სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ეფექტური და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმები ხორციელდება შემდეგი მიმართულებით:
- არასრულწლოვანთა დანაშაულის ეფექტური პრევენცია;
- საკანონმდებლობის ბაზის დახვეწა;
- პასუხისმგებლობისა და საპატიმრო სასჯელის ალტერნატივების შემუშავება და დანერგვა;
- კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია;
- არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება და მუდმივი გადამზადება;
- კვლევისა და ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერება, სტატისტიკის დახვეწა.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია
სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკის მნიშნვნელოვანი ნაწილია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია. გაცილებით ეფექტურია დანაშაულის თავიდან აცილება, ვიდრე მისი შედეგების გამოსწორებაზე შემდგომი ზრუნვა. რაც უფრო მეტ არასრულწლოვანს შევაჩერებთ დანაშაულის ჩადენამდე, რაც მეტ მათგანს განვარიდებთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას, მით მეტად შევამცირებთ დანაშაულის ჩადენის პოტენციურ რისკს.
განრიდება საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობით
განრიდება საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობით წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიულ მექანიზმს. ამ პროგრამის მიზანია არასრულწლოვანი ჩართოს იმ ზიანის ანაზღაურების პროცესში, რომელიც მისმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია, ასევე მოახდინოს მისი სოციალური რეაბილიტაცია და ხელი შეუწყოს მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა
2010 წლის ივლისში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, პროკურორს მიეცა დისკრეციული უფლებამოსილება არ განახორციელოს დევნა არასრულწლოვანის მიმართ გარკვეულ შემთხვევებში. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა შემუშავებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული განრიდების პროგრამები. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ერთ-ერთი მათგანია.
ჩემი უფროსი მეგობარი
პრევენციული პროგრამა „ჩემი უფროსი მეგობარი" იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ერთობლივად ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს მუშაობას ქცევითი და სხვა პრობლემების მქონე არასრულწლოვნებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ დადებითი გავლენა და სათანადო მხარდაჭერა. პროგრამას საფუძვლად უდევს მოხალისეობითი საწყისებზე უფროს მეგობარსა და არასრულწლოვანს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათ შორის მსგავსი პიროვნული თვისებების, ინტერესებისა თუ ჰობის გათვალისწინებით.
არჩევანი შენზეა
„არჩევანი შენზეა" ახალი პრევენციული პროექტია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭედით სამოქალაქო სექტორის მიერ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში წარმატებული ადამიანები ეწვევიან თავიანთ სკოლებს და გაესაუბებიან მოსწავლეებს. ახალგაზრდა თაობას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ხაზს გაუსვამენ თავიანთი წარმატების მიზეზებსა და ამ წარმატების მიღწევისათვის საჭირო თვისებებს.
ელექტრონული წიგნის (E-book) პროგრამა
ელექტრონული წიგნის პროგრამა საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობის ერთ-ერთი საინტერესო სახეა, რომელიც ხელმისაწვდომია თბილისში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანებისათვის. ეს პროგრამა ხორციელდება იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად.
განრიდება ცივი იარაღის ტარებისთვის
სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მალე დაიწყებს ახალ პროგრამას - განრიდება ცივი იარაღის ტარებისათვის. პროგრამა მიზნად ისახავს იმ არასრულწლოვნებთან მუშაობას, რომლებსაც ცივი იარაღის ტარებაში ედებათ ბრალი.
საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურორის კამპანია
„საზოგადოებრივი პროკურორის" პროექტის მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა, პროკურორის მიერ საზოგადოებრივი ინტერესებისა და პრობლემების გათვალისწინება, დანაშაულის პრევენცია, სამართაალდამცავი ორგანიოების ცნობიერების დონის ამაღლება.





