.

 

მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

 

მუხლი 5

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები

 

მუხლი 6

დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ბ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით; სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

გ) ფოტო- და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;

დ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა;

ვ) სამინისტროს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მისი შესრულების კონტროლი;

ზ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

თ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებათა და ცალკეულ დავალებათა შესრულება.

 

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურა

 

მუხლი 7

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პრესის სამმართველო;

ბ) მარკეტინგის სამმართველო.

 

მუხლი 8

1. პრესის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას;

ბ) მასმედიასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით; სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებას;

გ) ფოტო- და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფას; სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადებას;

დ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციას;

ე) ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას.

2. მარკეტინგის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ბ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვას;

გ) სამინისტროს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავებას, დანერგვას, განახლებასა და მისი შესრულების კონტროლს.

დ) ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას.

 

თავი IV

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

 

მუხლი 9

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

 

მუხლი 10

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისა და უფლებამოსილებების სათანადოდ განხორციელების მიზნით;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; ორგანიზებას უწევს ამ დებულებით განსაზღვრული, დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესრულებას;

გ) აშუქებს მინისტრის საქმიანობას, გეგმავს საკომუნიკაციო კამპანიას მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტებისთვის  და ზრუნავს მინისტრის იმიჯზე; ახორციელებს კონტროლს სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკაზე, რომელსაც განსაზღვრავს მინისტრი; საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას სამინისტროს საქმიანობის შესახებ; ზრუნავს სამინისტროს იმიჯის შექმნაზე, რომელიც, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ორიენტირებულია რეფორმებსა და პროგრესზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ავრცელებს პრესრელიზებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის საქმიანობისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე;

ე) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციისა და დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად;

მ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ნ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას.

2. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

მუხლი 11

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) აშუქებს მინისტრის მოადგილეების საქმიანობას სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის შესაბამისად;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

 

მუხლი 12

1. დეპარტამენტში არსებულ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას;

გ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების  შესრულებას; აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.

 

მუხლი 13

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან სამინისტროს მრჩევლები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობებით.

3. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

1. 20/09/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 246 - ვებგვერდი, 20/09/2017
უკუკავშირი

სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 2010-2017, ყველა უფლება დაცულია.