1 აგვისტოს ერთ წელი შესრულდა, რაც საქართველოში ID ბარათების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე ID ბარათის მიღების სურვილი სულ 424 464-მა მოქალაქემ გამოთქვა, მათ შორის 22 513 სტუდენტია.
გურჯაანის იუსტიციის სახლში, 1 აგვისტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა, ID ბარათების გაცემის ერთი წლის სტატისტიკა წარმოადგინა და ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღების მსურველ სამ ახალგაზრდას სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
გიორგი გაბრიელაშვილის თქმით, ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. დოკუმენტების გაცემის დროს მოქმედებს არაერთი შეღავათი: ID ბარათი უფასოდ გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001 არ აღემატება; სტუდენტებზე; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ საქართველოს მოქალაქეებზე; პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით.
ბარათის ფუნქციები: 2011 წლის 10 დეკემბრიდან მოქალაქეებს შეუძლიათ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორენოვანი ელექტრონული ID ბარათით გადაკვეთონ საზღვარი. ამ დოკუმენტის საშუალებით მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის იუსტიციის სახლის ვებგვერდზე (www.my.gov.ge) დათვალიერება, რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა და ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მიღება და სხვა.
ID ბარათი იგივე სტუდენტური ბარათია, რომლის გაცემაც 12 ივნისიდან დაიწყო. ბარათზე განთავსებულია ინფორმაცია სტუდენტის შესახებ, რის შემდგომაც სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ სხვადასხვა ფადაკლება როგორც, საჯარო ასევე კერძო სექტორისგან.
თუ სტუდენტი პირველად იღებს ბარათს, მასზე დოკუმენტი განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს უკვე აქვს ID ბარათი, იგი მიმართავს იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ბარათით, რომელზეც მოხდება სტუდენტის ინფორმაციის დატანა. ინფორმაცია ბარათზე განცხადების შეტანიდან შვიდი დღის ვადაში უფასოდ განთავსდება. ამ შემთხვევაში, სტუდენტის ID ბარათის გარეკანზე ვიზუალურად დატანებული იქნება სიტყვა „სტუდენტი".
სტუდენტებს სპეციალური შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა 1 ივლისიდან მიეცათ. ახალი პროექტის მიხედვით, მათთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა ფასდაკლება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სტუდენტები პასპორტის საფასურისგან თავისუფლდებიან - 5%-ით, ხოლო სამოქალაქო რეესტრის ყველა სხვა მომსახურების საფასურისგან თავისუფლდებიან 10%-ით.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.
თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.
ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა
საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.
ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა. როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.
დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.
ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.















