იუსტიციის სამინისტროში საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ გამოცდილების მისაღებად ევროპისა და ამერიკის 10 წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტი ჩამოვიდა. პრინსტონის, ემორის, ლაიდენის, ფრიბურგის, ნიუ იორკის, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტები საზაფხულო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სამინისტროს დეპარტამენტებში 1 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან.
კონკურსისა და ონლაინ ინტერვიუების საფუძველზე 50-მდე კონკურსანტიდან შეირჩა 10 ყველაზე მოტივირებული და საუკეთესო კანდიდატი. სტუდენტები ჩამოვიდნენ იმისათვის რათა ადგილზე გაეცნონ გატარებულ რეფორმებს და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ იუსტიციის სამინისტროში. სტაჟირების მსურველთა შორის განსაკუთრებით დიდია ინტერესი ანტიკორუფციული რეფორმის, კრიმინალთან ბრძოლის და სერვისების მიწოდების უნიკალური კონცეფციის - იუსტიციის სახლების მიმართ.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული აქტივობები, სტაჟიორებს ექნებათ საშუალება გაეცნონ არამარტო იუსტიციის სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, არამედ ეწვიონ სხვა სამთავრობო უწყებებსაც, მოისმინონ ლექციები, დაათვალიერონ საქართველოს კუთხეები და გაეცნონ ქართულ კულტურას. სტაჟირების დასასრულს სტუდენტები საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ სტატიებს მოამზადებენ.
საერთაშორისო სტუდენტების სტაჟირების პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება. სამომავლოდ იუსტიციის სამინისტრო პროგრამის ფარგლებში გეგმავს ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთანაც ითანამშრომლოს.
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.
უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში
21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.
აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.
„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.
მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები
გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.
შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.
პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია

















