ატესტატების გაცემა დაიწყო

თარიღი: 19 ივნისი 2012

იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში  ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების  გაცემა  დაიწყო. რუსთავის იუსტიციის სახლში დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ №4 საჯარო სკოლის რამდენიმე კურსდამთავრებულს ატესტატები პირადად გადასცეს.

სკოლის კურსდამთავრებულმა ატესტატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დოკუმენტი უფასოდ გაიცემა განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, მოქმედებს დაჩქარებული მომსახურების სერვისიც და ატესტატის მიღება შესაძლებელია  განცხადების წარდგენის დღიდან მე-5, მე-3, მე-2 და იმავე სამუშაო დღესაც.

ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს განეკუთვნება სრული ზოგადი განათლების ატესტატი, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი:

  •  სრული ზოგადი განათლების ატესტატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს      დაამთავრებს და  გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებს;
  • საბაზო ზოგადი განათლების ატესტატს იღებს პირი, რომელიც  9 კლასს დაამთავრებს;
  • ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატს მიიღებს პირი, რომელიც  12 კლასს დაამთავრებს, მაგრამ ვერ ჩააბარებს ან, მონაწილეობას არ მიიღებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.

იუსტიციის სახლები და სააგენტოები ატესტატებისა და სერტიფიკატების გაცემას   მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე უზრუნველყოფენ.  მონაცემთა ელექტრონულ ბაზას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო სისტემა შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს.

იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში   მოხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების დუბლიკატების გაცემაც.

 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება

თარიღი: 24 მაისი 2013

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.

თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.

ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

ღონისძიების პროგრამა

ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა

თარიღი: 24 მაისი 2013

საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.

ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა.  როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.

დელეგაციამ  უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან,  ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.

ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16
19 22 23 25
26 27 28 29 30 31  

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები