ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური იუსტიციის სახლი თბილისში გაიხსნა

თარიღი: 21 სექტემბერი 2012

21 სექტემბერს, თბილისში, სანაპიროზე მსოფლიოში ყველაზე დიდი სერვისცენტრი - იუსტიციის სახლი გაიხსნა. ცნობილი იტალიელი  არქიტექტორის   მასიმილიანო ფუკსასის პროექტით შექმნილი თანამედროვე ნაგებობა, რომლის საერთო ფართობი 27.000 კვადტარული მეტრია, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგნიზაციების წევრები, ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოებისა და მისიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის უამრავი სტუმარი საქართველოში სპეციალურად  ჩამოვიდა.
თბილისის იუსტიციის სახლი სახელმწიფო სერვისების გამარტივებისა და მომხმარებლისთვის კომფორტულად მიწოდების კუთხით სრულიად ინოვაციური პროექტია. მის სივრცეში 300-ზე მეტი მომსახურებაა გაერთიანებული. საქართველოს მოქალაქეებს აქ ერთდროულად 400 ოპერატორი მოემსახურება, არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, სერვისცენტრი დღეში, საშუალოდ 15.0000 მომხმარებელს მოემსახურება.
ყველაზე ინოვაციური სერვისი, რომელსაც თბილისის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს შესთავაზებს, Just Drive  და Just Cafe-ა.

Just Drive-ის საშუალებით მომხმარებელს პასპორტის, დაბადების მოწმობისა და სხვა დოკუმენტების გატანა შენობაში შეუსვლელად, უფრო მეტიც, ავტომობილიდან გადაუსვლელად, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, Just Drive-ს ფანჯარასთან შეეძლება.

კიდევ ერთი სიახლე იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე მდებარე კაფის ორმაგი მომსახურებაა, სადაც მომხმარებელს,  ფინჯანი ყავის მირთმევის პარალელურად, შეეძლება ნებისმიერი განაცხადის შევსება იქ მყოფი ოპერატორის დახმარებით, რამდენიმე წუთში კი ის უკვე მზა დოკუმენტს მიიღებს. ამგვარი მომსახურება არცერთ სხვა ქვეყანაში არ არის და ის ქართული ნოვაციური ბრენდის ხარისხს კიდევ უფრო უნიკალურს გახდის.

თბილისის იუსტიციის სახლში დემო-ცენტრიც განთავსდება, რომელიც სერვისცენტრის სტუმრებს საქართველოს ისტორიის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. თბილისის იუსტიციის სახლში ასევე განთავსდება სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საჯარო რეესტრის ბექ-ოფისები, საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო,  თი-ბი-სი-ს,  ლიბერთის და  საქართველოს ბანკების ფილიალები.  

მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის სპეციალურად იუსტიციის სახლთან გადაადგილების გასამარტივებლად, მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადა მოეწყო, სერვისცენტრი აღიჭურვა ავტომანქანების სადგომით, რათა მომხმარებელს არ დასჭირდეს იუსტიციის სახლისაგან მოშორებით ტრანსპორტის გაჩერება. მოეწყო სკვერი, ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შეიცვალა სანაპიროს იერ-სახე.

თბილისის იუსტიციის სახლი 18 თვეში აშენდა. ინტერნაციონალურ მშენებლობაზე რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტები მუშაობენ და მათმა საერთო რაოდენობამ 2500-ს მიაღწია. მხოლოდ გადახურვით სამუშაოებზე დასაქმებულები იყვნენ იტალიელი, გერმანელი, თურქი, აზერბაიჯანელი, ჩინელი და ქართველი მშენებლები. ტექნოლოგიური სიახლეა მისი სახურავის ლითონის კონსტრუქცია, რომელიც  თურქეთში აეწყო. სამონტაჟო სამუშაოებისათვის კი სპეციალური პრაქტიკა 40-მდე ქართველმა შემდუღებელმა თურქეთის საწარმოში გაიარა.

ინოვაციურია იუსტიციის სახლის კონდიცირების სისტემაც. შენობაში ჰაერის ტემპერატურის რეგულაციისათვის, პირველად საქართველოში, მტკვრის წყალი იქნა გამოყენებული. სპეციალური გერმანული აპარატურა უზრუნველყოფს წყლის ამოტუმბვას, გაფილტვრას და კონდიცირების სიტემაში მის გაშვებას. ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიის „მწვანე პროექტის" გამოყენება შენობის შიდა ტემპერატურის რეგულირებისათვის იუსტიციის სახლში დანერგილი კიდევ ერთი სიახლეა.

თბილისის იუსტიციის სახლის სახით დედაქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეემატა.

