გურჯაანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
დღეიდან ერთ სივრცეში გაერთიანებული გამარტივებული სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა კახეთის რეგიონის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ - 2012 წლის 12 ივნისს, გურჯაანში იუსტიციის სახლი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანელებს მათ ქალაქში იუსტიციის სახლის გახსნა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა ქართულ რეფორმებზე ისაუბრა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული პროექტად იუსტიციის სამინისტროს ბრენდი - იუსტიციის სახლები დაასახელა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ სტუდენტებს სტუდენტური ფასდაკლების ბარათები გადასცა. სტუდენტური ბარათები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ოფისებში 11 ივნისიდან გაიცემა.
ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ზეიმი კონცერტით გაგრძელდა - იუსტიციის სახლის გახსნა გურჯაანელებს ზუმბამ მიულოცა.
გურჯაანის იუსტიციის სახლის მომხმარებლები სერვისცენტრში ყველა იმ მომსახურებას, 250-მდე სერვისს მიიღებენ, რომელსაც იუსტიციის სახლები აერთიანებს. აქვე იმუშავებს იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი - ლიდერთა სახლიც. სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სამოქალაქო აქტივობის ზრდისათვის ახალგაზრდა ლიდერები მოსწავლეებს საინტერესო და მარავლფეროვან აქტივობებს იუსტიციის სახლის სივრცეში შესთავაზებენ. გურჯაანელი მოსწავლეებისთვის მოეწყობა სპორტული და შემეცნებითი შეჯიბრებები, კინოჩვენებები, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები. იუსტიციის სახლი მასპინძლობას გაუწევს მრავალ საინტერესო ღონისძიებას.
გურჯაანის იუსტიციის სახლის პროექტი ქართველ არქიტექტორს ირაკლი შარაშიძეს ეკუთვნის. მისი მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და ათ თვეში დასრულდა. შენობა სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან.
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისები არა მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი მომხმარებელთა თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.
საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი 2011 წლის 26 მაისს, ბათუმში გაიხსნა და ის თანამედროვე საქართველოს რეფორმებისა და აღმშენებლობის სიმბოლოდ იქცა. იუსტიციის სახლის გამარტივებული სერვისებით სარგებლობა ბათუმში, რუსთავში, მესტიაში, ქუთაისსა და ოზურგეთშიც არის შესაძლებელი, დღეიდან კი მათ რიცხვს გურჯაანიც შეემატა. 2012 წლის ბოლომდე იუსტიციის სახლები ახალციხეში, თელავში, გორში, მარნეულსა და თბილისში გაიხსნება.
ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლები ათასამდე უცხოურმა დელეგაციამ დაათვალიერა. სულ რამდენიმე დღის წინ კი, აშშ სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტისას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება წარმატებული ქართული რეფორმა სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს - ამ პროცესში საქართველოს პარტნიორობას ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევს.
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.
უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში
21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.
აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.
„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.
მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები
გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.
შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.
პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია

















