საქართველოს მთავრობა მიესალმება ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას და უერთდება მონაწილე ქვეყნების საერთო მისწრაფებას, გახადონ საკუთარი მმართველობა უფრო მეტად გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი, ინოვაციური და ღია მოქალაქეთათვის.
პრინციპები, რომლებიც პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს, საკმაო ხანია, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების ნაწილია. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ გავატარეთ მასშტაბური რეფორმები კორუფციის წინააღმდეგ, ძირეულად შევცვალეთ საჯარო მომსახურების კონცეფცია და ვიზრუნეთ საჯარო მოხელეთა პროფესიული ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
გატარებულმა რეფორმებმა ნაყოფიერი შედეგი გამოიღო: სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 4% აღიქვამს კორუფციას პრობლემად, მხოლოდ 2 %-ს აქვს ქრთამის მიცემის გამოცდილება და მოქალაქეთა 77% კმაყოფილია კორუფციის წინააღმდეგ ხელისუფლების გატარებული ზომებით.
ჩვენი პოლიტიკური სისტემა ემყარება ღიაობას, მოქალაქეთა ჩართულობას, საჯარო მმართველობის გამჭვირვალობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას.
ღია მმართველობის პარტნიორობა საქართველოსთვის არის დამატებითი შესაძლებლობა, განავითაროს წამოწყებული რეფორმები, იმუშაოს ახალ მიმართულებებზე და პარტნიორ ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებით კიდევ მეტად გამჭვირვალე გახადოს საკუთრი პოლიტიკური სისტემა.
პარტნიორობის ფარგლებში საქართველო მზადაა, განახორციელოს ღონისძიებები ერთდროულად პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე დიდი გამოწვევების ფარგლებში.
1. საჯარო მომსახურების გაუმჯობესება
2. საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა
3. საჯარო რესურსების უკეთესი მართვა
4. უსაფრთხო გარემოს შექმნა
სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში საქართველოს მთავრობამ გაიარა აქტიური კონსულტაციები და მიიიღო რეკომენდაციები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ხუთ სხვადასხვა რეგიონში საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან, ბიზნეს ასოციაციასთან და უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან.
1. მომავლის საჯარო მომსახურება
მსოფლიო ბანკის 2012 წლის კვლევის თანახმად, 2003 წლამდე საჯარო მომსახურება იყო მოშლილი, კორუმპირებული და ბიუროკრატიული ბარიერებით სავსე. სახელმწიფო რეესტრების სისტემა, იქნებოდა ეს დაბადების თუ ახალი ბიზნესის რეგისტრაცია, იყო ქაოტური და კორუმპირებული. საბჭოთა ეპოქის არქივებში ინახებოდა ხარვეზიანი ინფორმაცია. საკუთრების დასარეგისტრირებლად საჭირო იყო რამდენიმე დაწესებულაში მისვლა ხელმოწერებისა თუ სანოტარო დამოწმებისათვის. სახელმწიფო უწყებებიდან პასუხის ლოდინი ხშირად ორი თვის განმავლობაში იყო საჭირო. ,,პასპორტის ასაღებად მოქალაქე მიდიოდა ერთ დაწესებულებაში, იქიდან მას გზავნიდნენ მეორეში ბინადრობის ნებართვის ასაღებად, შემდეგ ის კვლავ პირველ დაწესებულებაში ბრუნდებოდა, სადაც დგებოდა რამდენიმე საათიან რიგში და საჯარო მოხელეს უხდიდა ქრთამს იმ სერვისის გაცემაში, რაც ამ უკანასკნელის მოვალეობას შეადგენდა".[1]
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ქაოსი დამთავრდა. საჯარო მომსახურების კონცეფცია რადიკალურად შეიცვალა: კორუფცია აღმოიფხვრა, ამოქმედდა გამჭვირვალე და ბიზნესის ტიპის რეესტრები ახალი, კვალიფიციური და კარგად ანაზღაურებადი პერსონალით. საჯარო მომსახურების მისაღებად საჭირო დრომ საგრძნობლად იკლო. დაინერგა მაღალი დახვეწილი საინფორმაციო ტექნოლოგიები.[2]
რეფორმების შედეგებმა არ დააყოვნა: 2011 წლის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის "Life in Transition" კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 92% კმაყოფილია საჯარო დოკუმენტების გაცემის ხარისხით და შესწავლილ ქვეყანათა შორის საქართველოს შესაბამისი 1-ლი ადგილი უკავია.
