სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებულ ნომინაციაში გაეროს ჯილდო იუსტიციის სახლს გადაეცა
25 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში სახელმწიფო სერვისების კუთხით განხორციელებული რეფორმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებული სპეციალური ჯილდო წელს იუსტიციის სახლს გადაეცა. იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას მინისტრის პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი ხელმძღვანელობს.
იუსტიციის სახლმა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო აღიარება სახელმწიფოს მიერ საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით მოიპოვა. გაეროს ჯილდოს ფარგლებში რამდენიმე ნომინაციაა წარმოდგენილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ნომინაციაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ახალ ბრენდს გადაეცა. საქართველო პირველი ქვეყანაა არამარტო რეგიონში, არამედ - მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეში, რომლის პროექტმაც ასეთი აღიარება მოიპოვა. ეს ჯილდო ამ დრომდე არ მიუღია დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანას. სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებული ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა წლებში აშშ, კანადა, იაპონია, გერმანია, შვედეთი, ჰოლანდია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები იყვნენ.
დაჯილდოების ცერემონიალის გარდა, ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს გაეროს ყოველწლიურ ფორუმში და სამუშაო შეხვედრებში, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყენის წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. დელეგაციები მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება, კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობა, ელექტრონული მმართველობა. ფორუმის დასასრულს, გაიმართება მინისტერიალი, რომლის მსვლელობისას გამარჯვებული ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელები ისაუბრებენ მათ ქვეყნებში დაგეგმილ რეფორმებსა და კონკრეტულ ღონისძიებებზე. ორდღიანი მუშაობის დასასრულს, მინისტერიალი ერთობლივ კომუნიკეს მიიღებს.
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, ასევე სხვა უწყებების სერვისები არა მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. სასიამოვნო და კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური, კეთილგანწყობილი პერსონალი მომხმარებელთა თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს. იუსტიციის სახლის კონცეფცია ქართული ნოვაციაა, ამდენად, მის მიმართ ინტერესი დიდია, ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლებმა - ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მესტიაში, ოზურგეთსა და გურჯაანში ათასამდე უცხოურ დელეგაციას უმასპინძლეს.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.
თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.
ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა
საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.
ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა. როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.
დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.
ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.




















