თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან

საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის 16 ივლისის #2479 დადგენილებით მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასმართლოს რომის წესდების (რომის სტატუტი) რატიფიცირება. რომის სტატუტიდან გამომდინარე, საქართველომ აიღო ვალდებულება ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ისეთი დანაშაულების გამოძიებისა და დასჯის მიზნით, როგორებიცაა გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ომის დანაშაული და აგრესია (აგრესისს დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია გავრცელდება მას შემდეგ, რაც განიმარტება თავად ეს ტერმინი).


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს საქართველოს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. აღნიშნული მიზნით  დეპარტამენტი უფლებამოსილია მიიღოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნები თანამშრომლობის შესახებ, უზრუნველყოს სასამართლოსთვის თხოვნის შესრულების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შეიმუშავოს წინადადებები პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ, კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლობას სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და ა.შ.


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ
თანამედროვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აღმოცენების ისტორია იწყება წარუმატებელი წინადადებებით, ჩამოყალიბებულიყო საერთაშორისო ტრიბუნალი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კი ნიურბერგისა და ტოკიოს სამხედრო ტრიბუნალებმა მსოფლიო საზოგადოების თვალთახედვის არეში წინა პლანზე წამოსწია მუდმივმოქმედი სასამართლოს შექმნის აუცილებლობა.


საერთაშორისო სისხლის სამართლის კოდიფიკაციის დასაწყისად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ 1945 წლის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდება და 1946 წლის ნიურბერგის სამხედრო ტრიბუნალის განაჩენი. აღნიშნული დოკუმენტებისათვის იურიდიული ძალის მინიჭების მიზნით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1946 წლის დეკემბერში სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა ნიურბერგის ტრიბუნალის სტატუტით აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპები.


1992 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინაში გენოციდისა და ომის დანაშაულებმა, რასაც მოჰყვა იუგოსლავიისათვის დროებითი ად ჰოც ტრიბუნალების დაფუძნება, გააძლიერა დისკუსიები სახელმწიფოებს შორის სისხლის სამართლის მუდმივი სასამართლოს ჩამოყალიბების შესახებ.


1993 წელს საერთაშორისო სამართლის კომისიამ გაეროს გენერალურ ასამბლეას განხილვისთვის წარუდგინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის პროექტი.


1994 წელს რუანდაში განვითარებულმა მოვლენებმა გაეროს უშიშროების საბჭო იძულებული გახადა დაეარსებინა მეორე ად ჰოც ტრიბუნალი რუანდისთვის.


ამ და სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შემდგომ, 1998 წლის 15 ივლისიდან 17 ივლისამდე რომში გაეროს ეგიდით ჩატარდა დიპლომატიური კონფერენცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასაფუძნებლად. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 162 სახელმწიფო, აქედან 120 მოწონებით შეხვდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის იდეას.


,,სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება" ძალაში შევიდა 2002 წლის პირველ ივლისს. დღევანდელი მდგომარეობით, რომის სტატუტის რატიფიცირება უკვე მოახდინა ასათმა სახელმწიფომ.


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მსოფლიოს მასშტაბით გააჩნია იურისდიქცია გამოიძიოს და დევნოს შემდეგი დანაშაულები: გენოციდი, ომის დანაშაულები, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და მოგვიანებით – აგრესიის დანაშაულები (რომის სტატუტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აგრესიაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურიდიქცია გავრცელდება მას შემდეგ, რაც განისაზღვრება ზემოხსენებული ტერმინი), დააკისროს სასჯელი დამნაშავეებს, მოახდინოს რეპარაცია მსხვერპლთათვის და ა.შ.

დამატებითი იურისდიქციის პრინციპი

სისხლის სამართლის საერთაშორისო საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილება შიდასახელმწიფოებრივ სისხლის სამართლებრივ დევნასთან მიმართებით არის დამატებითი. მუდმივმოქმედი სასამართლოს სახით ჩამოყალიბებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ იმ შემთხვევაში აამოქმედოს სამართლებრივი მექანიზმები, როცა ზესახელმწიფოებრივი სასამართლო ინსტანციის გამოყენების ნამდვილი აუცილებლობა დადგება. ეს სასამართლო მხოლოდ მაშინ უნდა ამოქმედდეს, როდესაც უფლებამოსილი ქვეყანა უუნაროა ან არ სურს თავად სათანადოდ ჩაატაროს გამოძიება, განახორციელოს სიხლისსამართლებრივი დევნა და მართლსმსაჯულება. სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულება ჩაენაცვლება ეროვნულ მართლმსაჯულებას, რომელსაც სტატუტის მიხედვით მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს უპირატესობა.


სახელმწიფოთა ,,უუნარობაზე~ განახორციელონ სისხლის სამართლის სამართალწარმოება, საუბარია სტატუტის მე-17 მუხლის მე-3 აბზაცში: იმისათვის, რომ ცალკეულ შემთხვევაში დადგინდეს სახელმწიფოთა უუნარობა, სისხლის სამართლის საერთაშორისო  სასამართლო ითვალისწინებს, შესწევს თუ არა სახელმწიფოს უნარი, ეროვნული სასამართლოს მთლიანი ან არსებითი მარცხის ან მისი არარსებობის გამო, მიიღოს თავის განკარგულებაში ბრალდებული ან საჭირო მტკიცებულება ან ჩვენება, ან თუ სხვა მიზეზის გამო არ ძალუძს სამართალწარმოების განხორციელება.

დამატებითი იურისდიქციის პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამართლებრივი პრობლემა გადაწყდეს იმ საფეხურზე, სადაც ეს ყველაზე უკეთ შეიძლება. თუ შიდასახელმწიფოებრივ ინსტანციებს შესწევთ უნარი და აქვთ სურვილი სერიოზული სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელონ სტატუტით გათვალისწინებული საერთაშორისო დანაშაულების მიმართ, არ არის საჭირო საერთაშორისო ინსტანცია ჩაერთოს მარლთმსაჯულების განხორციელებაში.

აღნიშნულ სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა:


საკონტაქტო ინფორმაცია:

საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი
მისამართი: გორგასლის ქუჩა # 24, 0133, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: (+995 32) 405140, 405204
ფაქსი: (+995 32) 405204

ელ. ფოსტა: intlawdep@justice.gov.ge, skvinikhidze@justice.gov.gedjavakhadze@justice.gov.ge

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

თარიღი: 18 მაისი 2013

2013 წლის 18 მაისს  იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი გაიმართა. ნოტარიუსობის მსურველებმა ტესტირება ზოგად უნარ- ჩვევებში გაიარეს.

გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.  პრეტედენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს  პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.  

ტესტების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გამოცდების მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემათ და ისინი ნოტარიუსად მუშაობის  უფლებას მოიპოვებენ.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებში  მონაწილეობის მსურველებს - უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე  პირებს დარეგისტრირება16 მაისამდე შეეძლოთ. გამოცდის ჩაბარების სურვილი 69 კანდიდატმა გამოთქვა. 

იუსტიციის მინისტრი ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

თარიღი: 17 მაისი 2013

17 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი  ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მათ და, განსაკუთრებით, იმ ნოტარიუსებს, რომლებიც მის ინიციატივას გამოეხმაურნენ  და სანოტარო საქმიანობის დაწყება რეგიონებში გადაწყვიტეს.

„მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან მიზნად დავისახე, საქართველოს ყველა რეგიონს ყოლოდა ნოტარიუსი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო სანოტარო მომსახურება. ამჟამად კიდევ არის დარჩენილი რეგიონები, სადაც მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას ვერ იღებს. ამ რეგიონებსაც მალე ეყოლება ნოტარიუსი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ ნოტარიუსთა შორის აღარ იქნებიან ისეთები, რომლებიც ხელყოფენ პირად საკუთრებას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბოლო პერიოდში  დანიშნული 20 ნოტარიუსიდან 9 რეგიონებში ახორციელებს სანოტარო საქმიანობას. 25 ოქტომბრის შემდეგ თიანეთის, თერჯოლას, წყალტუბოს, ქარელისა და ოზურგეთის მოსახლეობას პირველად ჰყავს ნოტარიუსები. ნოტარიუსი დაინიშნა ასევე დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ წეროვანში, ასევე, ბათუმთან, ხოფაში. პირადად იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს მაქსიმალურად შეეწყობათ ხელი სანოტარო საქმიანობაში.

საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 240 ნოტარიუსია. იუსტიციის სამინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 60 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი.

იუსტიციის სამინისტროში სტუდენტების კვლევითი პრაქტიკა დასრულდა

თარიღი: 13 მაისი 2013

13 მაისს იუსტიციის სამინისტროში პრეზენტაცია - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ასპექტები" - გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები და პროექტ „კვლევითი პრაქტიკის" მონაწილე სტუდენტები - ახალგაზრდა სოციოლოგები და იურისტები, რომლებმაც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ექვსთვიანი პრაქტიკა გაიარეს.

პრეზენტაცია ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან მიხელიძემ გახსნა. მან სტუდენტებს პრაქტიკის დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათთვის პროფესიული ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

საკუთარი კვლევები წარმოადგინეს ილიაუნის, თავისუფალი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ახალგაზრდა იურისტებმა და სოციოლოგებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ნაფიცი  მსაჯულები, მათი შერჩევის წესი და ქართველი საზოგადოების განწყობები ამ ინსტიტუტის მიმართ; სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტიები მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების პროცესში; მოსამართლეთა კორპუსის ფორმირებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები; მედიის მონაწილეობის ფორმები სასამართლო განხილვის პროცესში; ინსტიტუციური შეზღუდვები მოსამართლეების თავისუფლებაზე -   კომენტარი გააკეთონ პოლიტიკურ მოვლენებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე; სასამართლო განხილვის მონაწილეთა ანონიმურობის უზრუნველყოფა; საქართველოში სასამართლო სისტემისადმი დამოკიდებულების კვლევის მეთოდოლოგია და სხვ.

პროექტი „კვლევითი პრაქტიკა" იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა გასულ წელს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული ყველა უნივერსიტეტის იურიდიული და სოციოლოგიური ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს შეეძლოთ. საუკეთესონი ტესტირებისა და გასაუბრების გზით შეირჩნენ.

ახალგაზრდა იურისტები და სოციოლოგები 6 თვის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მუშაობაში, მონაწილეობდნენ შეხვედრებსა და დისკუსიებში შესაბამისი სფეროს ექსპერტებსა და პრაქტიკოსებთან. თემების შერჩევის შემდეგ კი სტუდენტებმა

კვლევითი საქმიანობა ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების უშუალო ზედამხედველობითა და დახმარებით წარმართეს.

იუსტიციის სამინისტრომ წარმატებულ პრაქტიკანტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებს კვლევითი პრაქტიკისათვის კრედიტებიც მიენიჭათ.

 

სწრაფი ბმულები