გატარებული რეფორმები, მართალია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ საქართველო მიღწეულით არ დაკმაყოფილდა:
ა. იუსტიციის სახლი: ყველაფერი ერთ სივრცეში
2011 წელს საქართველომ დაიწყო უპრეცედენტო კონცეფციის - იუსტიციის სახლის - იმპლემენტაცია, რომელიც საჯარო სერვისის ქართული ბრენდია (www.house.gov.ge) და ემყარება პრინციპს: ,,ყველაფერი ერთ სივრცეში". მართალია, 2003 წლის შემდეგ რეფორმირებული სახელმწიფო სააგენტოები ერთი სარკმლის პრინციპის საფუძველზე მუშაობდნენ, მოქალაქეს მაინც რამდენიმე მათგანში უწევდა მისვლა და დროის დაკარგვა. ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ერთ შენობაში მოუწევთ მისვლა - იუსტიციის სახლში.
იუსტიციის სახლის კონცეფციაზე მუშაობისას აქტიურად იქნა გამოყენებული კერძო სექტორისთვის დამახასიათებელი მიდგომები. გაანალიზდა 215 ტიპის სერვისის პროცედურა, ახალი პროცედურები გაუმჯობესდა და სადაც შესაძლებელი იყო, ერთმანეთს დაუკავშირდა.
საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ საჯარო მომსახურების პრინციპები არ უნდა განირჩეოდეს კერძო სექტორში მომსახურების პრინციპებისგან და ორიენტირებული უნდა იყოს სისწრაფეზე, ხარისხსა და სიმარტივეზე. იუსტიციის სახლი საქართველოს მოქალაქეებსა თუ უცხოელებს ერთ სივრცეში სთავაზობს ნებისმიერ მომსახურებას, რაც ეხება პიროვნების სამოქალაქო დოუმენტაციას, ბიზნესისა თუ ქონების რეგისტრაციას, არქივის მასალებს, ნოტარიუსის მომსახურებას და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. არსებულ სერვისებს მომავალში დაემატება მუნიციპალური მომსახურება, შემოსავლების სამსახურისა და მომსახურების სააგენტოს (მათ შორის ავტომობილის რეგისტაცია და მართვის მოწმობა) სერვისები.
მუშავდება ორი ახალი პროექტი, რომლებიც ხაზს უსვამს მოქალაქისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის შეთავაზებაზე ორიენტირებულ მიდგომას: ესენია Just Drive და Just Café, სადაც მოქალაქე მანქანიდან გადასვლის გარეშე მიიღებს მომსახურებას ან დაელოდება ასაღები დოკუმენტის დამზადებას კაფეში.
ქრონოლოგია: 2012 წლისთვის იუსტიციის სახლი აშენებულია ოთხ ქალაქში. 2012 წელს დაგეგმილია იუსტიციის სახლების დაფუძნება დამატებით რვა ქალაქში. 2013 წელს გაიხსნება კიდევ ოთხი იუსტიციის სახლი, რაც ჯამში შეადგენს 16 იუსტიციის სახლს ქვეყნის მასშტაბით.
პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
ბ. სოფლის განვითარების ცენტრები
მაღალი ხარისხის საჯარო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში. მუნიციპალიტეტები თანდათანობით ჩაერთვებიან ელექტრონული მმართველობის სისტემაში. ისინი გააუმჯობესებენ საკუთარ მენეჯმენტსა და მომსახურებას. გამარტივებული პროცედურების დანერგვით, მათ ექნებათ პირდაპირი წვდომა სხვადასხვა მონაცემთა ბაზაზე.
სოფლის განვითარების ცენტრები აშენდება ყველაზე შორეულ სოფლებშიც შედარებით მრავალრიცხოვანი მოსახლეობით. ეს არის ახალი კონცეფცია, რომელიც სოფლის მოსახლეობისთვის საჯარო მომსახურებას უზრუნველყოფს. მოქალაქეებს შესთავაზებენ სოციალურ მომსახურებას, პიროვნების სამოქალაქო დოკუმენტაციის მიღებას, ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობას. გამიზნულია კერძო სექტორთან თანამშრომლობა: ცენტრებში მოქალაქეები, ასევე, მიიღებენ საბანკო მომსახურებასა და სოფლის მეურნეობის წარმართვისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკურ-დამხმარე სერვისს.
სოფლის განვითარების ცენტრებში უზრუნველყოფილი იქნება წვდომა კომპიუტერზე, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ მოიპოვონ ინფორმაცია საჯარო, სოციალური თუ სხვა სერვისების შესახებ, ასევე, საჯარო ინფორმაცია.
ქრონოლოგია: იმპლემენტაცია მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალი ორი წლის განმავლობაში.
პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
გ. მოქალაქის პორტალი
საჯარო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნეა ონლაინ - ელექტრონულ რეჟიმში. საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის შეიქმნება ინდივიდუალური ვებ-სივრცე, სადაც მოქალაქე საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მოახდენს ID ბარათით და ელექტრონულად შეძლებს საჯარო მომსახურების მიღებას.
ქრონოლოგია: მოქალაქის პორტალი ამოქმედდება 2013 წლისთვის.
პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტო
2. ჯანდაცვის სფეროში მომსახურების გაუმჯობესება
საქართველო ატარებს მასშტაბურ რეფორმებს ჯანდაცვის სფეროში. 2013 წლისათვის, ქვეყნის მასშტაბით, ექსპლუატაციაში შევა 150-მდე ახლადშექმნილი და/ან რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება, რაც ჩაანაცვლებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 600-მდე ძველ, ამორტიზებულ და არაფუნქციონირებად სამედიცინო ობიექტს.
სახელმწიფო მიზნად ისახავს დანერგოს ჯანდაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რაც მოქალაქეებს მიაწვდის ჯანდაცვის სხადასხვა დაწესებულებაში არსებული სერვისების შესახებ სრულ, შინაარსობრივ და პრაქტიკულ ინფორმაციას: http://ehealth.moh.gov.ge
ქრონოლოგია: იმპლემენტაცია მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალი ორი წლის განმავლობაში.
პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო
3. იყავი ინფორმირებული და განავითარე შენი ქვეყანა
სამოქმედო გეგმის ამ ნაწილში მოცემული იდეები ძირითადად მომდინარეობს სამოქალაქო საზოგადოებისგან. საქართველოს მთავრობა ღიაა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართვისთვის. საქართველოს კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და მოქნილია მსოფლიოში. საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების აქტი (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) ადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის მაქსიმალურ ათდღიან ვადას, რაც ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ვადაა მსოფლიოში. იგივე აქტი ადგენს საჯარო დაწესებულებათა მუშაობის გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და შეიცავს მექანიზმებს მათი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის 2011 წლის ავტორიტეტული კვლევის თანახმად, საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა ახალი ზელანდიის შემდეგ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც უმრავლესი განვითარებული ქვეყნების შედეგებზე უკეთესი მაჩვენებელია. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში საჯარო მოხელეები იცავენ კანონს, აქვთ დადებითი მიდგომა და ხარისხიანად პასუხობენ საბიუჯეტო ინფორმაციის მოთხოვნებს ცენტრისგან.[3]
საქართველოს მთავრობა გეგმავს შთამბეჭდავად გაზარდოს მოქალაქის მონაწილეობის შესაძლებლობები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაში და ამისთვის შექმნას ახალი პლატფორმები:
ა. Ichange.ge
კარგად ინფორმირებული მოქალაქე ქვეყნის განვითრების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, იგეგმება რამდენიმე სიახლე:
პროაქტიული გამოქვეყნება: ყველა საჯარო დაწესებულება საკუთარ ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოაქვეყნებს მის ხელთ არსებულ საჯარო ინფორმაციას და შექმნის ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის შესაძლებლობას. მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ცვლილებების განსახორციელებლად.
საჯარო ინფორმაციის ერთიანი ვებ-გვერდი: data.gov.ge, რომელზეც განთავსდება მოქალაქისთვის საინტერესო სხვადასხვა ინფორმაცია, სახელმწიფო ფინანსებისა და ბიუჯეტების ჩათვლით. ამავე ვებ-გვერდზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად გამოითხოვონ საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი საჯარო დაწესებულებიდან - ადრესატი დაწესებულების ცოდნის საჭიროების გარეშე.
სახელმწიფო იმედოვნებს, რომ ინფორმაციის მიღების გზების გაიოლება ხელს შეუწყობს ახალ იდეებსა თუ დისკუსიებს, და შექმნის ქვეყანაში ახალი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას. შეიქმნება მოქალაქის პორტალი: ichange.ge. მოქალაქის პლატფორმა შექმნის შემდეგ შესაძლებლობებს:
- საკითხის ან პრობლემის წამოჭრა, რომელიც მოქალაქის აზრით ყურადღებასა და გადაჭრას საჭიროებს;
- იდეის შეთავაზება, რომელიც მოქალაქის აზრით კონკრეტულ პრობლემას მოაგვარებს ან სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის/ქვეყნისთვის;
- სხვა მოქალაქეები ჩაერთვებიან განხილვაში და შეძლებენ საკუთარი აზრის გამოთქმასა და საკუთარი გამოსავალის შეთავაზებას;
- შესაძლებელია განთავსდეს ელექტრონული პეტიცია, რაც კონკრეტულ ქმედებას მოითხოვს წვრილმან ან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გარემოებასთან დაკავშირებით. თუკი პეტიციას დადგენილი ოდენობის მოქალაქე მოაწერს ხელს (სავალდებულო ოდენობა დამოკიდებულია საკითხის მნიშვნელობასა და მასშტაბზე), სავალდებულო იქნება საკითხის განხილვა.
მოქალაქის პლატფორმაზე იმუშავებს საჯარო მოხელეთა სპეციალურად დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც იდეებს და პრობლემებს შესაბამის უწყებებს მიაწვდის.
ვალდებულებათა ამ ნაწილში განსახორციელებელი აქტივობების იდეათა ავტორები: ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" და კოალიცია ,,ევროპული საქართველოსთვის".
ქრონოლოგია: პროქტიული გამოქვეყნება დაიწყება 2012 წელს სამინისტროებში და დაფარავს სხვა საჯარო დაწესებულებებს 2014 წლისთვის. data.gov.ge და ichange.ge ამოქმედდება 2013 წელს.
პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ბ. საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობა
საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნის" ვებ-გვერდის მეშვეობით მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ნებისმიერი საკანონმდებლო აქტის ან კანონპროექტის ნებისმიერ მუხლთან დაკავშირებით გამოთქვან კრიტიკა, შეფასებები ან შესთავაზონ უკეთესი რეგულირება. საკანონმდებლო მაცნის ვებ-გვერდზე, ასევე, მოხდება პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებების ელექტრონული დაკავშირება შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მუხლებთან.
სპეციალური გუნდი იუსტიციის სამინიტროში იმუშავებს ვებ-გვერდზე და მოახდენს პრობლემებისა და პრიორიტეტული თემების იდენტიფიკაციას. საჭიროების შემთხვევაში, იგივე გუნდი მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივებს საქართველოს პარლამენტისთვის. ამ გზით ხელი შეეწყობა საქართველოს კანონმდებლობის განვითარებას.
ქრონოლოგია: იმპლემენტაცია მოხდება 2012 წელს.
პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
გ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
2011 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თავად მიიღონ მონაწილეობა მართლმსაჯულების განხორციელებაში. ამჟამად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მხოლოდ დედაქალაქში და ერთ დანაშაულთან მიმართებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში). იგეგმება მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გავრცელდება საქართველოს მეტ ტერიტორიაზე (პირველი იქნება ქ. ქუთაისი) და მეტ დანაშაულებთან მიმართებაში.
ქრონოლოგია: იმპლემენტაცია მიმდინარეობს და გაგრძელდება მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.
დ. პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალობა
2011 წლის ბოლოს მიღებულ იქნა კანონმდებლობა, რომელიც ადგენს პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობის სტანდარტებს და მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას იცოდნენ, თუ როგორ ფინანსდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტია. ახალი კანონი მოწონებულ იქნა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიერ.[4]
საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციები და დამფინანსებლების ვინაობა.
ქრონოლოგია: იმპლემენტაცია დაიწყება 2012 წელს და გაგრძელდება მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს კონტროლის პალატა
4. ინოვაცია სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობისთვის
ა. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა
2003 წლამდე სახელმწიფო შესყიდვები კორუფციული გარიგებების ნავსაყუდელი იყო. 2003 წლის შემდეგ დაინერგა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა - www.procurement.gov.ge. კორუფციის შესაძლებლობის სრულად აღმოსაფხვრელად სახელმწიფო შესყიდვები და თავად ვაჭრობის პროცესი მიმდინარეობს ელექტრონულად და ღიაა ყველასათვის. უზრუნველყოფილია შეჯიბრებითობა.
