''საქართველოდან - საქართველოში'' - იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ახალი პროექტი

თარიღი: 29 ივნისი 2012

იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთ ახალგაზრდულ პროექტს იწყებს. „საქართველოდან - საქართველოში" სტუდენტებისათვის  ონლაინ ლექციების შეთავაზებას გულისხმობს. პირველი ღონისძიება პროგრამის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროში დღეს, 29 ივნისს გაიმართა.

ლექციაზე დასწრების სურვილი 80-მა სტუდენტმა გამოთქვა. სპეციალური აპლიკაციის შევსების შემდეგ მათგან 20 ახალგაზრდა შეირჩა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებს ონლაინ ლექცია ლიანა ქარცივაძემ წაუკითხა. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრმა და პროფესორ ტიბორ ვარდის კვლევითმა ასისტენტმა საერთაშორისო  საარბიტრაჟო სამართლის კონკრეტული საკითხები განიხილა, ისაუბრა ასევე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საქმისწარმოების კონკრეტულ მაგალითებზე.

ლექციის დასასრულს ლ. ქარცივაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათ კონკრეტული პრაქტიკული რჩევებიც მისცა მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით.

პროექტი "საქართველოდან საქართველოში" მიზნად ისახავს უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწე ქართველ პროფესორთა დახმარებით ქართველი სტუდენტებისთვის სალექციო კურსის ჩატარებას, საზაფხულო ბანაკებისა და სკოლების მოწყობას; საქართველოში არსებული ახალგაზრდა კადრების გადამზადებას; ემიგრირებული პროფესიონალების დახმარებით ქართველი მკვლევარების საერთაშორისო პროფესიულ კონფერენციებში მონაწილეობას. ლექციები მომავლშიც გაგრძელდება და მას  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, შემოდგომიდან კი - თბილისის იუსტიციის სახლი უმაპინძლებს.

ლექციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს დარეგიტრირება შეუძლიათ მისამართზე: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?pli=1&formkey=dHNJRU5VN2ozZ1FJSWxxamtsX21nZkE6MQ#gid=0

 

უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 21 მაისი 2013

21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეც ჩაერთვნენ.

„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში -  „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.

მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები

თარიღი: 20 მაისი 2013

გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.

პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2004-2012 წლებში გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადააგზავნა

თარიღი: 20 მაისი 2013

მართლმსაჯულების ხარვეზების დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ ვენეციის კომისიასა და ევროსაბჭოს ორ ექსპერტს დასკვნისათვის გადაუგზავნა.

კანონპროექტის საბოლოო რედაქციის მიხედვით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისია ცხრა წევრისგან შედგება და სამი წლის ვადით იქმნება.

კომისიის უფლებამოსილება შეეხება 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კომისიაში საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება მისი პირველი ოფიციალური სხდომის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში.

კომისიას შეეძლება ის სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლოს, რომლებზეც მომჩივანს ამოწურული აქვს სამივე სასამართლო ინსტანცია, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საქმეზე საპროცესო შეთანხმება იქნა დადებული. თუმცა, ამ საქმეებზე, მომჩივანმა კომისიას საკმარისი მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს იმის დასადასტურებლად, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულ იქნა მუქარის, მოტყუების ან ძალადობის შედეგად. ამასთან, კომისია მხოლოდ იმ საქმეებს შეისწავლის, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს ეხება, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულების საქმეები მაშინ გახდება კომისიის განსჯადი, თუ მომჩივანს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა დანიშნული და მან ის მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხადა. გარდა ამისა, საჩივარი დასაშვები იქნება თუ მომჩივანი პირველი ინსტანციის განაჩენის მომდევნო ინსტანციებში გასაჩივრებისას ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

სტრასბურგში ვიზიტისას იუსტიციის მინისტრსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ვენეციის კომისიამ მოცემულ კანონპროექტზე დასკვნა ივნისის ბოლომდე უნდა შეიმუშავოს. იუსტიციის სამინისტროს მიზანია, ივნისშივე შეიტანოს ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რათა სახელმწიფო კომისია საქმეების შესწავლას შემოდგომიდან შეუდგეს და მისი დასკვნების საფუძველზე უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა მოხდეს.

კანონპროექტი

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16
19 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები