დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა 2012
2012 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ჩატარდა დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის მესამე ტალღა საქართველოში, რამაც შესაძლებელი გახადა წინა ორი კვლევის მონაცემების გადამოწმება მომდევნო წლის შედეგებით. კვლევის ტექნიკური ნაწილი განახორციელა კომპანია „გორბი"-მ. შედეგების ანალიზში მონაწილეობდა იან ვან დაიკი, ვიქტიმოლოგიისა და ადამიანის უსაფრთხოების პროფესორი. შერჩევამ მოიცვა მთელი საქართველო, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. 3001 რესპონდენტი პირისპირ გამოიკითხა ინტერვიუირების მეთოდით.
დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა სტანდარტიზირებულია ICVS-ის კვლევასთან და მონაცემები შედარებადია საერთაშორისო შედეგებთან ვიქტიმიზაციის 10 ტიპის მიხედვით. კითხვარს ასევე დაემატა ვიქტიმიზაციის 11 კატეგორია ქვეყნის შიდა ანალიზისთვის. გამოკითხვამ მოიცვა დანაშაული, რომლის შედეგადაც დაზარალდა როგორც ინდივიდი და ოჯახი, ასევე დანაშაული, რომელმაც დააზარალა მხოლოდ ინდივიდი. ბოლო გამოცემაში დაემატა ასევე მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა კორუფციასა და ნარკოდანაშაულის მიმართ. კორუფციის კითხვარი მომზადდა ევრობარომეტრის სტანდარტული კითხვარის მიხედვით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
თეა წულუკიანმა პირველი ოფიციალური შეხვედრა სომხეთში იუსტიციის მინისტრ ჰრაირ ტოვმასიანთან გამართა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეს მისი პირველი ვიზიტია მეზობელ ქვეყანაში. თეა წულუკიანი სომხეთის იუსტიციის მინისტრს ქვეყნის სამართლებრივი სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ესაუბრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის საუბრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლო სისტემის რეფორმა, ნარკოტიკული პოლიტიკის ცვლილება იყო.
თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო რეფორმის ერთი ეტაპი დასრულებულია, თუმცა, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მან ნარკოპოლიტიკაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელთა თანახმადაც, ნარკომომხმარებლები ავადმყოფებად განიხილებიან და მათ ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრებათ. რაც შეეხება გამსაღებლებს, სანქციები მათ მიმართ აუცილებლად გამკაცრდება. აღსანიშნავია, რომ სომხეთში ნარკომომხმარებლები არ ითვლებიან სისხლის სამართლის დამნაშავეებად და მათ მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელი ეკისრებათ.
„ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში კონსტიტუციის ცვლილება ისევ აუცილებელია. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ბოლო ცვლილება, რომელიც განხორციელდება საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენი მიზანია, ისე შეიცვალოს ამჯერად კონსტიტუცია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლოს თავისუფლად თქმა - ეს ჩემი კონსტიტუციაა!" - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სომხეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდი როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის, ძიების პერიოდია, მათ შორის, ქვეყნების სამართლებრივი ფორმირების პროცესშიც. ჰრაირ ტოვმასიანის თქმით, სომხეთი მართლმსაჯულების კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობს, რადგან არსებობს კორუფციის რისკები, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრობლემა... სომხეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მისი უწყების დღევანდელი გამოწვევა სახელმწიფო სერვისების განვითარება და მოქალაქეებისთვის სერვისების ონლაინმიწოდებაა.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, როგორ დასრულდება კოაბიტაცია საქართველოში. საინტერესოა, რით დამთავრდება ეს შემთხვევა საქართველოში, როცა პრეზიდენტი სხვა პარტიიდან არის და პრემიერი - სხვა პარტიიდან", - განაცხადა ტოვმასიანმა და აღნიშნა, რომ სომხეთის იუსტიციის სამინისტრო, ასევე, ინტერესით
ადევნებს თვალს სასამართლოს რეფორმას, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომეხ კოლეგას ამ საკითხში დახმარება და იმ გამოცდილების გაზიარება შესთავაზა, რომელიც საქართველოს აქვს.
შეხვედრის დასასრულ, თეა წულუკიანმა სომეხი კოლეგა თბილისში მოიწვია.
იუსტიციის მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
17 ივნისს სომხეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარგსიანს შეხვდა. შეხვედრა, რომელსაც სომხეთის იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა, სომხეთის მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა სამართლებრივ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომხეთის მთავრობის მეთაურს ქვეყანაში სამართლებრივ სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო. თეა წულუკიანის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმის ერთი ეტაპი დასრულებულია. ამჯერად იგეგმება იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა.
მინისტრმა შრომის ახალ კოდექსზეც ისაუბრა. თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით მიიღო შრომის ახალი კოდექსი, სადაც, ძველი ვერსიისაგან განსხვავებით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ინტერესთა ბალანსი დაცულია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა საჯარო პოლიტიკის არაერთ სფეროშია შესაძლებელი. ტიგრან სარგსიანმა მაგალითად მოიყვანა სასამართლოს სისტემის რეფორმა, რომელსაც ამჟამად ორივე ქვეყანა ახორციელებს.
საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ და პარტნიორულ ურთიერთობებსაც შეეხო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „ახალ ხელისუფლებას სომხეთთან საუკეთესო ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს". ქართულ-სომხურ ურთიერთობებს „არამარტო მეზობლურს, არამედ მეგობრულს" უწოდებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სომხეთში 16 ივნისიდან იმყოფებიან.
საქართველოს 30 000 მოქალაქეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს მიღებული
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს საარჩევნო სიების გაუმჯობესებაზე და ამ მიზნით 2013 წლის აპრილიდან განსაკუთრებული აქტივობით ახორციელებს მონაცემთა ბაზის ანალიზს. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა საქართველოს სხვადასხვა რაიონში რეგისტრირებული 30 000 ისეთი ადამიანი, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობის ფლობის პარალელურად შეიძინეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც და ამის შესახებ არ უცნობებიათ საქართველოს სახელმწიფოსათვის. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს ორმაგ მოქალაქეობას, გარდა პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევებისა.
საქართველოს სახელმწიფოს მიზანია, შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეები და დაიცვას მათი ინტერესები. ამ მიზნით სერვისების განვითარების სააგენტომ სპეციალური წერილით მიმართა ყველა ზემოხსენებულ პირს, განურჩევლად თანამდებობის, სტატუსის თუ რეგისტრაციის ადგილისა, და აცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობას უკანონოდ ფლობენ. იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს ამ მოქალაქეებს, ჩაერთონ საქმის წარმოებაში და მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით, რათა კანონით დადგენილი წესით მოხდეს მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების დაწყება. კერძოდ, სერვისების განვითარების სააგენტო შეისწავლის განაცხადს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის კუთხით, დასკვნას გადაუგზავნის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მათ მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას.
ინფორმაციისთვის:
უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს, ამავე დროს, ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობაც, განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წარდგენილ განცხადებას უნდა ერთვოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფიზიკური პირის რეკომენდაცია, ორი ფოტოსურათი და დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისათვის მოქმედებს კანონით დადგენილი სამთვიანი ვადა.
პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, შეუძლიათ, შესაბამისი განაცხადი შეავსონ ონლაინრეჟიმში ვებგვერდზე www.house.gov.ge ან დაუკავშირდნენ სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 2 405 405.