ქართული სისტემა უნიკალურია ასეთ სისტემებს შორის, რადგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში თანაბარი ოდენობით არიან წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები.
ახლებურმა მიდგომამ სახელმწიფოს შესაძლებლობა მისცა დაეზოგა 202 მილიონი ლარი, რაც სახელმწიფო შესყიდვების ბიუჯეტის 14 პროცენტია.
მოიძებნება ახალი გზები, რითიც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მოხდება ფასისა და ხარისხის კრიტერიუმების დაბალანსება და სისტემის ანალიტიკური მოდულის გაუმჯობესება.
სახელმწიფო გაყიდვების განხორციელების დროსაც ელექტრონულ სისტემასა და ელექტრონულ ვაჭრობას მიმართავს - www.eauction.ge. პრინციპები იგივეა: სრული გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა და თანაბარი კონკურენციის პირობები. დაგეგმილია ელექტრონული აუქციონის სისტემის სრულყოფა, რათა ის მომხარებლისთვის უკეთესად გამოსაყენებელი გახდეს.
ქრონოლოგია: იმპლემენტაცია მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალი ორი წლის განმავლობაში.
პასუხისმგებელი ორგანო: კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ბ. ელექტრონული დეკლარაციები
საქართველოში მოქმედებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა, რომელიც ღიაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის: www.declaration.ge. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, დახვეწოს არსებული სისტემა, რაც უზრუნველყოფს დეკლარაციების უკეთეს მონიტორინგს.
ქრონოლოგია: იმპლემენტაცია მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალი ორი წლის განმავლობაში.
პასუხისმგებელი ორგანო: საჯარო სამსახურის ბიურო
5. ტექნოლოგია ზრუნავს უსაფრთხოებაზე
საქართველოს მთავრობამ გაატარა მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის 2011 წლის დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეთა 70% თავს გრძნობს უსაფრთხოდ, ხოლო 95 პროცენტს არ ეშინია, რომ მის წინააღმდეგ შესაძლოა ჩაიდინონ დანაშაული.
- სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული წარმოება და ელექტრონული სტატისტიკა
2011 წელს შეიქმნა სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების ინტეგრირებული სისტემა და სისხლის სამართლის საქმისწარმოება გახდა სრულად ელექტრონიზებული. პროგრამის მეშვეობით გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მოქცეულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ყველა მტკიცებულება ელექტრონულია.
დანაშაულის ელექტრონული სტატისტიკა დაეფუძნება სისხლის სამართლის ელექტრონული წარმოების პროგრამას, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სისრულესა და სიზუსტეს. მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო სისტემის გასაუმჯობესებლად. მიზანთა შორისაა ბიზნეს-ანალიტიკური მოდულის შექმნა.
- დანაშაულის რუკა
შეიქმნება დანაშაულის გეოგრაფიული განაწილების რუკა და დანაშაულთა სტატისტიკა ხელმისაწვდომი იქნება ქუჩის სიზუსტით. დანაშაულის რუკა სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად მოახდინოს დანაშაულის პრევენცია შესაბამისი ტერიტორიის მიხედვით.
- უსაფრთხო უბანი
საქართველო გეგმავს ,,უსაფრთხო უბნის" პროექტის იმპლემენტაციას. მოქალაქეები შეძლებენ ადგილობრივ პროკურორებებთან ონლაინ კონტაქტს, რათა შეატყობინონ მათ ინფორმაცია შესაბამის უბანში ზოგადი ან კონკრეტული პრობლემების შესახებ.
ქრონოლოგია: სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული წარმოების ინტეგრირებული სისტემის იმპლემენტაცია მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალი ორი წლის განმავლობაში. დანაშაულის რუკისა და ,,უსაფრთხო უბნის" იმპლემენტაცია დაიწყება 2012 წელს.
პასუხისმგებელი ორგანო: საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები; საქართველოს უზენაესი სასამართლო
6. არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინიციატივით იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას.
[1] მსოფლიო ბანკის კვლევა: ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საჯარო სამსახურში: საქართველოს რეფორმების ქრონიკა", 2012 წლის 31 იანვარი, http://documents.worldbank.org/curated/en/2012/01/15647088/fighting-corruption-public-services-chronicling-georgias-reforms
[2] იქვე.
