იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანია მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფა.
სწორედ, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში, ერთ სივრცეში აერთიანებს.
იუსტიციის სახლის ბრენდის ბუნება გულისხმობს არა მხოლოდ რამდენიმე დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის მექანიკურ გადატანას ერთ შენობაში, არამედ მომსახურებაზე ორიენტირებული ყველა სტრუქტურის იდეურ და სისტემურ გაერთიანებას. რაც ემყარება სერვისის წარმოებისა და მიწოდების ხელახალ გააზრებას - "უწყებათაშორის ერთი სარკმლის პრინციპს".
იუსტიციის სახლი არის საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრება. მასში დაცული ინფორმაცია მოქალაქეთა ცხოვრებას უფრო მარტივსა და სამართლიანს ხდის.
იუსტიციის სახლში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს:
- მიიღოს დაბადების, პირადობის, ქორწინების მოწმობა;
- დაამოწმოს დოკუმენტი აპოსტილით ან ლეგალიზაციის გზით;
- შეიტანოს განაცხადი მოქალაქეობის, ბინადრობის, ორდინალური ვიზის მიღების თაობაზე და სხვა...
- უძრავი, მოძრავი, არამატერიალური ქონების რეგისტრაცია (ქონებაზე საკუთრების, იპოთეკის, ქირავნობის, იჯარის, ლიზინგის, აღნაგობის, სერვიტუტის, უზუფრუქტის, გირავნობის და ა.შ. უფლებების რეგისტრაცია);
- ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა (ყადაღა,აკრძალვა) და საგადასახადო გირავნობა იპოთეკის რეგისტრაცია;
- ბიზნესის რეგისტრაცია;
- საკადასტრო მომსახურება (საკადასტრო გეგმა, საკადასტრო რუკა, ორთოფოტო და ა.შ.).
მომხმარებელს შეუძლია არქივში დაცული ცნობებიდან გამოითხოვოს:
- დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა;
- რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა;
- სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა;
- გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა;
ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვოს აღსრულება:
- ალიმენტის მისაღებად;
- გასესხებული თანხის უკან დასაბრუნებლად;
- უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის სამუშაოზე აღსადგენად და ა.შ.
იუსტიციის სახლში მისულ მომხმარებელს შესასვლელთან სერვისის კონსულტანტი ეგებება, რომელიც აკვალიანებს მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ და საჭიროებისამებრ ამისამართებს შესაბამის ოპერატორთან. აქ მომსახურების დარბაზი დაყოფილია 3 სივრცედ:
თვითმომსახურების სივრცე
თვითმომსახურების სივრცეში განთავსებული ავტომატიზირებული სისტემებისა და სენსორული მონიტორების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ამონაწერი ქონების ან ბიზნესის შესახებ, საკადასტრო რუკაზე მოიძიოს მისთვის საინტერესო მიწის ნაკვეთი თუ შენობა; გადაიღოს ბიომეტრული ფოტო პასპორტისთვის, გაანაღდოს თანხა ბანკომატიდან და ა.შ.
სწრაფი მომსახურების სივრცე
სწრაფი მომსახურების სივრცე გულისხმობს ყველა იმ სერვისის მიწოდებას, რომლის ხანგრძლივობა საშუალოდ 5 წუთს არ აღემატება. მაგალითად, აქ გაიცემა: მზა პასპორტი, პირადობის მოწმობა, აპოსტილით ან ლეგალიზაციის გზით დამოწმებული დოკუმენტი, სარეგისტრაციო გადაწყვეტილება თუ ამონაწერი უძრავ, მოძრავ, არამატერიალურ ქონებაზე. აგრეთვე, საკადასტრო გეგმის თუ რუკის ქაღალდის ვერსია და სხვა.
ხანგრძლივი მომსახურების სივრცე
ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში მომხმარებელს შეუძლია იმ სერვისის მიღება, რომლის განხორციელებაც 5 წუთზე მეტ დროს მოითხოვს. მსგავს სერვისებს მიეკუთვნება მაგ: პასპორტზე განაცხადის ჩაბარება; სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაცია; ქონებისა თუ ბიზნესის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ჩაბარება, არქივიდან გამოთხოვილი ბიოგრაფიული ხასიათის ცნობის მიღება და სხვა.
მომსახურების სივრცის მსგავსი დაყოფა მინიმუმამდე ამცირებს ხანგრძლივი და ქაოტური რიგის წარმოქმნის საშიშროებას. სერვისის მიღების მსურველთა თანმიმდევრობას კი სპეციალურად ინტეგრირებული რიგის მართვის სისტემა აწესრიგებს.
აქვე გათვალისწინებულია საბავშვო კუთხე, რაც საშუალებას აძლევს მშობელს მშვიდად მიიღოს სასურველი სერვისი, სანამ მისი პატარა ერთობა.
მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი - იუსტიციის სახლის სავიზიტო ბარათია. ეფექტური კომუნიკაციის, ხარისხიანი მომსახურების საკითხებში არაერთგზის დატრენინგებული თანამშრომლები მომხმარებლთა თავაზიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას უზრუნველყოფენ.
ამგვარად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ იუსტიციის სახლი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ის ადგილია, სადაც არალიმიტირებული, უწყვეტი ორმხრივი კომუნიკაციის პირობებში ხდება საჭირო სერვისებით უზრუნველყოფა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ არაერთ წარმატებით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმასა და ნოვატორულ პროექტს შორის, იუსტიციის სახლს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
2011 წელს იუსტიციის სახლები გაიხსნა ბათუმში (26 მაისი), რუსთავში (14 ივნისი), მესტიაში (13 სექტემბერი) და ქუთაისში (4 ოქტომბერი).
2012 წელს იუსტიციის სახლები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიხსნება - თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, ყვარელსა და მარნეულში, ბოლოს კი - თბილისში.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.
თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.
ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა
საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.
ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა. როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.
დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.
ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.















