ჩემი უფროსი მეგობარი
სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ეფექტური და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმები ხორციელდება შემდეგი მიმართულებით: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა; პროფესიონალების გადამზადება, სტატისტიკურ-საინფორმაციო სისტემის სრულყოფა და ა. შ
პროგრამის შესახებ:
2011 წლის იანვარში ამოქმედდა საქართველოს გაეროს ასოციაციისა (საგა) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროგრამა “ჩემი უფროსი მეგობარი”. პროგრამა მიზნად ისახავს იმუშაოს ისეთ მოზარდებთან, რომლებიც საჭიროებენ დამატებით პოზიტიურ ზეგავლენას თავიანთ ცხოვრებაში. ეს არის სტრუქტურული (წინასწარ დაგეგმილი) ურთიერთობა მოზარდსა და მის უფროს მეგობარს შორის, რომელიც წარმოიშობა მოხალისეობით საწყისებზე და რომელიც დაფუძნებულია საერთო ინტერესებზე, პიროვნულ მახასიათებლებზე და ხასიათზე. პროგრამის ფარგლებში, თორმეტი თვის მანძილზე უფროს მეგობარსა და არასრულწლოვანს შორის ყალიბდება პოზიტიური ურთიერთობა, რომელიც სურვილისამებრ შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს. პროგრამა მიზნად ისახავს არასრულწლოვან მოზარდებში დანაშაულის ჩადენის პრევენციას და მოზარდებში გავრცელებული სირთულეების მოგვარებაში ხელშეწყობას. უფროსი მეგობრის მოვალეობაა იყოს მისი მეგობრისთვის მისაბაძი მაგალითი, მოახდინოს არასრულწლოვანზე დადებითი ზეგავლენა, კერძოდ წაახალისოს უკეთესი აკადემიური მოსწრება, კითხვა, სპორტი და ჯანმრთელი ცხოვრების წესი., გააღვიოს მათში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და ხელი შეუწყოს მათ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში. უფროსი მეგობარი უზრუნველყოფს როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი აქტივობების ორგანიზებას.
შერჩევის პროცედურა:
საქართველოს გაეროს ასოციაცია იღებს აპლიკაციას (ონლაინ აპლიკაცია იხილეთ ამ ლინკზე _უმცროსი მეგობრის აპლიკაციის ლინკი) იმ ორგანიზაციისა თუ ოჯახისაგან, რომელიც ახდენს უმცროსი მეგობრის პროგრამაში გადამისამართებას. ნებისმიერ დაწესებულებას ან ოჯახს (მშობელი, კანონიერი მეურვე) აქვს შესაძლებლობა გადაამისამართოს არასრულწლოვანი “ჩემი უფროსი მეგობრის” პროგრამაში, თუ ის თვლის, რომ ეს კონკრეტული არასრულწლოვანი საჭიროებს ასეთი სახის ზეგავლენას.
აპლიკაციის მიღების შემდეგ, პროგრამა დაეკონტაქტება პოტენციური უმცროსი მეგობრის ოჯახს მონაწილეობის ინტერესის ნამდვილობის დასადგენად. არასრულწლოვნის ოჯახის თანხმობის შემთხვევაში ინიშნება გასაუბრების დღე. გასაუბრების შემდეგ, არასრულწლოვანი განთავსდება კანდიდატების სიაში და ელოდება მისთვის შესაფერისი უფროსი მეგობრის შერჩევას.
რაც შეეხება უფროსი მეგობრის შესარჩევ ეტაპს, აქაც იგივე პროცედურაა (იხილეთ უფროსი მეგობრის ონლაინ აპლიკაცია – უფროსი მეგობრის აპლიკაციის ლინკი), იმ განსხვავებით რომ აპლიკანტმა დამატებით უნდა წარადგინოს სამი რეკომენდაციის წერილი იმ ადამიანებისგან რომელიც ყველაზე კარგად იცნობენ მის პიროვნებას. ესენი შეიძლება იყვნენ მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები და სხვა. მას შემდეგ რაც პროგრამა განიხილავს აპლიკაციებსა და სამოტივაციო წერილებს, სურვილის მქონე მოხალისეებს, როგორც პოტენციურ უფროს მეგობრებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო შეხვედრა, რომელზეც მოხდება პროგრამის პრეზენტაცია. ნასამართლეობისა და კრიმინალური წარსულის შემოწმების შემდგომ, პროგრამა გასაუბრებას უნიჭნავს პოტენციურ უფროს მეგობარსაც. ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ, პროგრამა აფასებს რამდენად შესაფერისია მოცემული კანდიდატურა პროგრამის მიზნებისათვის და ხდება პოტენციური მეგობრის კანდიდატთა სიაში შეყვანა და მისთვის უმცროსი მეგობრის შერჩევა.