[3] http://www.law-democracy.org/wp-content/uploads/2011/10/6QC-Report-Publication-version-September-2011.pdf
[4] http://www.venice.coe.int/site/dynamics/N_Country_ef.asp?C=40&L=E
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2004-2012 წლებში გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადააგზავნა
მართლმსაჯულების ხარვეზების დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ ვენეციის კომისიასა და ევროსაბჭოს ორ ექსპერტს დასკვნისათვის გადაუგზავნა.
კანონპროექტის საბოლოო რედაქციის მიხედვით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისია ცხრა წევრისგან შედგება და სამი წლის ვადით იქმნება.
კომისიის უფლებამოსილება შეეხება 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კომისიაში საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება მისი პირველი ოფიციალური სხდომის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში.
კომისიას შეეძლება ის სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლოს, რომლებზეც მომჩივანს ამოწურული აქვს სამივე სასამართლო ინსტანცია, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საქმეზე საპროცესო შეთანხმება იქნა დადებული. თუმცა, ამ საქმეებზე, მომჩივანმა კომისიას საკმარისი მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს იმის დასადასტურებლად, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულ იქნა მუქარის, მოტყუების ან ძალადობის შედეგად. ამასთან, კომისია მხოლოდ იმ საქმეებს შეისწავლის, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს ეხება, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულების საქმეები მაშინ გახდება კომისიის განსჯადი, თუ მომჩივანს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა დანიშნული და მან ის მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხადა. გარდა ამისა, საჩივარი დასაშვები იქნება თუ მომჩივანი პირველი ინსტანციის განაჩენის მომდევნო ინსტანციებში გასაჩივრებისას ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
სტრასბურგში ვიზიტისას იუსტიციის მინისტრსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ვენეციის კომისიამ მოცემულ კანონპროექტზე დასკვნა ივნისის ბოლომდე უნდა შეიმუშავოს. იუსტიციის სამინისტროს მიზანია, ივნისშივე შეიტანოს ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რათა სახელმწიფო კომისია საქმეების შესწავლას შემოდგომიდან შეუდგეს და მისი დასკვნების საფუძველზე უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა მოხდეს.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო
2013 წლის 18 მაისს იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი გაიმართა. ნოტარიუსობის მსურველებმა ტესტირება ზოგად უნარ- ჩვევებში გაიარეს.
გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები. პრეტედენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ტესტების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გამოცდების მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემათ და ისინი ნოტარიუსად მუშაობის უფლებას მოიპოვებენ.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს - უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს დარეგისტრირება16 მაისამდე შეეძლოთ. გამოცდის ჩაბარების სურვილი 69 კანდიდატმა გამოთქვა.
იუსტიციის მინისტრი ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა
17 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მათ და, განსაკუთრებით, იმ ნოტარიუსებს, რომლებიც მის ინიციატივას გამოეხმაურნენ და სანოტარო საქმიანობის დაწყება რეგიონებში გადაწყვიტეს.
„მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან მიზნად დავისახე, საქართველოს ყველა რეგიონს ყოლოდა ნოტარიუსი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო სანოტარო მომსახურება. ამჟამად კიდევ არის დარჩენილი რეგიონები, სადაც მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას ვერ იღებს. ამ რეგიონებსაც მალე ეყოლება ნოტარიუსი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ ნოტარიუსთა შორის აღარ იქნებიან ისეთები, რომლებიც ხელყოფენ პირად საკუთრებას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბოლო პერიოდში დანიშნული 20 ნოტარიუსიდან 9 რეგიონებში ახორციელებს სანოტარო საქმიანობას. 25 ოქტომბრის შემდეგ თიანეთის, თერჯოლას, წყალტუბოს, ქარელისა და ოზურგეთის მოსახლეობას პირველად ჰყავს ნოტარიუსები. ნოტარიუსი დაინიშნა ასევე დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ წეროვანში, ასევე, ბათუმთან, ხოფაში. პირადად იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს მაქსიმალურად შეეწყობათ ხელი სანოტარო საქმიანობაში.
საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 240 ნოტარიუსია. იუსტიციის სამინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 60 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი.






