საზოგადოებრივი პროკურატურა
სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ეფექტური და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმები ხორციელდება შემდეგი მიმართულებით: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა; პროფესიონალების გადამზადება, სტატისტიკურ-საინფორმაციო სისტემის სრულყოფა და ა. შ
საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურა გულისხმობს მოქალაქეთა, სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების უშუალო თანამშრომლობას ადგილობრივ პრობლემათა გადაჭრისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების საკითხებში, დანაშაულისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენაში. საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა მოსახლეობასთან თანამშრომლობით და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების ზრდა.
საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტები საქართველოს პროკურატურის სისტემაში 2007 წლიდან მიმდინარეობს. ამჟამად, საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტები ხორციელდება პროკურატურის 15 რეგიონულ ოფისში - ქალაქ თბილისის ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონებში, თელავში, მცხეთაში, ახალციხეში, ზესტაფონში, გორში, ხაშურში, ქუთაისში, ბათუმში, საჩხერეში, ბოლნისსში, რუსთავში ოზურგეთსა და შუახევში. გრძელვადიანი პროექტები რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. მათ საფუძვლად უდევს მცხეთისა და თელავის საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტების წარმატებული გამოცდილება და ძალისხმევა.
მაგალითად, მცხეთის რაიონული პროკურატურის საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომდგენლებთან, საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის თემაზე, არა ერთი შეხვედრა-სემინარი, საკონსულტაციო საბჭო, სოციალური ღონისძიება გაიმართა. დიალოგის მიზანი მცხეთის რაიონისთვის დამახასიათებელ დანაშაულთან ბრძოლის ტრადიციულ გზებთან ერთად პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული მეთოდების შემუშავება გახლდათ. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო უწყებების და საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობასა და დანაშაულის პრევენციაზე და, პროკურატურის კოორდინაციით, გატარდა რომდენიმე ნოვაციური ღონისძიება. შედეგი: მცხეთის რაიონში დანაშაულის მკვეთრი შემცირება და პროკურატურის საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლება.
დანაშაულის პრევენციული მიდგომების მეშვეობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების, სკოლებში ვიზიტების, სოციალური ღონისძიებების, ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოსა და სხვა პროგრესული საშუალებების დახმარებით, პროკურატურის ადგილობრივი ოფისები უკეთ შეძლებენ უპასუხონ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. ამასთან, წინამდებარე ღონისძიებები ხელს უწყობს დანაშაულებრივი პრობლემების შემცირებას ალტერნატიული ზომების გამოყენებით, პროკურატურის სამსახურისა და ზოგადად სისხლის სამართლის სისტემის მიმართ ინფორმირებულობისა და ნდობის გაზრდას.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.
თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.
ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა
საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.
ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა. როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.
დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.
ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.