მას შემდეგ რაც მოხდება უფროსი და უმცროსი მეგობრების შერჩევა, ხდება მათი დამეგობრება. უმცროსი და უფროსი მეგობრის შერჩევა ხორციელდება მათი ინტერესების, ხასიათისა და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით. დამეგობრების დღეს იდება მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ უფროს და უმცროს მეგობართან ერთად, ამ უკანასკნელის მშობელი და პროგრამის წარმომადგენელი.
პროგრამის მონაწილეები/უფროსი და უმცროსი მეგობარი: პროგრამა ხელს უწყობს მსურველებს ისეთი მეგობრობის დაწყებაში, რომელიც ერთი მხრივ მოზარდზე, რომელიც განიცდის გარკვეულ სირთულეებს თავის ცხოვრებაში, მოახდენს დადებით ზეგავლენას და მეორეს მხრივ შანსს აძლევს უფროს მეგობარს, შეცვალოს თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება სასიკეთოდ.
1. უფროსი მეგობარი: უფროსი მეგობარი წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს, დადებით პერსონაჟს. იგი წარმატებულია თავის კარიერაში, არის ფინანსურად დამოუკიდებელი, ხასიათდება დადებითი პიროვნული თვისებებით, აქვს კომუნიკაციის კარგი უნარი (განსაკუთრებით ბავშვებთან), არის მხიარული და პოზიტიური ადამიანი.
2. უმცროსი მეგობარი: პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ის ბავშვები, რომლებიც ექცევიან 12-დან 17 წლის ასაკის ფარგლებში, განიცდიან სხვადასხვა სახის პრობლემებს და ესაჭიროებათ დამატებითი პოზიტიური ზეგავლენა თავიანთ ცხოვრებაში. პრობლემებში შესაძლებელია იგულისხმებოდეს სკოლაში განვითარებული პრობლემები, სკოლის ხშირი გაცდენები, პრობლემები ოჯახში, მათზე განხორციელებული ოჯახური ძალადობა, დაობლება, მშობლის სისხლისსამართლის პასუხისგებაში მიცემა, პრობლემები კანონთან, არალეგალურ ნივთიერებათა გამოყენება და სხვა სირთულეები, რომლებმაც შესაძლებელია ნეგატიურად იმოქმედონ არასრულწლოვნის მომავალ ცხოვრებაზე და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
პროგრამის მნიშვნელოვანი მონაწილეები ასევე არიან:
3. წყარო, რომელიც ახდენს უმცროსი მეგობრის გადამისამართებას: ნებისმიერ დაწესებულებას ან ოჯახს (მშობელი, კანონიერი მეურვე) აქვს შესაძლებლობა გადაამისამართოს არასრულწლოვანი “ჩემი უფროსი მეგობრის” პროგრამაში, თუ ის თვლის რომ ამ კონკრეტული არასრულწლოვნის ცხოვრებას დადებითად წაადგება პროგრამაში მონაწილეობა. რადგან მონაწილეთა რაოდენობა ამ ეტაპზე შეზღუდულია, პროგრამა დაინტერესებულია ისეთი მოზარდების შერჩევით, რომლებიც ნამდვილად და ყველაზე მეტად საჭიროებენ ასეთი სახის ზეგავლენას.
4. პარტნიორები, დონორები, მოხალისეები: ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები, რომლებიც ნებისმიერი სახით ხელს უწყობენ პროგრამას სრულყოფილად ფუნქციონირებას, ეს იქნება ფულადი შემოწირულობა თუ საკუთარი ბიზნესისა და სერვისის შეთავაზება პროგრამის მიზნების განსახორციელებლად. ადამიანები, რომლებიც პროგრამას ეხმარებიან სამოქალაქო საზოგადოების ჩართვაში, ავრცელებენ პროგრამის შესახებ ინფორმაციას და უზრუნველყოფენ ახალი მონაწილეების პროგრამაში ჩართვას, ორგანიზებას უწევენ პროგრამულ ღონისძიებებს და სხვა რაიმე მოქმედებით მხარს უჭერენ პროგრამა “ჩემი უფროსი მეგობრის” განხორციელებას და შემდგომ განვითარებას. ასეთი ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების მხარდაჭერა პროგრამისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა
საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.
ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა. როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.
დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.
ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.
უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში
21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.
აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.
„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.
მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.