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

თარიღი: 18 მაისი 2013

2013 წლის 18 მაისს  იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი გაიმართა. ნოტარიუსობის მსურველებმა ტესტირება ზოგად უნარ- ჩვევებში გაიარეს.

გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.  პრეტედენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს  პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.  

ტესტების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გამოცდების მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემათ და ისინი ნოტარიუსად მუშაობის  უფლებას მოიპოვებენ.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებში  მონაწილეობის მსურველებს - უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე  პირებს დარეგისტრირება16 მაისამდე შეეძლოთ. გამოცდის ჩაბარების სურვილი 69 კანდიდატმა გამოთქვა. 

იუსტიციის მინისტრი ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

თარიღი: 17 მაისი 2013

17 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი  ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მათ და, განსაკუთრებით, იმ ნოტარიუსებს, რომლებიც მის ინიციატივას გამოეხმაურნენ  და სანოტარო საქმიანობის დაწყება რეგიონებში გადაწყვიტეს.

„მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან მიზნად დავისახე, საქართველოს ყველა რეგიონს ყოლოდა ნოტარიუსი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო სანოტარო მომსახურება. ამჟამად კიდევ არის დარჩენილი რეგიონები, სადაც მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას ვერ იღებს. ამ რეგიონებსაც მალე ეყოლება ნოტარიუსი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ ნოტარიუსთა შორის აღარ იქნებიან ისეთები, რომლებიც ხელყოფენ პირად საკუთრებას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბოლო პერიოდში  დანიშნული 20 ნოტარიუსიდან 9 რეგიონებში ახორციელებს სანოტარო საქმიანობას. 25 ოქტომბრის შემდეგ თიანეთის, თერჯოლას, წყალტუბოს, ქარელისა და ოზურგეთის მოსახლეობას პირველად ჰყავს ნოტარიუსები. ნოტარიუსი დაინიშნა ასევე დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ წეროვანში, ასევე, ბათუმთან, ხოფაში. პირადად იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს მაქსიმალურად შეეწყობათ ხელი სანოტარო საქმიანობაში.

საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 240 ნოტარიუსია. იუსტიციის სამინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 60 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი.

იუსტიციის სამინისტროში სტუდენტების კვლევითი პრაქტიკა დასრულდა

თარიღი: 13 მაისი 2013

13 მაისს იუსტიციის სამინისტროში პრეზენტაცია - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ასპექტები" - გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები და პროექტ „კვლევითი პრაქტიკის" მონაწილე სტუდენტები - ახალგაზრდა სოციოლოგები და იურისტები, რომლებმაც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ექვსთვიანი პრაქტიკა გაიარეს.

პრეზენტაცია ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან მიხელიძემ გახსნა. მან სტუდენტებს პრაქტიკის დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათთვის პროფესიული ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

საკუთარი კვლევები წარმოადგინეს ილიაუნის, თავისუფალი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ახალგაზრდა იურისტებმა და სოციოლოგებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ნაფიცი  მსაჯულები, მათი შერჩევის წესი და ქართველი საზოგადოების განწყობები ამ ინსტიტუტის მიმართ; სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტიები მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების პროცესში; მოსამართლეთა კორპუსის ფორმირებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები; მედიის მონაწილეობის ფორმები სასამართლო განხილვის პროცესში; ინსტიტუციური შეზღუდვები მოსამართლეების თავისუფლებაზე -   კომენტარი გააკეთონ პოლიტიკურ მოვლენებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე; სასამართლო განხილვის მონაწილეთა ანონიმურობის უზრუნველყოფა; საქართველოში სასამართლო სისტემისადმი დამოკიდებულების კვლევის მეთოდოლოგია და სხვ.

პროექტი „კვლევითი პრაქტიკა" იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა გასულ წელს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული ყველა უნივერსიტეტის იურიდიული და სოციოლოგიური ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს შეეძლოთ. საუკეთესონი ტესტირებისა და გასაუბრების გზით შეირჩნენ.

ახალგაზრდა იურისტები და სოციოლოგები 6 თვის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მუშაობაში, მონაწილეობდნენ შეხვედრებსა და დისკუსიებში შესაბამისი სფეროს ექსპერტებსა და პრაქტიკოსებთან. თემების შერჩევის შემდეგ კი სტუდენტებმა

კვლევითი საქმიანობა ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების უშუალო ზედამხედველობითა და დახმარებით წარმართეს.

იუსტიციის სამინისტრომ წარმატებულ პრაქტიკანტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებს კვლევითი პრაქტიკისათვის კრედიტებიც მიენიჭათ.

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები